ახალი ამბები

როდესაც ვსაუბრობთ შავ ფულზე, აქ არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით შავ ფულს – პაპუაშვილი

24 აპრილი, 2024 • 565
როდესაც ვსაუბრობთ შავ ფულზე, აქ არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით შავ ფულს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, როცა გრანტების საშუალებით ქვეყანაში შემოსულ “შავ ფულზე” საუბრობს, ის „საგადასახადო მნიშვნელობით“ შავ ფულს არ გულისხმობს.

ამის მაგალითად პაპუაშვილმა კვლავ მოიყვანა „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ ორგანიზაცია „დროას“ დაფინანსება. მისი თქმით, სინამდვილეში ამ ფულით ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ დაფინანსება ხდება.

„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ შავ ფულზე, აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით შავ ფულზე, აქ ვგულისხმობთ შავ ფულზე, ფულზე, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება, იმისთვის, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შავი ფული არალეგალური გზებით მიღებული ფულია. ქართული კანონმდებლობით, შავი ფულის შემოტანა ან შავი ფულის გათეთრება ისედაც აკრძალული საქმიანობაა.

რაც შეეხება დასავლური ორგანიზაციებიდან მიღებულ გრანტებს, არასამთავრობო ორგანიზაციები
სრულ ანგარიშს ყოველთვიურად ასახავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფული სახელმწიფოსთვის დამალული არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი