ახალი ამბები

პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვას პარლამენტი ხვალ გეგმავს

17 ოქტომბერი, 2023 • 1096
პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვას პარლამენტი ხვალ გეგმავს

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ, 18 ოქტომბერს, იგეგმება.  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 17 ოქტომბერს,  პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილს ოპოზიციის წევრებმა მიმართეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს იმპიჩმენტის ზუსტი თარიღი დაესახელებინა.

თავდაპირველად პაპუაშვილი აცხადებდა, რომ იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ხვალ ან ზეგ იგეგმებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მას ოპოზიციამ დაზუსტება მოთხოვა, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მისი წინადადება იქნებოდა, პარლამენტს იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ხვალ, 12 საათიდან დაეწყო.

„ხვალ, 12 საათზე გთხოვთ, რომ მობრძანდეთ და დავიწყებთ ამ პროცედურას [იმპიჩმენტის] საკითხის განხილვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობის სურვილი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.  პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტს ამის საშუალება მიეცემა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას ურჩია, რომ შენობის გარეთ დადგეს, მაშინ როცა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში 16 ოქტომბერს გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული  მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი