ახალი ამბები

იოსელიანი არ პასუხობს, არის თუ არა „კლანი“ მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულებისთვის

1 დეკემბერი, 2023 • 1105
იოსელიანი არ პასუხობს, არის თუ არა „კლანი“ მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულებისთვის

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

თუმცა ომბუდსმენი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა გამოწვევა ე.წ. „მოსამართლეების კლანი“ – ასე უწოდებენ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფს, რომელსაც სასამართლო სისტემის კონტროლში სდებენ ბრალს. “კლანის” სათავეში მოაზრებული და მათ შორის აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეები უარყოფენ ბრალდებებს.

დღეს, პირველ დეკემბერს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს იოსელიანს – რჩება თუ არა მთავარ გამოწვევად ე.წ. კლანი და კორუფცია? პასუხად ომბუდსმენმა განაცხადა:

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ანგარიშების კუთხით, მათში საუბარია იმ რეფორმების აუცილებლობაზე, რაც მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიდგას. ეს ბევრ ინსტიტიციურ საკითხს მოაგვარებს. მათ შორის იმ საკითხზე, რაზეც თქვენ ისაუბრეთ“.

ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ სცადეს, იოსელიანისთვის ე.წ. კლანზე ეკითხათ – მან ჯერ თქვა, რომ უკვე გასცა პასუხი ამ კითხვაზე, შემდეგ კი დაამატა:

„ამაზეც ვისაუბრე. სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ვმონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში, ვცდილობთ იმის ადვოკატირებას, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს, დემოკრატიულს, საერთაშორისო სტანდარტთან მიახლოებულს გახდის ქართულ მართლმსაჯულებას“.

ბოლო მცდელობისას, ე.წ. კლანზე მიეღოთ პასუხი, იოსელიანმა ჟურნალისტებს უთხრა: „გაგეცით მაგაზე პასუხი“.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს „მოსამართლეთა კლანი“. კლანის ლიდერებში ისინი მოიაზრებენ მოსამართლეებს — მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს. ორივე მათგანი სავიზო კუთხით სანქცირებულია აშშ-ს მხრიდან.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი