საზოგადოება

“ღია ციხე” — რა არის და როგორ ცხოვრობს ღაზის სექტორი

11 ოქტომბერი, 2023 • 6118
“ღია ციხე” — რა არის და როგორ ცხოვრობს ღაზის სექტორი

“თუ არსებობს ჯოჯოხეთი დედამიწაზე, ეს არის ბავშვების ცხოვრება ღაზაში”, — თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ჯერ კიდევ 2022 წელს.

7 ოქტომბრის შემდეგ, როცა “ჰამასმა” ისრაელს შეუტია, ამ უკანასკნელმა “ჰამასის” მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორში მორიგი, მასშტაბური საჰაერო ოპერაცია წამოიწყო.

მსხვერპლის რაოდენობამ ისრაელში 1 200-ს მიაღწია, ღაზაში კი 900-ს გადააჭარბა.

მხოლოდ 9 ოქტომბერს ღაზაში 300 ადამიანი ემსხვერპლა საჰაერო დარტყმებს. BBC-ის ჟურნალისტის, რუშდი აბუ ალუფი თქმით, ორშაბათის ღამე იყო ყველაზე მძიმე ბოლო 20 წლის განმავლობაში — ის სწორედ ამდენი წელია აშუქებს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებს.

ამ სტატიით მოკლედ გიამბობთ, რას წარმოადგენს ღაზის სექტორი, როგორ ცხოვრობენ იქ ადამიანები და რატომ უწოდებენ მას ზოგჯერ “ყველაზე დიდ ღია ციხეს მსოფლიოში”.

ღაზა ისტორიულ კონტექსტში

ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე იორდანემდე გადაჭიმული ტერიტორია, რომელსაც ეწოდებოდა “პალესტინა”, XX საუკუნის 10-იან წლებამდე ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა. ამავე ტერიტორიის ნაწილია ღაზა — ვიწრო სახმელეთო ზოლი, რომელიც ისრაელს, ეგვიპტესა და ხმელთაშუა ზღვას შორის არის მოქცეული.

1918 წელს ღაზა დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული ოსმალეთის იმპერიის დაშლის (1922) პირობებში კი, ღაზაც და მთელი დანარჩენი ტერიტორიაც სწორედ დიდი ბრიტანეთის მანდატის ქვეშ მოექცა.

იმ პერიოდში პალესტინა არაბული უმრავლესობითა და ებრაული უმცირესობით იყო დასახლებული.

მეორე მხრივ, XIX საუკუნის 90-იან წლებში ჩაისახა სიონიზმი — ებრაელთა მოძრაობა, რომელიც ქადაგებდა, რომ ებრაელები უნდა დაბრუნებულიყვნენ წინაპართა მიწაზე და შეექმნათ სახელმწიფო იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც ებრაელთათვის საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი, როგორც ისტორიული ისრაელის მიწა.

 ღაზა. ფოტო გადაღებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელი ფოტოგრაფის, ფრენსის ფრითის მიერ

მომდევნო ათწლეულებში პალესტინაში ებრაელთა იმიგრაცია მკვეთრად იზრდება, განსაკუთრებით — გერმანიაში ჰიტლერის აღზევებასთან და აღმ. ევროპაში ანტისემიტიზმის მომძლავრებასთან ერთად. ეტაპობრივად მზადდება ნიადაგი ებრაელთა სახელმწიფოსთვის, პარალელურად კი, მძლავრდება ადგილობრივი არაბების უკმაყოფილება.

1947 წელს გაერომ რეზოლუცია მიიღო პალესტინის გაყოფის შესახებ ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად.

რეზოლუციით, პალესტინის არეალის ნაწილი, მათ შორის, ღაზა და დასავლეთ სანაპიროს სახელით ცნობილი ტერიტორია, არაბულ სახელმწიფოში ექცეოდა. ებრაელებმა გეგმა მიიღეს, თუმცა არაბებმა უსამართლოდ მიიჩნიეს და იუარეს.

დაძაბულობის ფონზე, 1948 წლის 14 მაისს, გამოცხადდა ებრაული სახელმწიფო ისრაელის სახელწოდებით, თუმცა, იმ დროისთვის მკვეთრად დადგენილი საზღვრების გარეშე.

მეორე დღეს მას ომი გამოუცხადა ხუთმა არაბულმა ქვეყანამ, რომლის დროსაც ისრაელმა იმ ტერიტორიების ნაწილიც დაიკავა, რომელიც, გაეროს რეზოლუციით, არაბულ სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ამასთან, ღაზა მეზობელმა ეგვიპტემ დაიკავა, დასავლეთ სანაპირო კი — მეზობელმა იორდანიამ.

გაეროს მონაცემებით, იმ წელს ასობით ათასი პალესტინელი  იძულებით გადაადგილდა ან განიდევნა საკუთარი საცხოვრებლებიდან.

აღნიშნულს მოჰყვა 1967 წლის ე.წ. ექვსდღიანი ომი ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის, რომელშიც ეს უკანასკნელნი დამარცხდნენ, ისრაელმა კი ღაზაც დაიკავა და დასავლეთი სანაპიროც.

წყარო: BBC 

ისრაელის ოკუპაცია და ოსლოს შეთანხმება

ისრაელი ღაზას მომდევნო 38 წელი აკონტროლებდა და იქ 21 ებრაული ახალშენი ააშენა. ამ პროცესს თან ახლდა დაძაბულობა და პერიოდული ესკალაცია, მაგალითად, ე.წ. პირველი ინთიფადა — პალესტინელთა საპროტესტო გამოსვლებისა და ძალადობრივი შეტაკებების სერია ისრაელის მიერ ოკუპირებულ ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, ისევე როგორც სხვა ტერიტორიებზე, 1987-1993 წლებში.

მანამდე, 6-დღიან ომამდე მცირე ხნით ადრე,  “არაბული ქვეყნების ლიგის” ძალისხმევით უკვე დაფუძნებული იყო “პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია”(PLO), რომელიც ჯერ შეიარაღებული ბრძოლითა და ძალისმიერი აქტებით, შემდეგ კი მოლაპარაკებებით ცდილობდა მიზნის მიღწევას.

აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, “პალესტინის გათავისუფლების მოძრაობის” ლიდერი იასირ არაფატი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი ოსლოში, 1993 წლის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ფოტო: GARY HERSHORN/REUTERS

სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, 1993 წელს, შედგა ოსლოს შეთანხმება, რომლითაც PLO-მ აღიარა ისრაელის უფლება, ეარსება, როგორც სახელმწიფოს, იმ პირობით, თუ ისრაელის მხარე მას პალესტინელთა კანონიერ წარმომადგენლად აღიარებდა.

ასე შეიქმნა პალესტინის ადმინისტრაცია (PA), როგორც დროებითი ორგანო, რომლის კონტროლიც, შეთანხმების ფარგლებში, ისრაელის მიერ ოკუპირებული ღაზის და მის მიერვე ოკუპირებული დასავლეთი სანაპიროს ნაწილზე უნდა გავრცელებულიყო.

ისრაელმა, შიდა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, მხოლოდ 2005 წელს გამოიყვანა თავისი ჯარები და მოახალშენეები ღაზის სექტორიდან.

“ჰამასი” ღაზაში

ამჟამად ღაზას და დასავლეთ სანაპიროს ხშირად მოიხსენიებენ “პალესტინური ტერიტორიების” სახელით. ამ ტერიტორიებზე ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა მოქმედებს:

  • ისლამისტური “ჰამასი”, რომელიც არ აღიარებს ისრაელის უფლებას, იარსებოს, როგორც სახელმწიფომ და ეწინააღმდეგება ნებისმიერ სამშვიდობო პროცესს მასთან;
  • შედარებით ზომიერი, სეკულარული “ფათაჰი”, რომელიც პალესტინის ადმინისტრაციას (PA) უდგას სათავეში და ცნობს ისრაელის უფლებას, იარსებოს.

“ფათაჰის” ადმინისტრაცია ამჟამად დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს, თუმცა — არა სრულფასოვნად, რადგან ის ამ დრომდე აქვს ოკუპირებული ისრაელს, რომელიც ადგილზე ებრაელთა ახალშენებისა და სამხედრო ბლოკპოსტების მშენებლობას განაგრძობს.

რაც შეეხება ღაზას: იქ 2006 წელს ირანის მიერ მხარდაჭერილმა, ისლამისტურმა “ჰამასმა” მოიგო არჩევნები და სხვა პალესტინურ ფრაქციებთან კონფლიქტში გამარჯვების შემდეგ სექტორზე კონტროლი დაამყარა.

მას შემდეგ ღაზაში არჩევნები აღარ ჩატარებულა და, შესაბამისად, აღარც “ჰამასის” პოპულარობა გაზომილა საარჩევნო ყუთებთან. მთლიანად “ჰამასი” ან მისი სამხედრო ფრთა ტერორისტულ ორგანიზაციად აქვთ გამოცხადებული ისრაელს, ევროკავშირს, აშშ-სა და სხვებს.

უფლებადამცველები განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობის, ოპონენტთა დევნის, უკანონოდ დაპატიმრებისა და წამების პრაქტიკებზე საუბრობენ როგორც დასავლეთ სანაპიროს, ისე ღაზის შემთხვევაში, რომელსაც სწორედ “ჰამასი” აკონტროლებს.

“ჰამასის” წევრები ღაზის სექტორში. ფოტო: EPA

ვინ ცხოვრობს ღაზაში

თბილისზე დაახლოებით 1.37-ჯერ პატარა მიწა ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და ღარიბ ტერიტორიად მიიჩნევა მსოფლიოში. იქ 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ღაზის სექტორში პალესტინელები ცხოვრობენ. აქ იგულისხმებიან ისინიც, ვინც ამ ტერიტორიის ძირძველი მცხოვრებელია, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ ლტოლვილები, რომლებიც იქ 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნისა და შემდგომი სამხედრო კონფლიქტების შემდეგ გადავიდნენ.

ღაზის ბლოკადა და მისი შედეგები

ღაზის მოსახლეობა ძალიან ახალგაზრდაა: მისი ნახევარი 19 წელს ქვემოთაა, თუმცა, მომავლის ბუნდოვანი პერსპექტივით. ისრაელმა ღაზიდან ჯარები კი გაიყვანა, თუმცა მის სახმელეთო საზღვრებზე, საჰაერო სივრცესა და აკვატორიაზე კონტროლი შეინარჩუნა.

2007 წლიდან, როცა “ჰამასმა” ღაზაზე კონტროლი დაამყარა, სექტორი ისრაელის ფაქტობრივ ბლოკადაში აღმოჩნდა, რასაც მისი მეზობელი ეგვიპტეც უჭერს მხარს.

გასულ წლებში არაერთი კონფლიქტი ყოფილა ისრაელსა და “ჰამასს” შორის, რომელიც ამბობს, რომ ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვის. 7 ოქტომბრის უპრეცედენტო შეტევამდე ეს კონფლიქტები ძირითადად გამოიხატებოდა ისრაელის ტერიტორიებზე “ჰამასის” სარაკეტო თავდასხმებსა და ღაზაში ისრაელის საჰაერო ოპერაციებში.

ორგანიზაცია Human Rights Watch ღაზას აღწერს “ღია ციხედ”, რითაც ისრაელის მიერ სექტორში მცხოვრები პალესტინელებისთვის გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს უსვამს ხაზს.

ისრაელის მიერ ღაზის საზღვარზე აღმართული კედელი. ფოტო: JACK GUEZ/AFP/Getty Images

როგორც ისრაელში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია B’Tselem აღნიშნავდა 2017 წელს, ისრაელი პალესტინელებს ღაზიდან გამოსვლას ან იქ შესვლას უკრძალავდა “ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, რომლებიც მოიცავს სასწრაფო, სიცოცხლისთვის საშიში სამედიცინო მდგომარეობის [მქონე ადამიანებსა] და ძალიან მცირე რაოდენობის მოვაჭრეებს”.

წლების განმავლობაში ისრაელმა ეტაპობრივად შეამცირა ღაზის სექტორიდან ისრაელში გადასასვლელი პუნქტების რაოდენობა. გამონაკლისია ერთი სასაზღვრო პუნქტი, რომლით სარგებლობაც იმ პალესტინელებს შეუძლიათ, ვისაც ისრაელის ნებართვა აქვს.

ბლოკადას დიდწილად მხარს უჭერს ეგვიპტეც, რომელიც ღაზას ესაზღვრება სამხრეთ-დასავლეთით. ეგვიპტეში გადასასვლელი პუნქტიც, რომელიც ღაზის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გარესამყაროსთან კონტაქტის ერთადერთ გზად რჩება, ხშირად დაკეტილია.

ღაზაში ისრაელი მკვეთრად ზღუდავს იმპორტ-ექსპორტსაც, რის ფონზეც სექტორის ეკონომიკა, პრაქტიკულად, ჩამოშლილია, უმუშევრობის მაჩვენებელი კი, მსოფლიო ბანკის ცნობით, 40%-ს აღწევს. მოსახლეობის 65%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. გაეროს მიხედვით, ახალგაზრდების თითქმის 80% უმუშევარია.

“პალესტინელთა მთელი თაობა ღაზაში ისე გაიზარდა, რომ არასდროს დაუტოვებია 41 კმ სიგრძისა და 12 კმ სიგანის ტერიტორია…” ,— წერს გამოცემა The Guardian.

2021 წლიდან, “ჰამასთან” 10-დღიანი ომის შემდეგ, ისრაელმა ზოგიერთი შეზღუდვა შეარბილა, ღაზის მცხოვრებლებისათვის ისრაელის ტერიტორიაზე მუშაობის ათასობით ნებართვა გასცა და ექსპორტის გასაადვილებლად გარკვეული ზომებიც მიიღო. გასულ თვეში ისრაელის სამთავრობო უწყებამ თქვა, რომ 18 000-ზე მეტი სამუშაო ნებართვა ჰქონდა გაცემული.

თუმცა ახლა, ვითარების უკიდურესი ესკალაციის ფონზე, ბუნდოვანია, რა ელის ხსენებულ ნებართვებს, რომლებიც ღაზის არაერთი მკვიდრისთვის შემოსავლის უმთავრესი წყაროა.

ქალაქ ღაზის ერთ-ერთი უბანი ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ. 10.10.23 ფოტო: EPA/MOHAMMED SABER 

გაეროს თანახმად, ბლოკადის, სიღარიბის, უმუშევრობის მაღალი დონისა და სხვა ფაქტორების გამო, ღაზის მოსახლეობის 80% ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.

“ღაზაში ცხოვრება ყოველდღიურ ომს ჰგავს… ეს მხოლოდ დაბომბვებს, ჭურვებსა და რაკეტებს არ ეხება. ესაა ხალხის ყოველდღიური ტანჯვა ღირსეული ცხოვრების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად და ბლოკადასთან დაკავშირებული დაუსრულებელი პრობლემების გადასალახად…” ,— დასძენს “ალ-ჯაზირას” ჟურნალისტი მარამ ჰუმაიდი, რომელიც ღაზაში ცხოვრობს.

კიდევ ერთი ჟურნალისტი რაჯა აბდულრაჰიმი, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობს და  New York Times-სთვის მუშაობს, ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნაკლებობაზე ღაზის საავადმყოფოებში. მისივე სიტყვებით, ვისაც მკურნალობა ღაზის გარეთ, ისრაელში ან დასავლეთ სანაპიროზე სურს, ამისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მოითხოვოს.

მოთხოვნა ყოველთვის არ კმაყოფილდება, არაერთ შემთხვევაში კი — იგვიანებს. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” თანახმად, 2017 წელს, ისრაელის ნებართვების მოლოდინში, ღაზის 54 მცხოვრები დაიღუპა, აქედან 46 — სიმსივნით.

ამ ფონზე კრიტიკოსები ისრაელს ღაზის მოსახლეობის კოლექტიურ დასჯაში ადანაშაულებენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ბლოკადას არალეგალურად მიიჩნევს და დასძენს, რომ ის არღვევს ჟენევის კონვენციას.

ისრაელი ამას უარყოფს. მისი პოზიციაა, რომ სასაზღვრო კონტროლითა და ბიუროკრატიით თავს იცავს ტერორიზმისგან, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო იარაღის შეტანისგან ან ღაზაში ისეთი მასალის მოხვედრისგან, რომელიც, შესაძლოა, “ჰამასმა” იარაღის დასამზადებლად გამოიყენოს.

გასულ წლებში “ჰამასის” ობიექტების გასანადგურებლად ისრაელის მიერ ჩატარებულ საჰაერო ოპერაციებს ღაზაში ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა და კოლოსალური ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას. თავად ისრაელი ამბობს, რომ “ჰამასი” ცოცხალ ფარად იყენებს სამოქალაქო პირებს, რათა თავისი ობიექტები დაიცვას.

როგორ (არ) მარაგდება ღაზა

ისრაელი-ღაზის საზღვარზე ორი სასაზღვრო პუნქტია: ერთი — ადამიანებისთვის, მეორე კი — ტვირთის სამოძრაოდ. ბლოკადის პირობებში სექტორი დიდწილად ისრაელზეა დამოკიდებული ელექტროენერგიით, წყლითა და საკვებით მომარაგების კუთხით.

ღაზის მოსახლეობას ხშირად დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით აქვს ელექტროენერგია. მწირია წყლის რესურსიც, რის ფონზეც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სასმელად ვარგის წყალთან წვდომის პრობლემა აქვს.

ახლა, როცა “ჰამასმა” უპრეცედენტო მასშტაბის შეტევა განახორციელა ისრაელზე, რომლის დროსაც დაჯგუფების წევრებმა ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი მოკლეს, ისრაელმა ღაზის სრული ბლოკადა დააანონსა. ეს გულისხმობს საკვების, წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდების შეწყვეტას.

UNICEF-ის დირექტორი ქეთრინ რასელი აცხადებს, რომ ბლოკადამ, შესაძლოა, ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს. რასელმა ასევე ისაუბრა “ჰამასის” მიერ გატაცებულ ისრაელელ ბავშვებზე და მოუწოდა დაჯგუფებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი.

არქივიდან:

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი