ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ანონიმური და მცირე აზერბაიჯანული ორგანიზაციების ფრთხილი ბრძოლა სისტემასთან

20 ოქტომბერი, 2023 • 2405
ანონიმური და მცირე აზერბაიჯანული ორგანიზაციების ფრთხილი ბრძოლა სისტემასთან

ავტორი: ნიკა მუსავი


ბრძოლა “მოუმწიფებელი ტვინებისთვის” – ომის შემდგომი ადგილობრივი ინიციატივები აზერბაიჯანში

ყარაბაღის მეორე ომი და ყველა თანმდევი მოვლენა აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების ნაწილისთვის უსიამოვნო, თუმცა სასარგებლო გამოსაფხიზლებელი აღმოჩნდა. 2020 წლის შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე ახალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ადგილობრივი ინიციატივა აღმოცენდა, რომლის ინიციატორებმაც მიიჩნიეს, რომ სწორედ ახლა, როდესაც ყველაფერი აზრს მოკლებულად და უპერსპექტივოდ გამოიყურება, დროა, საკუთარი სიმართლის დასაცავად იმოქმედონ.

მაგალითად, 2021 წელს ახალგაზრდა მარქსისტები, ანარქისტები და მემარცხენე რადიკალ – დემოკრატები “ინტელექტუალურ ომში”  ჩაერთვნენ და პლატფორმა Antidoqma [ანტიდოგმა] შექმნეს.

“ჩვენი მიზანია განმანათლებლობა, როგორც ბრძოლის მეთოდი ავტორიტარულ-კაპიტალისტური სისტემის ჰეგემონიასთან. ჩვენ ვწერთ და გვთარგმნით სტატიებს, ვამზადებთ პოდკასტებს და ვიღებთ ვიდეორგოლებს, ვათავსებთ უფასოდ წიგნებს აზერბაიჯანულ, რუსულ და თურქულ ენებზე”, – ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ჯგუფში  20-25 წლის ასაკის ათამდე ადამიანია. 

Antidoqma -ს წევრები მალავენ საკუთარ სახელებს, იყენებენ უცხო ქვეყნების სიმ ბარათებს, არ აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში პირად ინფორმაციას – ანუ ყველანაირად ცდილობენ არ იყვნენ საჯარო, რადგანაც მათი გამოქვეყნებული კონტენტის მნიშვნელოვანი ნაწილი მთიანი ყარაბაღის საკითხისადმი აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციებისა და მოქმედებების კრიტიკაა. 

“ანტიაზერბაიჯანული” პოსტების გამო სოციალურ ქსელებში მუდმივად გვემუქრებიან “ და კომენტარებში ნიშნავენ შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მათი ყურადღების ობიექტი გავხდეთ. შესაბამისად, გვირჩევნია, თავი დავიზღვიოთ”. 

ამ დრომდე ყველა მცდელობა, აზერბაიჯანში შექმნილიყო მეტ-ნაკლებად სრულყოფილი მემარცხენე ორგანიზაცია, წარუმატებელი აღმოჩნდა.

უკანასკნელი, შედარებით წარმატებული ექსპერიმენტი აღმოჩნდა ორგანიზაცია Solfront, რომელიც 2000 -იანი წლების ბოლოს შეიქმნა და მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება. თუმცა ყოველი ახალი ენთუზიასტი დარწმუნებულია, რომ გაითვალისწინებს სხვების შეცდომებს და თავად წარმატებული იქნება. ამ პრინციპით Antidoqma-ს წევრებიც შეცდომად მიიჩნევენ სხვა ორგანიზაციების “ენერგიის უაზროდ კარგვას მარგინალურ “აჯანყებებასა” და ბუნტზე”. 

“ძირითადი მიზანი არა სტიქიური ბუნტი, არა მოძრაობა მოძრაობისთვის, არა ტაქტიკისა და სტრატეგიის გარეშე პროტესტი, არამედ პასიონარული, რადიკალური ანტისისტემური სუბიექტების რაოდენობის გაზრდა და სერიოზული რადიკალური ავანგარდის შექმნაა. თუნდაც, დიდი დრო დასჭირდეს ამას”. 

ანონიმურობის დაცვას ცდილობენ  Feminist Peace Collective -ს მონაწილეებიც  – პირველი აზერბაიჯანული მემარცხენე ფემინისტური ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს გაჩნდა.

ორგანიზაციის წევრები საკუთარ საქმიანობას ახასიათებენ როგორც “დისკურსიულ ინტერვენციას” – ანუ ცდილობენ ალტერნატიული დისკურსის შექმნას, რომელიც მიმართულია, პირველ რიგში, იმ ახალგაზრდების სწავლებისკენ, “ვისაც ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური მსოფლმხედველობა”. 

“აზერბაიჯანში მემარცხენე დღის წესრიგი მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით რომ შემოფარგლულიყო, სათუოა, რომ ადამიანები შესაბამისად გაიგებდნენ მას. თუმცა ყველა სხვა შემადგენელი ამ დღის წესრიგისა – ფემინიზმი, ქვიარ უფლებები, ანტიმილიტარიზმი – საზოგადოებაში იწვევს გაუცხოებას. ამიტომაც, ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებთ, ესაა ჩვენი წვლილი მომავალში, ინვესტიცია მათში, პატრიარქატზე და ნაციონალიზმზე, ვისი “დაპროგრამებაც” ხელისუფლებამ და სოციუმმა ჯერ ვერ მოასწრო.

საკუთარი მსოფლმხვედველობით ახალგაზრდების აღზრდა განიზრახეს ასევე ლიბერალურად განწყობილმა ახალგაზრდებმა. დაახლოებით ერთი წლის წინ ლიბერალების წრემ განაცხადა, რომ მისი მისიაა, ახალგაზრდებისგან  “გაცნობიერებული, ტოლერანტული, აქტიური პიროვნებები” ჩამოაყალიბოს და შექმნას “ახალი მორალური სისტემა, რომელიც პროგრესულ ღირებულებებს მოემსახურება”.

“ლიბერალთა წრის” ერთ-ერთი ლიდერი, ნეიმათ აბბასოვი თავად მონაწილეობდა ყარაბაღის მეორე ომში და ერთადერთი ღონისძიება, რომელიც ორგანიზაციას ამ დრომდე გამართული აქვს ახალგაზრდა ლიტერატორთან სამედ შიხისთან ერთობლივად, მიუძღვნეს იმის განხილვას, “გამართლებულია თუ არა სამხედრო გზა კონფლიქტის გადასაჭრელად”. 

ეს საზოგადოებრივი დისკუსია 2023 წლის 15 აგვისტოს გაიმართა და იმაზე მეტი ხმაური გამოიწვია, ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ: პროსახელისუფლებო მედიამ მისი ყველა მონაწილე “მოღალატედ” შერაცხა და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მათ წინააღმდეგ კამპანიას მართავდა. 

მოგვიანებით, 20 სექტემბერს, ნეიმათ აბასსოვს 30 დღით ადმინისტრაცული პატიმრობა მიუსაჯეს “პოლიციისთვის წინაღმდეგობის გაწევის” ბრალდებით. თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი მისი პატიმრობისა იყო ყარაბაღში “ანტიტერორისტული ოპერაციის” წინააღმდეგ მისი ღია განაცხადი.

საზოგადოებრივი გაერთანება Artikl 54 ფორმალურად ასევე “ომის შემდეგ ინიციატივებს” მიეკუთვნება, ვინაიდან 2021 წელს, ყარაბაღის მოვლენებისგან დამოუკიდებლად შეიქმნა. 

გაერთიანების სახელწოდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 54-ე მუხლს ეძღვნება, რომელიც “მოქალაქეებს საზოგადობრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მომაწილეობის უფლების გარანტიას ანიჭებს”.

“ჩვენ ვსწავლობთ რეგიონის საჭიროებებს, ვიზიდავთ ადგილობრივ აქტვისტებს, ვატარებთ ტრენინგებს, ვეხმარებით იმ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნაში, რომლებიც, თავის მხრივ, მონაწილეობენ ლოკალური პრობლემების გადაწყვეტაში და თემების საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ძირითადად ესაა ეკოლოგიური, გენდერული, ინსფრასტრუქტურული სკითხები”, – ამბობს აბულფაზ გურბანლი, გაერთიანების თანადამფუძნებელი. ორგანიზაცია აზერბაიჯანის შვიდ ადმინისტრაციულ რაიონში მუშაობს. 

ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან Artikl 54-ს უშუალო კავშირი არ აქვს და ადგილობრივი აქტივისტებისთვის ინსტრუქციების გაცემითაა დაკავებული. ამასთან,  საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს იურიდიულ მხარდაჭერითაც ეხმარება.

აბულფაზ გურბანლის თქმით, ასეა თუ ისე, გაერთიანების წევრებისთვის გარკვეული “მოქნილობაა” საჭირო:

“ის პრობლემები, რაზეც ვმუშაობთ, შეუძლებელია ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე გადაიჭრას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა – არ გამოვიწვიოთ ისინი და ამავე დროს, ვაიძულოთ გავაკეთებინოთ საქმე. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანიზაციების უსაფრთხოებაზე” .


მასალების გადაბეჭდვის წესი