ახალი ამბები

არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა – წილოსანი თანაპარტიელი კაცის სექსისტურ განცხადებაზე

31 ოქტომბერი, 2023 • 1650
არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა – წილოსანი თანაპარტიელი კაცის სექსისტურ განცხადებაზე

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი თანაპარტიელი კაცის მხრიდან კოლეგა ქალის შეურაცხყოფასა და სექსისტურ კონტექსტში მოხსენიებას მიუღებელს უწოდებს.

“დღეს პოლიტიკურ განცხადებებში ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა”, – წერს წილოსანი სოცილურ ქსელში.

დღეს, 31 ოქტომბერს, ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.

ნინო წილოსანი არ აკონკრეტებს, რომელ ქალ დეპუტატს გულისხმობს თავის განცხადებაში.

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა. სექსისტური და ღირსების შემლახავი განცხადებები მან “ემოციურად გადაჭარბებულად” შეაფასა და იმ განცხადებების “სიმძიმით” ახსნა, რასაც ოპოზიციონერი კოლეგები მისი მისამართით ამბობენ.

აღსანიშნავია, რომ სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა არცერთ შემთხვევაში არ მიუთითა თანაპარტიელებს შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. უფრო მეტიც, ალუდა ღუდუშაურს რეგლამენტით გათვალისწინებული დრო დაუმატა სასაუბროდ. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას, რომლებიც მომხდარზე საუბრობდა, სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, “სამსჯავროზე არ ვართ”. მოგვიანებით, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პიროვნულ შეურაცხყოფებზე ყოველთვის აქვს რეაქცია და თიშავს მიკროფონს, მაგრამ ამ შემთხვევაში, “შეიძლება დააგვიანა”.

 

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი