ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩის პოზიცია ე.წ. კარვების კანონზე

6 ოქტომბერი, 2023 • 764
ევროკავშირის ელჩის პოზიცია ე.წ. კარვების კანონზე

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ეხმაურება „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ახალი ცვლილებების შეტანას, რომელიც ეხება აქციებზე დროებითი კონსტრუქციის მოწყობას.

ელჩის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

„ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენის პოზიცია. შემიძლია გითხრათ, ევროკავშირი ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მხარს ვუჭერთ  გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. [„მთავარი არხის“ თარგმანი].

გუშინ, 5 ოქტომბერს, პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აღნინშულ ცვლილებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ, მმართველმა გუნდმა მათი აზრი არ გაითვალისწინა და ცვლილებები მაინც დაამტკიცა.

კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

აღნიშნული ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ. კანონის გამკაცრების მიზეზად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმებიან და მას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ. ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი