ახალი ამბები

ირაკლი ბერაია სექსისტური და ღირსების შემლახავი განცხადებებისთვის ბოდიშს იხდის

31 ოქტომბერი, 2023 • 1603
ირაკლი ბერაია სექსისტური და ღირსების შემლახავი განცხადებებისთვის ბოდიშს იხდის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კოლეგის, დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადა. სექსისტური და ღირსების შემლახავი განცხადებები მან “ემოციურად გადაჭარბებულად” შეაფასა და იმ განცხადებების “სიმძიმით” ახსნა, რასაც ოპოზიციონერი კოლეგები მისი მისამართით ამბობენ.

“გულწრფელად ვაღიარებ, რომ ეს იყო ემოციურად გადაჭარბებული, თვითონ იმ განცხადებების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვისმენთ მუდმივად და, რა თქმა უნდა, გულწრფელად, ამის გამო მინდა ბოდიში მოვიხადო”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პლენარულ სხდომაზე ბერაიამ აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ბერაია გააღიზიანა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვებმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ.

მოგვიანებით, აქუბარდიამ კოლეგა ქალებთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ “სუს-ის მეთოდებით” ბრძოლას მაშინ იწყებს, როცა ისინი მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვების დასმას და პოზიციის დაფიქსირებას იწყებენ.

ამავე სხდომაზე შეურაცხმყოფელ და სექსისტურ კონტექსტში მოიხსენია კიდევ ერთი ქალი დეპუტატი, ანა წითლიძე, “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა.

აღსანიშნავია, რომ სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა არცერთ შემთხვევაში არ მიუთითა თანაპარტიელებს, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. უფრო მეტიც, ალუდა ღუდუშაურს რეგლამენტით გათვალისწინებული დრო დაუმატა სასაუბროდ. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას, რომლებიც მომხდარზე საუბრობდა, სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, “სამსჯავროზე არ ვართ”. მოგვიანებით პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პიროვნულ შეურაცხყოფებზე ყოველთვის აქვს რეაქცია და თიშავს მიკროფონს, მაგრამ ამ შემთხვევაში, “შეიძლება დააგვიანა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი