ახალი ამბები

„გუშინაც გითხარით, დაიოკეთ ნერვები“ – პარლამენტის სხდომა ისევ ხმაურით გაიხსნა

2 ნოემბერი, 2023 • 1227
„გუშინაც გითხარით, დაიოკეთ ნერვები“ –  პარლამენტის სხდომა ისევ ხმაურით გაიხსნა

დღეს, 2 ნოემბერს, პარლამენტის პლენარული სხდომა ისევ ხმაურით გაიხსნა. დაპირისპირების მიზეზი კვლავ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი იყო, რასაც ორი დღეა ოპოზიცია ითხოვს.

ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ცდილობდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და მიკროფონს წინადადების დაწყებისთანავე უთიშავდა და ეუბნებოდა, რომ მათი განცხადებები „პროცედურას არ ეხება“.

ორი დღის წინ, როცა „ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, შალვა პაპუაშვილმა არც ის მიუთითა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ, უფრო მეტიც, მათ რეგლამენტით გათვალისწინებული დრო დაუმატა სასაუბროდ.

ერთ-ერთი დეპუტატი, ვისაც დღეს მიკროფონი არ ჩაურთეს, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო. მას ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნის დროს პარლამენტში დაპირისპირება გუშინაც მოუვიდა და საბოლოოდ დარბაზიც დაატოვებინეს. ანალოგიური შემთხვევა განმეორდა დღესაც.

„ბატონო ალეკო, გუშინაც გითხარით, დაიოკეთ ნერვები. გუშინ პასუხი ყველამ მიიღო და არ არის საჭირო ზედმეტი ემოციები“, – მიმართა პაპუაშვილმა ელისაშვილს.

თავის მხრივ, ელისაშვილმა ირაკლი ბერაიას ისევ გადადგომისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ „სამარცხვინო კაცია“.

პაპუაშვილმა ელისაშვილს მიკროფონის გარეშე საუბრის გამო შენიშვნა მისცა და მანდატურების დახმარებით დარბაზიდან გააძევა.

დარბაზის დატოვებისას შელაპარაკება ალეკო ელისაშვილსა და უმრავლესობის წევრ დაჩი ბერაიას შორისაც მოხდა.


31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.

ოპოზიციის წევრები ითხოვენ, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს. თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ირაკლი ბერაია არ გადადგება.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი