ახალი ამბები

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახით მონსტრი გვყავს“ — რა უნდა შეიცვალოს სასამართლოში

1 ნოემბერი, 2023 • 1035
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახით მონსტრი გვყავს“ — რა უნდა შეიცვალოს სასამართლოში

სასამართლოს აქვს სისტემური პრობლემა იუსტიციის საბჭოს განუსაზღვრელი ძალაუფლების სახით და მხოლოდ მცირე ცვლილებებს შედეგი არ აქვს — ეს არის ძირითადი მიგნება კვლევისა, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდმა“ და კვლევითმა ინსტიტუტმა „გნომონ ვაიზმა“ მოამზადეს.

კვლევის — “საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური რეკონსტრუქცია” — პრეზენტაცია თბილისში 31 ოქტომბერს გაიმართა. 

„გნომონ ვაიზმა“ კვლევა სწორედ „ღია საზოგადოების ფონდის“ დახმარებით ჩაატარა და აღწერს საქართველოში სასამართლო ხელისუფლების ძირეულ პრობლემებს. როგორც ავტორები აცხადებენ, კვლევის მიგნებები და სისტემის ინსტიტუციური რეკონსტრუქციის შემოთავაზებული კონცეფცია თანხვედრაშია საქართველოში სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნებთან.

ფონდისა და მკვლევრების თქმით, სამოქალაქო სექტორში უკვე არსებობს თანხმობა იმაზე, რომ სასამართლოს რეკონსტრუქციას არა „კოსმეტიკური რეფორმები“, არამედ რადიკალური, ინსტიტუციური რეფორმა ესაჭიროება.

„დღეს მოქმედ მოსამართლეებთან და მათ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, ვგულისხმობთ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს, მუდმივად ისმის კითხვები. თუმცა არ არის საკმარისი მხოლოდ მოსამართლეების თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე ვენეციის კომისიაც მიგვანიშნებს და ჩვენც ვსაუბრობდით წინა კვლევის ფარგლებში გასულ წელს.

მთავარი პრობლემა გვაქვს ინსტიტუციურ დონეზე. ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სასამართლოს ფუნქციონირებას, ერთი ორგანოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშია”, — გვეუბნება გიორგი ჩიტიძე, ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოსამართლის დანიშვნა, მისი კარიერული განვითარება, დაწინაურება, ხელფასის მომატება, დისციპლინური სასჯელის დაკისრება, გათავისუფლება.

„ადრე თუ ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი დირექტივები მოდიოდა სასამართლოში, ახლა უბრალოდ სასამართლოს შიგნით გავლენიანმა ჯგუფმა, ე.წ. კლანმა, თხუთმეტ ადამიანამდეა დაახლოებით, თვითონვე იციან, როგორ უნდა “გააკეთონ საქმე” და აქვთ ამის ფორმალური ბერკეტები. ტელეფონზე დარეკვა კი აღარ ხდება საჭირო, უკვე შიგნით გვარდება და ლაგდება. რამე თუ არ მოეწონათ რომელიღაც მოსამართლის იმიტომ, რომ მან ისეთი რამ გააკეთა, რაც არ აწყობს კლანს, ან ხელისუფლებას, ამ მოსამართლის დასჯა შეიძლება – მიავლენენ სადღაც  სხვა ქალაქში, მაგალითად, არ დააწინაურებენ, დააწერენ ასობით საქმეს და წნეხს გაუზრდიან მაშინ, როდესაც სხვა მოსამართლეს შეიძლება რამდენიმე ათეული საქმეც არ ჰქონდეს.

რიგითი მოსამართლისთვის პატრონები არიან ეს ადამიანები — სამოსამართლო ელიტა, ელიტის პატრონი კი არის ყოველთვის ხელისუფლება. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ისინი ამ პატრონს ყოველთვის გამოძებნიან”, — ამბობს ნეტგაზეთთან გიორგი ჩიტიძე.

„გნომონ ვაიზის“ წარმომადგენელი დავით ზედელაშვილი, კვლევის ხელმძღვანელი და თანაავტორია თამარ ქეცბაიასა და ანანო ჭიაბრიშვილთან ერთად. ის განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების ასეთი კონცენტრაცია ერთგვარი „ანომალიაა“ და მიუხედავად იმისა, რომ საბჭო ევროპულ მოდელად ითვლება, ევროპის არცერთ ქვეყანაში ასეთი ძლიერი საბჭო არ არსებობს. ზედელაშვილის თქმით, ეს განაპირობებს სასამართლო კლანის წარმოქმნას, მეორე მხრივ კი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, უმარტივებს სასამართლოს გარეთ პოლიტიკურ ძალაუფლების მქონე ჯგუფებს, მართონ სასამართლო. 

„სრულად დაკარგული აქვთ ინდივიდუალური ძალაუფლება და თავისუფლება სხვა რიგით მოსამართლეებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახით, ელიტის კონტროლქვეშ მყოფი იმდენად დიდი მონსტრი არის შექმნილი, რომ ჩვენ რეალურად გვყავს დაშინებული მოსამართლეები, რომლებიც უფრო კონფორმულები, უფრო მორჩილები არიან.

მათ აქვთ წარმოდგენა, რომ ამ სისტემაში ჰყავთ უფროსები, რომლებზეც არის დამოკიდებული მათი კარიერა. ინდივიდუალური მოსამართლე თუ არ გაძლიერდა, ჩვენ ვერ მივიღებთ დამოუკიდებელ სასამართლოს“, — ამბობს ნეტგაზეთთან დავით ზედელაშვილი.

როგორც „ღია საზოგადოების ფონდის“, ისე კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამოქალაქო სექტორში არსებობს თანხმობა მთავარი პრინციპების შესახებ: პრობლემის სათავეცა და გასაღებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში სრული ძალაუფლების თავმოყრაშია და პრობლემის მოსაგვარებლად, ამ კონცენტრირებული ძალაუფლების დასაშლელად, სისტემური რეფორმაა საჭირო. ხედვები კი, რა გზით შეიძლება ამ რეფორმის განხორციელება, შესაძლოა, განსხვავდებოდეს.

კვლევის და ავტორების მიერ შემოთავაზებული კონცეფცია ძალაუფლების დეცენტრალიზაციას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, ერთ ინსტიტუტში, საბჭოში არ უნდა იყოს თავმოყრილი კონტროლი ყველა საკვანძო ფუნქციაზე: მოსამართლეთა დანიშვნის, მათი კარიერის მართვისა და ანგარიშვალდებულების ჩათვლით.

კვლევის ავტორები აუცილებლად მიიჩნევენ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული უფლებამოსილების სხვა ინსტიტუტებზე გადანაწილებას. საბჭოსთვის ისეთი ადმინისტრაციული, საყოფაცხოვრებო ფუნქციების დატოვებას, რაც სასამართლოს მენეჯმენტს უკავშირდება. თუმცა აღნიშნავენ, რომ ხედვები და მოდელები ტექნიკური დეტალებია, რაზე მსჯელობა და შეჯერება ახლავე შესაძლებელია, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს ცვლილებების განსახორციელებლად.

„პრაქტიკაში ნაბიჯების გადასადგმელად უკვე პოლიტიკური ნება არის საჭირო, ეს ყველაფერი საკონსტიტუციო შესწორების და რადიკალური რეფორმის გარეშე ვერ განხორციელდება. რადიკალური იყო ის ყველაფერი, რაც აქამდე განხორციელდა ამ მონსტრის შესაქმნელად. მისი დაშლაც ასევე რადიკალურია.

იმდენად ძლიერია საბჭოს ძალაუფლება, რომ მათ საბოტაჟის მოწყობაც შეუძლიათ. მაგრამ არსებული რეჟიმი ვერ ხედავს ვერანაირ საჭიროებას იმისა, რომ ეს ფუნდამენტური რეფორმა ჩაატაროს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კავშირისგანაც და ვენეციის კომისიისგანაც არსებობს მითითება, რომ ფუნდამენტური რეფორმები აუცილებელია და კოსმეტიკურ რეფორმა აღარ არის მნიშვნელოვანი“, — ამბობს დავით ზედელაშვილი.

მკვლევრების თქმით, ოპოზიციაც არ არის შეჯერებული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დკავშირებით. მათი შეფასებით, ოპოზიციაშიც შეიმჩნევა სისტემური ხედვის ნაკლებობა, რადგან უფრო მარტივ რეცეპტებსა და მარტივი გადაწყვეტების პოვნაზე არიან ორიენტირებული, რაც პრობლემის მასშტაბურობისა და სიღრმის შეუსაბამო ან არასაკმარისია.

კვლევის პრეზენტაციას პოლიტიკური კლასი არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ ფონდისა და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები რთულ და ხანგრძლივ პროცესად აფასებენ  ფართო საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას სასამართლოს სრულფასოვან და რადიკალურ რეფორმასთან დაკავშირებით, მიიჩნევენ, რომ ამგვარი კონსენსუსის შემთხვევაში შეიძლება პრაქტიკაში რეალური ნაბიჯების გადადგმა.

„დამოუკიდებელი სასამართლო თითოეული მოქალაქის ინტერესშია. როცა მოქალაქე მიდის სასამართლოში, ის ნამდვილად დამოუკიდებელი უნდა იყოს და იქ დახვდეს მოსამართლე, რომელიც მიუკერძოებლად და მხოლოდ კანონის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას და არა რაიმე სხვა მოტივებით, რომ მაგალითად, შემდგომში დაწინაურდეს ან რამე სხვა პრივილეგია მიიღოს.

იქ უნდა ხვდებოდეს მოსამართლე, რომელიც მოქალაქის დავას არ გადაწყვეტს ისე, როგორც ეს აწყობს სასამართლოს შიგნით ამ გავლენიან ჯგუფს და სასამართლოს გარეთ რომელიმე მმართველ პოლიტიკურ ძალას, ვინც არ უნდა იყოს ეს პოლიტიკური ძალა“, — ეუბნება ნეტგაზეთს „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი გიორგი ჩიტიძე.

„ღია საზოგადოების ფონდი“ და „გნომონ ვაიზი“ იმ 50-ზე მეტ ორგანიზაციას შორის არიან, რომელთაც ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს აშშ-ის მიერ ყოფილი და მოქმედი ქართველი მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის დასანქცირების და ამ ფაქტზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების შესახებ, სადაც ხელისუფლება სანქცირებულ პირთა ინტერესების დაცვაში დაადანაშაულეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი