საზოგადოება

პარლამენტმა კარვების შეზღუდვაზე კანონი დაამტკიცა

5 ოქტომბერი, 2023 •
პარლამენტმა კარვების შეზღუდვაზე კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა. გუშინ, 4 ოქტომბერს კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, დღეს კი ორი მოსმენა გაიმართა

განხილვის პარალელურად დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის უკან კარვები დადგეს.

აღნიშნული ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.

ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;

ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;

იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.


კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმებიან და მას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ. ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი