საზოგადოება

როგორ ვმართოთ გრიპის ვირუსი და როდის (არ) მივმართოთ ექიმს – ინტერვიუ ინფექციონისტთან

15 იანვარი, 2024 • 2387
როგორ ვმართოთ გრიპის ვირუსი და როდის (არ) მივმართოთ ექიმს – ინტერვიუ ინფექციონისტთან

ზამთარი რესპირაციული, ანუ სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ვირუსების აქტიურად გავრცელების პერიოდია. არსებობს სხვადასხვა ტიპის ვირუსები, თუმცა ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია გრიპის ვირუსი.

ერთმანეთისგან განასხვავებენ გრიპის ვირუსის სხვადასხვა ტიპსაც, თუმცა, როგორც ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ამბობს, მათ შორის არ არის ისეთი განსხვავება, რომელიც განსხვავებულ სიმპტომებს იწვევს, ან მკურნალობის განსხვავებულ ტაქტიკას საჭიროებს.

რა სიმპტომებია საყურადღებო, როგორ უნდა ვმართოთ გრიპის ვირუსი სახლის პირობებში და რა შემთხვევაშია აუცილებელი ექიმისთვის მიმართვა – ინფექციონისტი დეტალურად განგვიმარტავს ამ საკითხებს.

  • რა სიმპტომებით გამოირჩევა გრიპის ვირუსი, რომელიც ახლა არის გავრცელებული ქვეყანაში?

გრიპი, დაწყებული სრულიად უსიმპტომო მიმდინარეობიდან, დამთავრებული სერიოზული გართულებებით, ბევრი სახით შეიძლება მიმდინარეობდეს. წამყვანი სიმპტომი მაინც არის ცხელება, სახსრების, კუნთებისა და თავის ტკივილი. ხველა შეიძლება იყოს, ან არ იყოს. ზოგს შეიძლება ჰქონდეს დიარეა და გულისრევა, თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალურია. ანუ, ცალკეულ ადამიანებში სხვადასხვა ინტენსივობით და სხვადასხვა რაოდენობის სიმპტომები ვლინდება. 

წელს რამე განსაკუთრებულად მძიმე მიმდინარეობა არ არის. ჩვენ, უბრალოდ, ცოტა დაგვავიწყდა გრიპი კოვიდის პანდემიის ფონზე. სინამდვილეში, გრიპი ყოველწლიურად იყო პრობლემური დაავადება თავისი მძიმე სიმპტომებით და შესაძლო გართულებებით, როგორიც არის ფილტვის ანთება, ბრონქიტი, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. წინა წლებშიც იყო ძალიან მაღალი ჰოსპიტალიზაცია გრიპის ვირუსის გამო, მათ შორის გვახსოვს ლეტალური შემთხვევები. ამიტომ, წელს ახალი არაფერი ხდება. უბრალოდ, ისევ წინა პლანზე წამოვიდა გრიპი, რადგან კოვიდ პანდემია აღარ არის იმდენად აქტუალური.

  • როგორ და რამდენ ხანს უნდა ვმართოთ გრიპის ვირუსი სახლის პირობებში და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

პირველ რიგში, მოთმინებით უნდა შევხვდეთ ცხელებას. ადამიანებისთვის მთავარი ამოცანა ხდება ხოლმე, რომ თერმომეტრზე ნორმალური ტემპერატურა დაინახონ და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი. რა თქმა უნდა, ცხელებას უნდა ვებრძოლოთ იმ მასშტაბით, რამდენადაც დისკომფორტს გვიქმნის, მაგრამ 5-7 დღე მშვიდად უნდა დაველოდოთ. თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია, 5-7 დღეზე მეტხანს გახანგრძლივდა, ან არ ემორჩილება სიცხის დამწევებს, მაშინ უკვე უნდა მივიღოთ სამედიცინო დახმარება.

  • რისკ-ჯგუფების – ბავშვებში, მოხუცებში, ორსულებში, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების შემთხვევაში, ალბათ, განსხვავებული მიდგომაა საჭირო?!

რა თქმა უნდა. თუ ჩვილს აქვს მაღალი ცხელება, სჯობს, თავიდანვე მივმართოთ ექიმს. მით უმეტეს, თუ ბავშვი ნაკლებად კონტაქტურია, ძირითადად სძინავს, საკვებზე უარს ამბობს, სითხეს ვერ იღებს და ა.შ. იგივე ითქმის ხანდაზმულებზე. საფრთხილოა ქრონიკული დაავადებების მქონეები და ორსულები, რომლებმაც ჯობია, თავიდანვე გაიარონ კონსულტაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში, მათი რჩევით, გაიარონ კვლევები და მიიღონ შესაბამისი მკურნალობა.

  • ცხადია, რომ ვირუსის პრევენციის საუკეთესო საშუალება აცრის გაკეთებაა. გრიპის ვირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი შემოდგომიდან იყო და სპეციალისტების რეკომენდაციაც მისი დროული გაკეთება იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ახლა, როცა გრიპი ასე გავრცელებულია, აცრის გაკეთებას აზრი აღარ აქვს. რამდენად სწორია ეს მიდგომა?

გრიპის აცრას რაც ადრე გაიკეთებ, მით უკეთესია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვინც არ არის აცრილი, მაინც ჯობია აიცრას. იმიტომ, რომ მარტის ბოლომდე ჯერ კიდევ გრიპის სეზონი მიმდინარეობს.

აცრის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში გამომუშავდება იმუნიტეტი, ოღონდ იმუნიტეტი არ ნიშნავს, რომ არ დაგვემართება გრიპი. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ უფრო მსუბუქად გადავიტანთ, არ გვემუქრება ფილტვის ანთება, არ დაგვჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ასე შემდეგ.

აბსოლუტურად მოკლებულია სამედიცინო საფუძვლებს ის მოსაზრებაც, რომ აცრის გაკეთებიდან იმუნიტეტის გამომუშავებამდე მეტია რისკია გრიპის დაგვემართოს, ან თუ დაგვემართება, ამ შუალედში უფრო რთული იქნება მისი გადატანა. ამიტომ, ვისაც თავის დროზე არ გაუკეთებია ვაქცინა, მათთვის აცრა ახლაც მნიშვნელოვანია.

  • რა არის ის ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის გავრცელების პერიოდში?

რეკომენდაციები არის იგივე, რაც იყო კოვიდის დროს. იმიტომ, რომ გადაცემის გზები იგივეა. რატომღაც, გრიპის დროს არ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რასაც კოვიდის დროს ძალიან აქტიურად ვითვალისწინებდით. ეს არის ხელის ხშირი დაბანა, ზედაპირების დამუშავება, თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება. ასევე, თუ გვჭირდება აუცილებლად, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის ჯგუფებში, ისედაც პირბადის გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ თვითნებურად არ მივიღოთ ანტიბიოტიკები. ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელი იმუნური სისტემა აქვს, არ სჭირდება ანტივირუსული თერაპია. ექიმმა უნდა შეაფასოს, ვის და როდის სჭირდება მსგავსი მკურნალობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი