ახალი ამბები

ეგვიპტემ გახსნა ღაზიდან ერთადერთი გასასვლელი პუნქტი, თუმცა მისი „მუშაობა შეუძლებელია“

12 ოქტომბერი, 2023 • 1873
ეგვიპტემ გახსნა ღაზიდან ერთადერთი გასასვლელი პუნქტი, თუმცა მისი „მუშაობა შეუძლებელია“

ეგვიპტის განცხადებით, რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, – ერთადერთი გასასვლელი ღაზის სექტორიდან, – ღიაა, თუმცა ისრაელის მიერ დაბომბვის გამო მისი მუშაობა გართულებულია. კაირო იერუსალიმს დაბომბვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, იუწყება „ბი-ბი-სი“.

დილით ეგვიპტემ  უარი თქვა რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაზე და მიზეზად სწორედ ისრაელის მხრიდან დაბომბვა დაასახელა. თუმცა, რაფაჰის პუნქტის გახსნის შემთხვევაშიც კი, ღაზის სექტორის დატოვება დღეში დაახლოებით 400 ადამიანს შეუძლია, აღნიშნავს BBC.

აქ გადასვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

„ალ-ჯაზირას“ ცნობით, ეგვიპტის საგარეო უწყება ადასტურებს, რომ პუნქტი ღიაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ისრაელის მხრიდან დაბომბვის გამო მისი მუშაობა შეუძლებელია.

ტელეარხთან საუბარში ღაზის მკვიდრი ვაელ აბუ მოჰსენი აცხადებს, რომ ისრაელი დაბომბვას წინასწარი გაფრთხილების გარეშე ახორციელებს.

„ვიტანჯებით რაფის მჭიდროდ დასახლებულ ლტოლვილთა ბანაკებში“, –აცხადებს იგი.

ისრაელმა ღაზა სრულ ბლოკადაში 7 ოქტომბრიდან მას შემდეგ მოაქცია, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა და განურჩევლად დაიწყო ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების ხოცვა.

ისრაელში მსხვერპლის რიცხვმა, 12 ოქტომბრის მონაცემებით, 1300-ს მიაღწია, 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო ავიაიერიშებს.

ისრაელმა ღაზას შეუწყვიტა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, საწვავისა და საკვების მიწოდება, რის გამოც იქ მცხოვრები 2.3 მილიონამდე ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

როგორც ღაზის სექტორში მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ღაზაში საავადმყოფოებს გენერატორებისთვის სულ რამდენიმე დღის სამყოფი საწვავი აქვთ. საწვავის სრულად ამოწურვის შემდეგ კი, შესაძლოა, „საავადმყოფოები მორგებად გადაიქცეს“. ასობით ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია სწორედ ისეთი სამედიცინო აპარატურის მუშაობაზე, რომლისთვისაც ელექტროენერგია აუცილებელია. საუბარია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ მცირეწლოვან ბავშვებზე, დიალიზზე მყოფ პაციენტებზე, დაბომბვებისას დაშავებულებზე და ა.შ.

ადგილობრივები საერთაშორისო მედიასაშუალებებს ეუბნებიან, რომ ღაზაში არ არის უსაფრთხო ადგილი, სადაც თავის შეფარებას შეძლებენ, არ არის დამბომბვისთვის გათვალისწინებული თავშესაფრები.

პარალელურად, თავად „ჰამასმა“, რომელიც ღაზას მართავს,  გაავრცელა პროპაგანდისტული ვიდეოები, სადაც ჩანს ტერორისტული ორგანიზაციის მიერ შექმნილი კეთილმოწყობილი, ელექტროენერგიით განათებული მიწისქვეშა გვირაბების ქსელი, სადაც იარაღის საწყობებია განთავსებული. ამ ვიდეობში ნაჩვენებია, თუ როგორ ბომბავენ ისრაელს სწორედ მსგავსი გვირაბებიდან.

ისრაელი ამბობს, რომ მისი მიზანი „ჰამასის“ სრული განადგურებაა, რათა სამომავლოდ ვერ მოახერხოს ისეთი თავდასხმა, როგორც ეს 7 ოქტომბერს გააკეთა.

ისრაელის ცნობით, ღაზის მოსაზღვრე დასახლებებში ამ დრომდე პოულობენ სასტიკად მოკლული ისრაელელბის ცხედრებს და ტერიტორიის სრულად შემოწმება ჯერ არ დასრულებულა.

ასევე, „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება ისრაელიდან გატაცებული 150 ადამიანამდე, რომელთა შორის არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები, შშმ პირები და სამხედროები. მათი ბედი ამ დროისთვის უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი