რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინთან პირველ შეხვედრას 19 ნოემბერს, მინსკში გამართავს.
ეს ინფორმაცია სამთავრობო მედიას ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციამ მიაწოდა.
„რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 19 ნოემბერს ქალაქ მინსკში“, — თქვეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
მანამდე, აბაშიძე-კარასინის შეხვედრებად წოდებული, რუსეთთან არაფორმალური დიალოგის ადგილად პრაღა იყო განსაზღვრული.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი ვაკანტური იყო, თუმცა 21 ოქტომბერს კობახიძემ ამ თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა და მის ახალ ამოცანად „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც“ დაასახელა.
ეს თბილისის მხრიდან რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგის და მანდატის ზრდას ნიშნავს, რადგან ამ დრომდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმადგენელი მოსკოვთან არაფორმალურ დიალოგს სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობებზე აწარმოებდა, კონფლიქტის თემა კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განსახილველ საკითხად რჩებოდა.
რუსეთს, დიდი ხანია, სურს ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანა.
ჟენევის დისკუსიები VS პრაღის (შემდგომში მინსკის) ფორმატი
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. აღნიშნული დისკუსიების ფორმატი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთო-ს, ევროკავშირისა და გაერო-ს მხრიდან. დისკუსიებში ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი წამოიწყო, რომელიც საზოგადოებაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახელითაა ცნობილი, რამეთუ პრაღაში მიმდინარე შეხვედრებში ქართულ მხარეს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე წარმოადგენდა, რუსულს კი — გრიგორი კარასინი. ეს უკანასკნელი ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 2019 წლიდან კი — რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი.
აბაშიძის პრაღაში მივლინების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტებში განსახილველ საკითხებად, როგორც წესი, სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვა შესაძლო სფეროები იყო მითითებული.
ზურაბ აბაშიძე, ყოფილი ელჩი რუსეთში, 12 წლის განმავლობაში იკავებდა პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს და ე.წ. პრაღის ფორმატში პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გრიგორი კარასინთან. 2024 წელს ის ჩაანაცვლა გიორგი ქაჯაიამ, რომლის აქტივობებისა და რუსეთთან დიალოგის ფორმატის გაგრძელების შესახებ არაფერია ცნობილი.
მიმდინარე წლის აგვისტოში გაირკვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია — როგორც აღმოჩნდა, 2025 წლის დეკემბრიდან.
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე დანიშნა და მის ახალ ამოცანად „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც“ დაასახელა.
