ახალი ამბები

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისია დასკვნას არ მოამზადებს – პაპუაშვილი

3 ოქტომბერი, 2023 •
დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისია დასკვნას არ მოამზადებს – პაპუაშვილი

ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასკვნას არ მოამზადებს. ამის შესახებ 2 ოქტომბერს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის მიერ დასკვნის არმომზადების მიზეზი ისაა, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა სამართლებრივი დოკუმენტი არაა.

„ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ევროპული კომისიის რჩევითა და თხოვნით გავაგზავნეთ [ვენეციის კომისიაში]. ვამბობდით კიდეც, რომ ცოტა უცნაური იყო, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის დასკვნა გვეთხოვა და ასეც მოხდა. პასუხი მივიღეთ ვენეციის კომისიისგან, რომ ვინაიდან ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი, ისინი ვერ შეძლებენ საკითხზე დასკვნის მომზადებას. სხვათა შორის, ჩვენ მაშინ ვთქვით კიდეც, რომ იგივე თხოვნა იყო მოლდოვის მიმართ, რომელმაც ასევე გეგმა გააგზავნა ვენეციის კომისიაში. დუბლინში, ევროსაბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე, მათ შორის ჩემს მოლდოველ კოლეგებთანაც მქონდა კომუნიკაცია და, როგორც ჩანს, იქაც სამოქმედო გეგმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია წარუდგინა. 12 პუნქტში ერთ-ერთი პრიორიტეტი დეოლიგარქიზაციაა.

დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველმა პარტიამ უკრაინის კანონის მაგალითზე კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ოლიგარქების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს და აცხადებდა, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხებოდა. თუმცა, მათი თქმით, დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებში ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას არ აპირებდა, კრიტიკის შემდეგ დოკუმენტი ევროპულ სტრუქტურაში მაინც გაგზავნეს.

ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედური მოსაზრება მარტში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.

ვენეციის კომისიის შუალედური მოსაზრების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შეფასებისთვის ისევ ვენეციის კომისიაში გააგზავნა. ვენეციის კომისიამ საბოლოო მოსაზრება 12 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.

ვენეციის კომისიის მოსაზრებას იზიარებს ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული.

ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სექტემბერში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს. თუმცა აღნიშნული გეგმა მთავრობას ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებია. მთავრობის თანახმად, დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს 7 მიმართულებით.

19 სექტემბერს კი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით,  „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განხილვისას ჩავარდა, მიზეზად კი მთავრობის მიერ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება დაასახელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი