ახალი ამბები

„ოცნება“ ე.წ. კარვების კანონს პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გაუგზავნის

6 ოქტომბერი, 2023 • 1883
„ოცნება“ ე.წ. კარვების კანონს პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გაუგზავნის

განახლება: „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იხუმრა  პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაცია „იმედმა“ დღეს, 6 ოქტომბერს, საღამოს გაავრცელა.

აღნიშნული ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

„გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყონებლივ შევა ძალაში“,  – განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნულ კანონზე ირაკლი კობახიძემ მედიასთან დღის პირველ ნახევარშიც ისაუბრა. რამდენიმე საათით ადრე კობახიძე ამბობდა, რომ „კანონი ვერ ამოქმედდება და შევა ძალაში იქამდე, ვიდრე მას ხელი არ მოეწერება პრეზიდენტის მხრიდან“.

„თუ [პრეზიდენტი] ხელს არ მოაწერს, ამ შემთხვევაში კანონი ბრუნდება უკან [პარლამენტში]. დაახლოებით 2 კვირა შეუძლია პრეზიდენტს ეს პროცედურა გაწელოს. 2 კვირა თუ არ მოაწერს, მერე ბრუნდება უკან და 1 თვეში შეეძლება პარლამენტს ვეტოს დაძლევა. იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის სრული ალიანსია, საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ მან კანონს ვეტო დაადოს… 1 თვეში შეგვიძლია ჩვენ, რომ გადავლახოთ ვეტო. ამის შემდეგ 5 დღეში კიდევ თუ არ მოაწერა ხელი, მერე პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და მერე თუ უნდათ, შეიძლება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წავიდეს სარჩელი“, – განაცხადა დღის პირველ ნახევარში [13:23 საათზე] ირაკლი კობახიძემ.


გუშინ, 5 ოქტომბერს, პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აღნინშულ ცვლილებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ, მმართველმა გუნდმა მათი აზრი არ გაითვალისწინა და ცვლილებები მაინც დაამტკიცა.

კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

აღნიშნული ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ. კანონის გამკაცრების მიზეზად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმებიან და მას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ. ისინი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი