ახალი ამბები

ქვეყანაში A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს – ივანე ჩხაიძე

5 იანვარი, 2024 • 4715
ქვეყანაში A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს – ივანე ჩხაიძე

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ბოლო პერიოდში მნიშველოვნად გაიზარდა ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ცირკულირებს არა ჩვეულებრივი სეზონური გრიპის, არამედ A  ტიპის გრიპის ვირუსი, რაც მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს.

ივანე ჩხაიძე ჩამოთვლის იმ სიმპტომებს, რომლებითაც შესაძლოა ამოვიცნოთ გრიპის ვირუსი. მისი რეკომენდაციაა, რომ ამ სიმპტომების გახშირების შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.

“ნებისმიერ ადამიანი, რომელსაც აქვს ტემპერატურა 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი თავს ტკივილი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ყელის ტკივილი, შესაძლებელია, იყოს ხველა, საერთო სისუსტე, ბავშვებში ამას ემატება საკვებზე უარის თქმა, მომეტებული ძილიანობა, ან ჭირვეულობა – ყველაფერი ეს მიუთითებს გრიპის ვირუსის არსებობაზე. ამიტომ, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ ექიმის მიერაც მართული”, – განმარტავს ჩხაიძე.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გართულება, რაც გრიპის ვირუსს შეიძლება მოჰყვეს პნევმონიაა. ივანე ჩხაიძის თქმით, ამის რისკი განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებშია.

“5 წლამდე ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკში ველოდებით გართულებების უფრო მაღალ მაჩვენებელს, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში – 38 გრადუსი და მეტი, როცა ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დარღვეულია, ნაკლებად იღებს საკვებს მეტად ძილიანია, ნაკლებად აქტიურია, ჩავთვალოთ, რომ შესაძლებელია იყოს გრიპის ვირუსი. ექიმის ჩართვა დაავადების მართვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია […] თუ პირველი 24 საათის განმავლობაში, მიუხედავად ტემპერატურის დამწევის გამოყენებისა, მაინც მაინც გრძელდება მაღალი სიცხე და ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, აუცილებელია ექიმის კონსულტირება”, – აცხადებს პედიატრი.

სპეციალისტები როგორც გრიპის, ისე სხვა ვირუსების პრევენციის საუკეთესო საშუალებად ვაქცინაციას ასახელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი