ახალი ამბები

„ოცნებამ“ ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო, თუმცა მისი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია

14 სექტემბერი, 2023 •
„ოცნებამ“ ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო, თუმცა მისი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს, თუმცა თავად დოკუმენტი არ გამოუქვეყნებია.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს 7 მიმართულებით.

„დოკუმენტი მოიცავს ე.წ. სისტემური მიდგომით საქართველოს კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების სრულ პაკეტს. მასში გაწერილია კონკრეტული ვადები, რომელშიც შესაბამისი უწყებები მიიღებენ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ან ნორმატიულ აქტებს. დოკუმენტი ფარავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე. მაგალითად, ანტიკორუფციული თემატიკა, ანტიმონოპოლიური საკითხები, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საკითხები, მედიაპლურალიზმის თემები, მართლმსაჯულებაში განსახორციელებელი ღონისძიებები“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ და დასძინა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპელ კოლეგებთან დამატებითი კონსულტაციების რეკომენდაცია მიეცა.

მთავრობის ცნობით, დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი