რას ნიშნავს დიპლომატიურ ენაზე ფრაზა „გაოგნებული ვარ“ მაშინ, როცა საქმე რუსეთთან მოლაპარაკებებს ეხება და რატომ იქცა ზურაბაშვილისა და გალუზინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის პირველად მოსკოვიდან გავრცელება კომუნიკაციურ მარცხად? – ამ და სხვა საკითხებს “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში აფასებს მეგი ბენია, ყოფილი დიპლომატი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სპეციალისტი. ინტერვიუში ვსაუბრობთ იმაზეც, თუ როგორ ირევა სახელმწიფო და პარტიული ინტერესები საგარეო პოლიტიკაში და რატომ ვერ მოიტანა მოსკოვთან პირდაპირმა დიალოგმა სასურველი შედეგი.
პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ, შეაფასოთ სიტყვები, რომელიც გიორგი ზურაბაშვილმა გამოიყენა, რომ არის “გაოგნებული და გაოცებული” რუსეთის პოზიციებით… როგორ ითარგმნება ეს სიტყვები დიპლომატიური ენიდან რეალურ სალაპარაკო ენაზე?
დიპლომატიური ენიდან ეს, პირველ რიგში, არაკომპეტენტურობასა და მოუმზადებლობაზე მიუთითებს. მით უმეტეს, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება.

რუსეთთან მოლაპარაკებები არ არის პროცესი, რომელშიც მეორე მხარის პოზიციები შეხვედრის დროს უნდა აღმოაჩინო და შემდეგ გაოცებული დარჩე. რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, მოლაპარაკებების ტაქტიკა და დიპლომატიური ინსტრუმენტები საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. რუსული დიპლომატია ინსტიტუციურად და პროფესიულად ძალიან კარგად არის მომზადებული.
შესაბამისად, თუ ქართველი მომლაპარაკებელი შეხვედრიდან გამოდის განცდით, რომ რუსეთის პოზიციებმა გააოგნა, ეს უკვე სერიოზულ კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად იყო განსაზღვრული შეხვედრის მიზნები, რამდენად კარგად იცნობდა ქართული მხარე რუსეთის მოლაპარაკების სტრატეგიას და რამდენად მომზადებული იყო დელეგაცია.
დიპლომატია არ არის მხოლოდ შეხვედრაზე მისვლა, საუბარი და შემდეგ განცხადებების გაკეთება. დიპლომატია არის წინასწარი ანალიზი, სცენარების შეფასება, მოწინააღმდეგის ინტერესებისა და შესაძლო ნაბიჯების პროგნოზირება და, რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა. რუსეთთან ურთიერთობაში კი ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მეორე მხარე მოლაპარაკებებს ძალაუფლებისა და ზეწოლის ინსტრუმენტადაც იყენებს.
ზურაბაშვილის განცხადებას წინ უძღოდა მინსკიდან და მოსკოვიდან გაკეთებული შეფასებები, რომლებიც დადებითად უყურებდნენ ამ შეხვედრას და მის შედეგებს და მეტიც, გამოთქვამდნენ მოლოდინს, რომ შემდეგი რაუნდები უკვე შესაძლოა თბილისსა და მოსკოვშიც კი გაგრძელებულიყო. როგორ ფიქრობთ, ზურაბაშვილის ეს განცხადება, კავშირშია მოსკოვის და მინსკის შეფასებებთან?
სავარაუდოდ, კავშირი არსებობს და ეს რამდენიმე გარემოებით დასტურდება.
პირველ რიგში, საყურადღებოა თავად კომუნიკაციის თანმიმდევრობა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსული მხრიდან გავრცელდა და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა განცხადება ქართულმა მხარემ. ეს უკვე აჩენს კითხვას, რამდენად აკონტროლებდა ქართული მხარე საკუთარი დიპლომატიური პროცესის საჯარო კომუნიკაციას.
მეორე საკითხია ის, რომ მოსკოვისა და მინსკის მხრიდან შეხვედრის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენა და მომდევნო შეხვედრების თბილისსა და მოსკოვში გაგრძელების შესაძლებლობის გახმოვანება გარკვეულ პოლიტიკურ გზავნილს შეიცავდა. რუსეთი ცდილობდა, ამ შეხვედრისთვის მიენიჭებინა უფრო ფართო მნიშვნელობა, ვიდრე უბრალოდ ერთი სამუშაო კონტაქტი.
ამ ფონზე ზურაბაშვილის განცხადება, რომ რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და რომ შეხვედრას არ ჰქონია ის შედეგები, რასაც შესაძლოა ელოდნენ, შეიძლება აღვიქვათ მცდელობად, შეემცირებინათ რუსული მხარის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოლოდინები და გარკვეულწილად გაეკონტროლებინათ შიდა საინფორმაციო სივრცეში შეხვედრის აღქმა.
თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ როდესაც ქვეყნის დიპლომატიური პროცესის შესახებ საზოგადოება პირველად მეორე მხარისგან იგებს, ეს უკვე თავისთავად პოლიტიკური და კომუნიკაციური მარცხია. სახელმწიფომ თავად უნდა განსაზღვროს, რას, როდის და რა ფორმით აცნობს საზოგადოებას საკუთარი საგარეო ურთიერთობების შესახებ და არა რეაგირებდეს მეორე მხარის მიერ შექმნილ დღის წესრიგზე.
ზურაბაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვის ზოგიერთი მოთხოვნა ისეთია, წყალს ასხამს ოპოზიციის წისქვილზე საქართველოშიო. ანუ გაჩნდა აღქმა, რომ ის საუბრობდა არა იმაზე საქართველოს ინტერესი რა არის, არამედ “ქართული ოცნებისთვის” რა არის სასარგებლო და რა – არა. თქვენც ასე დაინახეთ ეს ამბავი?
დიახ, ეს განცხადების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილია. ფაქტობრივად, ამ ფრაზით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ხშირად ერთმანეთისგან ვერ ან არ მიჯნავს სახელმწიფო ინტერესებსა და საკუთარი პოლიტიკური ძალის ინტერესებს.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მოქმედი ხელისუფლებაა და ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი დიპლომატიური ნაბიჯი თუ შეთანხმება სწორედ მისი პასუხისმგებლობაა. ოპოზიციის პოლიტიკური პოზიცია ამ კონტექსტში საერთოდ არ უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმი.
თუ რუსეთის მოთხოვნა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ის მიუღებელი უნდა იყოს იმის მიუხედავად, გააძლიერებს თუ არა ეს ოპოზიციის პოლიტიკურ პოზიციებს. პირიქით, ხელისუფლების ვალდებულებაა, საზოგადოებას აუხსნას, რატომ არის კონკრეტული მოთხოვნა მიუღებელი და რა არის საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიცია.
განსაკუთრებით პრობლემურია ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ქართველი ხალხის დაკვეთა ნამდვილად არ ყოფილა რუსეთთან პირისპირ პოლიტიკური დიალოგის დაწყება, მით უმეტეს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატების გვერდის ავლით.
აქ მთავარი კითხვა უნდა იყოს არა ის, რას იტყვის ოპოზიცია ან როგორ გამოიყენებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა შეხვედრის შედეგებს, არამედ ის, რა სარგებელი მოაქვს ამ პროცესს საქართველოსთვის. სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა არ შეიძლება იყოს მორგებული მმართველი პარტიის შიდა პოლიტიკურ კომფორტს.
ის, რომ რუსეთი არათუ უკვე სანქცირებული ქართული კომპანიებისთვის აპირებს ამ შეზღუდვების მოხსნას, არამედ ახლებს ამატებს, როგორც ეს ზურაბაშვილს უთხრეს, რას გვეუბნება ამ ქვეყანაზე? “ოცნების” გადმოსახედიდან მათ ბევრი რამ დათმეს რუსეთისთვის, არ შეუერთდნენ სანქციებს, თითქმის დიპლომატიურ ურთიერთობამდე მიიყვანეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, აწიეს მოლაპარაკებების დონე, მანდატი და რანგი და ა.შ. და ამ დროს რუსეთი აქეთ უწებს სანქციებს ქართულ კომპანიებს, თხოვნის მიუხედავად არ უხსნის და აანონსებს სხვების სანქცირებასაც…
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაკვეთილი მათთვისაც, ვინც წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოსთვის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მოიტანდა.
მოდი, შევხედოთ ფაქტებს. მოქმედმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად შეარბილა კრიტიკული რიტორიკა რუსეთის მიმართ, არ შეუერთდა დასავლურ სანქციებს, განაახლა რუსეთში პატიმრების ექსტრადირების პრაქტიკა, გააღრმავა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა დონეზე გაააქტიურა პოლიტიკური კომუნიკაცია. ამ ყველაფრის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ პრაგმატული პოლიტიკა და პირდაპირი კომუნიკაცია კონფლიქტის რისკებს შეამცირებდა.
მაგრამ რას ვხედავთ რეალურად? რუსეთი არათუ არ აუქმებს ქართული კომპანიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, არამედ ახალი კომპანიების დამატებით სანქცირებასაც აანონსებს. ანუ საქართველოს მხრიდან გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკურ ქცევაში შესაბამის ცვლილებას არ იწვევს.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვი საქართველოს მიმართ პოლიტიკას არ განსაზღვრავს მხოლოდ იმით, რამდენად მეგობრულია თბილისიდან წამოსული რიტორიკა ან რამდენად მზად არის ქართული ხელისუფლება ცალმხრივი დათმობებისთვის. რუსეთისთვის საქართველოს საკითხი უფრო ფართო გეოპოლიტიკური ინტერესების ნაწილია და ის უკავშირდება რეგიონში გავლენის შენარჩუნებას, საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანის შეზღუდვას და ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას.
აქედან გამომდინარე, პრობლემა ის არის, რომ ქართულმა ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკა ააგო დაშვებაზე, თითქოს ცალმხრივი დათმობებითა და ურთიერთობების ნორმალიზებით შესაძლებელი იქნებოდა რუსეთისგან კეთილგანწყობის მოპოვება. ეს სტრატეგიული შეცდომაა. რუსეთი დათმობას ხშირად არა კომპრომისის საფუძვლად, არამედ დამატებითი მოთხოვნების წამოყენების შესაძლებლობად აღიქვამს.
“ოცნების” მხარდამჭერების ნაწილში დიდი მოლოდინები არსებობდა რუსეთთან ერთი-ერთზე, პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. მათ რა დასკვნები უნდა გამოიტანონ ამ ამბიდან? პრინციპში ეს ხომ ზუსტად ის მოლაპარაკება იყო, რომელზეც ამდენი ხანია გვესმის, რომ “რუსეთს უნდა ველაპარაკოთ”. ჩამოვიდა მინსკიდან ის, რაც შეუკვეთეს?
პრინციპში, ეს ზუსტად ის შემთხვევაა, რომელზეც წლების განმავლობაში გვესმოდა მოწოდებები: რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთ, დასავლეთი ვერაფერს აკეთებს, პირდაპირი დიალოგი უკეთეს შედეგებს მოგვიტანს და ა.შ.
ახლა გვქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელთან, რომელსაც თან ახლდა საკმაოდ მაღალი პოლიტიკური მოლოდინები. და რა მივიღეთ? რუსეთის პოზიციების შეცვლის ნაცვლად, მივიღეთ ახალი მოთხოვნები, არსებული შეზღუდვების შენარჩუნება და ახალი სანქციების შესაძლებლობა.
ანუ ჩამოვიდა მინსკიდან ის, რაც შეუკვეთეს? არა. და ვერც ჩამოვიდოდა, რადგან პრობლემის არსი არასწორად არის გაგებული.
პირდაპირი დიალოგი თავისთავად არც წარმატებაა და არც წარუმატებლობა. მისი ეფექტიანობა უნდა შეფასდეს კონკრეტული შედეგებით: შეიცვალა თუ არა რუსეთის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? შემცირდა თუ არა ზეწოლა საქართველოზე? გაუმჯობესდა თუ არა საქართველოს უსაფრთხოების გარემო? მიიღეს თუ არა ქართულმა კომპანიებმა კონკრეტული ეკონომიკური სარგებელი? ამ კითხვებზე პასუხი ამ ეტაპზე დადებითი არ არის.
ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება ერთ-ერთი ყველაზე რთული დიპლომატიური პროცესია. რუსეთის მხარეს დგას პროფესიულად მომზადებული დიპლომატიური აპარატი, რომელსაც აქვს ხანგრძლივი გამოცდილება, ინსტიტუციური მეხსიერება და კარგად ჩამოყალიბებული მოლაპარაკების ტაქტიკა. ასეთ პირობებში შეხვედრაზე მხოლოდ კეთილი განწყობით, პრაგმატიზმის ზოგადი ლოზუნგებითა და პოლიტიკური სურვილით მისვლა საკმარისი არ არის.
ამიტომ, ჩემი აზრით, ამ შეხვედრიდან ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ის უნდა იყოს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეებს უნდა ესმოდეთ: დიალოგი არ ნიშნავს რუსეთის პოზიციების შეცვლას და მით უმეტეს, არ ნიშნავს საქართველოს ინტერესების ავტომატურად გათვალისწინებას. თუ არ გაქვს მკაფიო სტრატეგია, მოლაპარაკების ბერკეტები და პროფესიულად მომზადებული გუნდი, პირდაპირი დიალოგი შესაძლოა არა პრობლემის გადაჭრის, არამედ რუსეთისთვის დამატებითი პოლიტიკური ლეგიტიმაციისა და ზეწოლის შესაძლებლობის მიცემის ინსტრუმენტად იქცეს.
და ბოლოს, საზოგადოებამ რა დასკვნები შეიძლება გააკეთოს ზურაბაშვილის იმ ციტატებიდან, სადაც ის ერთგვარი სიფრთხილით ხაზს უსვამს და თითქოს შიშობს, რომ “ქართულ ოცნებას” არ დაჰბრალდეს პრორუსული კურსი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საზოგადოებას ისევ აქვს ძალა ითამაშოს როლი მათ შორის იმაში როგორი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი?
ვფიქრობ, ეს განცხადებები საკმაოდ საინტერესოა, რადგან მათში ჩანს ხელისუფლების გარკვეული პოლიტიკური დისკომფორტი. თუ ხელისუფლება დარწმუნებული იქნებოდა, რომ მისი საგარეო პოლიტიკური კურსი საზოგადოებისთვის მისაღებია და მის მიმართ ნდობა არსებობს, მას არ დასჭირდებოდა ასეთი განსაკუთრებული ძალისხმევა იმის დასამტკიცებლად, რომ პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს.
სინამდვილეში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი განწყობები კვლავ მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხელისუფლება იძულებულია, მათ ანგარიში გაუწიოს. საქართველოს საზოგადოებაში დასავლური ინტეგრაციის მხარდაჭერა და რუსეთის მიმართ ისტორიული უნდობლობა საკმაოდ მყარ პოლიტიკურ საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას უჭირს საკუთარი ნაბიჯები რუსეთისკენ პოლიტიკური შემობრუნებად ღიად წარმოაჩინოს.
ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას უკვე აქვს საკმარისი ინსტრუმენტები ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაცვლელად. თუმცა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი განწყობა კვლავ ქმნის პოლიტიკურ ფასს, რომლის უგულებელყოფაც ხელისუფლებისთვის მარტივი არ არის.
ამიტომ საზოგადოებამ ამ შემთხვევიდან ორი დასკვნა უნდა გამოიტანოს: 1) რუსეთის მიმართ დათმობებზე დაფუძნებული პოლიტიკა არ იძლევა უსაფრთხოების, ეკონომიკური თუ პოლიტიკური გარანტიების მიღების შესაძლებლობას; 2) საზოგადოებრივ აზრს ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელობა და ხელისუფლებისთვის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება უმტკივნეულო პროცესი არ იქნება.
თუმცა მხოლოდ საზოგადოებრივი განწყობა საკმარისი არ არის. მას სჭირდება პოლიტიკური ორგანიზება, ინსტიტუციური მექანიზმები და თანმიმდევრული საზოგადოებრივი ზეწოლა, რათა საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი არა მხოლოდ კონსტიტუციაში, არამედ პრაქტიკაშიც იყოს დაცული.
