ახალი ამბები

“როგორ არ გეზარებათ ეს ამაო ჩალიჩი” – ტრენინგების გამო გამოკითხვაზე კიდევ ერთ ხელოვანი დაიბარეს

20 ოქტომბერი, 2023 • 1447
“როგორ არ გეზარებათ ეს ამაო ჩალიჩი” – ტრენინგების გამო გამოკითხვაზე კიდევ ერთ ხელოვანი დაიბარეს

USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებზე დასწრების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარა გამოკითხვაზე.

რეჟისორი გიორგი სავანელი, სხვების მსგავსად, უარს ამბობს სუს-ში მისვლაზე და ჩვენებას მაგისტრ მოსამართლეს მისცემს.

“ოი, “გასპაძინ” სუს, როგორ არ გეზარებათ მაინც ეს ამაო ჩალიჩი? არადა რამდენი რამაა ამ სახელმწიფოში გასაკონტროლებელი და რამდენი ანტისახელმწიფოებრივი ჩანერგილი მავნებელია გამოსავლენი, კრემლისტანის ინტერესების გავლენის შესამცირებლად მაინც … ხოლო თქვენ ჩემთან “პაემანი” გირჩევნიათ … მადლობელი ვარ, პატივად ჩავთვლიდი, რომ ვიცოდე მაინც, ოდნავ საინტერესო საუბარი მელოდება თქვენს გამოკითხვაზე”, – წერს სავანელი.

გიორგი სავანელის მსგავსად, სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს აღნიშნული ტრენინგების ტრენერები – სერბეთის სამი მოქალაქე, „კანვას საქართველოს“ დირექტორი, გიორგი მელაძე, ამავე ორგანიზაციის კონსულტანტი, ნინო გოგიბერიძე და ტრენინგის მონაწილეები, მათ შორის ფოტოგრაფი ვახო ქარელი,  ჯგუფ „ბულიონის“ წარმომადგენელი ნატალია ვაწაძე და ა.შ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ამის შესახებ 2 ოქტომბერს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი,  25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კანვას საქართველო“ სუს-ის განცხადებას ორგანიზაციის მიმართ ზეწოლად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი