ახალი ამბები

პრეზიდენტმა ე.წ. კარვების კანონს ვეტო დაადო

17 ოქტომბერი, 2023 • 1238
პრეზიდენტმა ე.წ. კარვების კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო “შეკრებისა და მანიფესტაციებს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მკაცრდებოდა აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი.

“საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო “შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ, 18 ოქტომბერს, იგეგმება.


“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 5 ოქტომბერს, მესამე მოსმენით მიიღო. მოსმენის პარალელურად, აქტივისტებს პარლამენტთან კარვები ჰქონდათ გაშლილი.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილება ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.

6 ოქტომბერს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულ კანონს პარლამენტი პრეზიდენტს არ გადაუგზავნიდა. და  ძალაში დაუყოვნებლივ შევიდოდა. მალევე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ კობახიძემ იხუმრა. პრეზიდენტმა ამ განცხადებებს “არასერიოზული და ცინიკური” უწოდა და დააანონსა, რომ ვეტოს უფლებას აუცილებლად გამოიყენებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი