გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა  საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ უპირობო მორჩილება გამოხატეს.

„დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ერთგულების ფიცის, „ბაიათის” ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები“, — აცხადებს სუსი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.