ახალი ამბებიკომენტარი

ყველა “გაციება” გადამდებია

9 ოქტომბერი, 2023 • 3186
ყველა “გაციება” გადამდებია

ავტორი: ნატალია ადამაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი


“ნუ გეშინია, გაციებული ვარ” – ეს ფრაზა, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვითქვამს (და მოგვისმენია), ნაწყვეტ-ნაწყვეტ, სრუტუნსა და ხველებას შორის, სხვების თვალებში გაჩენილი შიშის გასაქარწყლებლად. თუმცა ჩვენს დასაცავად უნდა ითქვას, რომ მაშინ თავადაც მტკიცედ გვჯეროდა, რომ გადამდები არ ვიყავით.

რა არის გაციება? “გაციების” ქვეშ ერთიანდება ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ვირუსული ინფექციები, რომლებიც ძირითადად ვლინდება სურდოთი, ცემინებით, ყელის ტკივილით, მსუბუქი ხველითა და დაბალი ცხელებით. წინა წინადადებაში ყურადღება მიაქციეთ “ვირუსულს” – ყველა “გაციება” ვირუსული წარმოშობისაა და მხოლოდ სხეულის გადაციება ავად გახდომას არ იწვევს.

მინდა ვამბობდე, რომ შეციების გამო ავად გახდომის მითს წყალი შეუდგა, მაგრამ დღესაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა წრეებშიც კი ვისმენ, რომ უბრალოდ გაცივდნენ და ამიტომ ახველებთ, ამიტომ აქვთ სიცხე, სურდო თუ ყელის ტკივილი. ასეთი „გაციებების“ დროს აუცილებლად არსებობს დამადასტურებელი ფაქტი წინა დღეს სიცივეში მოხვედრის, ახალდაბანილი თავით გარეთ გასვლის, ორპირში ჯდომის..

სხვა რა დამრჩენია, ვიფიქრო, რომ ადამიანებს ვირუსები ზედმეტად გვიყვარს და ვცდილობთ, ყველანაირი ბრალეულობა ავარიდოთ. ამიტომ რესპირატორული სიმპტომების არსებობას ყველაფერს ვაბრალებთ, ვირუსის გარდა.

  • [რესპირატორული = სასუნთქ გზებთან დაკავშირებული]

დროა, ეს მიდგომა დასრულდეს – როგორც დავით გურამიშვილი იტყოდა, ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელი რა დავარქო?

მათთვის, ვისაც ბოლომდე წაკითხვა ეზარება, ან სპოილერები უყვარს – ჩვენს რესპირატორულ სიმპტომებში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ვირუსები არიან და არა გარედან მონაბერი გრილი ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, კონდიციონერი… ყველა ასეთი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ „გაციებას“ ვეძახით, გადამდებია.

კიდევ ერთხელ გავიმეოროთ –

„გაციება“ გადამდებია!

დიახ, აი, ასე. გუშინ რომ ღია ფანჯარაში გეძინათ და დღეს ყელი გტკივათ და სურდო გაქვთ, სინამდვილეში წინა დღეებში ვირუსით დაინფიცირდით, გადამდები ხართ და სხვებს მოერიდეთ. თუ გინდათ, რომ მათაც არ მოუწიოთ სიმპტომების დაწყების შემდეგ ტვინის ჭყლეტა, თუ სად მოხვდნენ წინა დღეს ისეთ სიტუაციაში, სადაც შეიძლებოდა „გაციებულიყვნენ“.

ვიცი, მხოლოდ ეს დამაჯერებელი არაა, მეტი ინფორმაცია გჭირდებათ. რადგან „გაციება“ და „გავცივდი“ იმდენად ღრმად არის ჩამჯდარი ჩვენს გონებაში, რომ მეც ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ გაციება არ არსებობდა და ყველანაირი ყელის ტკივილი ვირუსისგან მოდიოდა (ყელის ზოგიერთი ტკივილი ვირუსისგან არ მოდის, ბაქტერიითაა გამოწვეული, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ).

მოდი, ცოტა უფრო ჩავუღრმავდეთ…

„მაგრამ, მაგრამ.. როცა ზამთარში ქუჩაში მივდივარ და ცხვირი მეწვის და სურდო მეწყება, ეს ვირუსი როგორაა?“ – ახლა როცა ამ პოსტს ვწერ, გვერდით რომ მეჯდეთ, აუცილებლად მეტყოდით რამე მსგავსს. თუმცა გამიმართლა, მარტო ვწერ და შემიძლია მშვიდად მოვუყარო აზრებს თავი, შეწყვეტინების გარეშე, რაც თქვენთვისაც უკეთესია და ჩემთვისაც.

დიახ, როცა სიცივეში ვხვდებით, ჩვენს ორგანიზმს შესაბამისი რეაქცია აქვს. შეიძლება ცხვირი და ლოყები გაგვიწითლდეს, სურდოს მაგვარი მოვლენები დაგვეწყოს, კანკალი აგვიტყდეს – ეს სიცივეზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და ვირუსთან კავშირი არ აქვს. მაგრამ! ვირუსისგან განსხვავებით, ეს რეაქცია ხანმოკლეა და სითბოში გადასვლისას თავისით ალაგდება. თუ ქუჩაში იარეთ და მერე 8 დღე სურდო გაქვთ, მაღალი ტემპერატურისგან გაკანკალებთ და სახე გიპრიალებთ, ეს სიცივე კი არა, ვირუსული ინფექციაა. და რა ხართ? მართალია – გადამდები!

ის, რასაც ჩვენ გაციებას ვეძახით, ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც 200-ზე მეტმა სხვადასხვა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს. ყველამ ერთდროულად არა – თუ ეს იფიქრეთ. ერთდროულად ერთი ვირუსი იქნება გამომწვევი, რომელიც უხშირესად რინოვირუსია. და თუ ვირუსი გაქვთ, შესაბამისად, იქნებით – რა? სწორია, ყოჩაღ! – გადამდები.

ახლა, როცა დავადგინეთ, რომ ნებისმიერი „გაციების“ შემთხვევაში გადამდებები ვართ, დროა, სცენაზე შემოვიყვანოთ გრიპის ვირუსი. გრიპი რომ გადამდებია, ყველამ ვიცით. ჩვენ სასუნთქი გზების სიმპტომებს ორად ვყოფთ – გაციებული (ანუ, როგორც ამ პოსტამდე ბევრს გვეგონა – არაგადამდები) და გრიპი – რომელზეც აქამდეც ყველა ვთანხმდებოდით, რომ გადამდები იყო (თუმცა ამ პოსტის შემდეგ ყველას გვეცოდინება, რომ ორივე ვარიანტი გადამდებია).

სიტყვას მოჰყვა და ბარემ გავარჩიოთ, რა მსგავსება და განსხვავებაა „გაციებასა“ და გრიპს შორის.

პირველ რიგში, იმით ჰგვანან, რომ ორივე გადამდებია (კიდევ ერთხელ ვისარგებლე შემთხვევით, აღმენიშნა, რომ „გაციება“ გადამდებია) და ორივე რესპირატორული სიმპტომებით მიმდინარე დაავადებაა.

გრიპს კონკრეტული ვირუსი იწვევს, რომელსაც ინფლუენზა ჰქვია. კიდევ კარგი, ინფლუენსერებმა ბოლო დროს კონტენტ კრეატორები დაირქვეს, თორემ რაღაცნაირად „ინფლუენსერს“ ჰგავს და ალბათ არ ენდომებოდათ, მათი სახელი რომ გადამდებ ვირუსულ დაავადებასთან ასოცირებულიყო. ხოლო „გაციება“ (არ მომბეზრდება „გაციების“ ბრჭყალებში წერა) სხვადასხვა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს. გრიპს უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, „გაციება“ კი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

მაშ ასე, ზედა აბზაციდან ორი საკვანძო ინფორმაცია შევიტყვეთ:

  1. „გაციება“ სხვადასხვა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს და ყველა შემთხვევაში გადამდებია;
  2. გრიპს კი კონკრეტული ვირუსი, ინფლუენზა იწვევს და უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე „გაციება“.

რადგან ორივე სასუნთქი გზების დაავადებაა, მათი გარჩევა საკმაოდ რთულია და ზოგ შემთხვევაში – შეუძლებელი. თუმცა ზუსტი დიაგნოზი ლაბორატორიული ანალიზით შეიძლება დაისვას. გამოვლინების მხრივ, გრიპის სიმპტომები უეცრად და მკვეთრად იწყება და მოიცავს შემცივნებას, მაღალ ტემპერატურას, ხველას, ყელის ტკივილს, სურდოს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, თავის ტკივილს და დაღლილობას. ხოლო „გაციების“ სიმპტომები შედარებით მსუბუქია და უფრო ნელა იწყება. ქვევით მოცემულ ცხრილში უკეთ დაინახავთ განსხვავებებს. ფოტოს ხარისხზე პრეტენზიებით არ მოგვმართოთ, ფეინთშია გაკეთებული, მაგრამ სათქმელს გადმოსცემს.

„როგორც ვხედავ, „გაციება“ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, დისტანცირებას რაღა აზრი აქვს, სჯობს ყველამ მოვიხადოთ“ – ალბათ გაიფიქრებთ. თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის. ჯანმრთელი ადამიანისთვის „გაციება“ მართლაც ადვილად გადასატანია, რამდენიმედღიან დისკომფორტს თუ არ ჩავთვლით. მაგრამ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს იმავენაირი დამცავი მექანიზმები არ აქვთ და შეიძლება ისე გაურთულდეთ, რომ ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო, ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილითაც დასრულდეს. გარდა ამისა, გრიპის და „გაციების“ განსხვავება საკმაოდ რთულია, გრიპი კი კიდევ უფრო დიდი რისკების შემცველია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. ამიტომ, თუკი რომელიმე რესპირატორული ვირუსით დაინფიცირდით, სასურველია, შეძლებისდაგვარად შორს დაიჭიროთ თავი სხვებისგან. სამსახურში რომ არ უნდა იაროთ, ამის თქმა არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ მაინც გეტყვით – სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციის მქონეებმა სამსახურში არ იაროთ.


ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა დავით ბალიაშვილისა და ნატალია ადამაშვილის ბლოგზე “ეპიდემიოლოგის დღიური”, სადაც ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა ტექსტებს მსგავს თემატიკაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი