ახალი ამბები

ეგვიპტემ უარი თქვა ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაზე

12 ოქტომბერი, 2023 • 25468
ეგვიპტემ უარი თქვა ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაზე

ეგვიპტის ხელისუფლებამ უარი თქვა ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ეგვიპტესთან მოლაპარაკებებს აშშ და ისრაელი აწარმოებდნენ, რათა ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას საომარი მოქმედებების ზონის დატოვების საშუალება მისცემოდა.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია ყველა მხრიდან, ღაზის სექტორისთვის ეგვიპტესთან დამაკავშირებელი რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტია ერთადერთი გზა საომარი ზონიდან თავის დასაღწევად.

„ეგვიპტის სახელმწიფო მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ ისრაელის დაბომბვის მიზანი სწორედ ღაზის სექტორის მოსახლეობისგან დაცლაა“, — იტყობინება „ალ ჯაზირა“.

ისრაელმა ღაზა სრულ ბლოკადაში 7 ოქტომბრიდან მას შემდეგ მოაქცია, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა და განურჩევლად დაიწყო ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების ხოცვა.

ისრაელში მსხვერპლის რიცხვმა, 12 ოქტომბრის მონაცემებით, 1300-ს მიაღწია, 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო ავიაიერიშებს.

ისრაელმა ღაზას შეუწყვიტა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, საწვავისა და საკვების მიწოდება, რის გამოც იქ მცხოვრები 2.3 მილიონამდე ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

როგორც ღაზის სექტორში მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ღაზაში საავადმყოფოებს გენერატორებისთვის სულ რამდენიმე დღის სამყოფი საწვავი აქვთ. საწვავის სრულად ამოწურვის შემდეგ კი, შესაძლოა, „საავადმყოფოები მორგებად გადაიქცეს“. ასობით ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია სწორედ ისეთი სამედიცინო აპარატურის მუშაობაზე, რომლისთვისაც ელექტროენერგია აუცილებელია. საუბარია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ მცირეწლოვან ბავშვებზე, დიალიზზე მყოფ პაციენტებზე, დაბომბვებისას დაშავებულებზე და ა.შ.

ადგილობრივები საერთაშორისო მედიასაშუალებებს ეუბნებიან, რომ ღაზაში არ არის უსაფრთხო ადგილი, სადაც თავის შეფარებას შეძლებენ, არ არის დამბომბვისთვის გათვალისწინებული თავშესაფრები.

პარალელურად, თავად „ჰამასმა“, რომელიც ღაზას მართავს,  გაავრცელა პროპაგანდისტული ვიდეოები, სადაც ჩანს ტერორისტული ორგანიზაციის მიერ შექმნილი კეთილმოწყობილი, ელექტროენერგიით განათებული მიწისქვეშა გვირაბების ქსელი, სადაც იარაღის საწყობებია განთავსებული. ამ ვიდეობში ნაჩვენებია, თუ როგორ ბომბავენ ისრაელს სწორედ მსგავსი გვირაბებიდან.

ისრაელი ამბობს, რომ მისი მიზანი „ჰამასის“ სრული განადგურებაა, რათა სამომავლოდ ვერ მოახერხოს ისეთი თავდასხმა, როგორც ეს 7 ოქტომბერს გააკეთა.

ისრაელის ცნობით, ღაზის მოსაზღვრე დასახლებებში ამ დრომდე პოულობენ სასტიკად მოკლული ისრაელელბის ცხედრებს და ტერიტორიის სრულად შემოწმება ჯერ არ დასრულებულა.

ასევე, „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება ისრაელიდან გატაცებული 150 ადამიანამდე, რომელთა შორის არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები, შშმ პირები და სამხედროები. მათი ბედი ამ დროისთვის უცნობია.

ფოტოზე: კაცს დაჭრილი ბავშვი შეჰყავს ქალაქ ღაზის საავადმყოფოში. ავტორი: EPA-EFE/HAITHAM IMAD

მასალების გადაბეჭდვის წესი