ახალი ამბები

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი III მოსმენით განხილვაზე ჩავარდა

19 სექტემბერი, 2023 • 1045
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი III მოსმენით განხილვაზე ჩავარდა

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განხილვისას ჩავარდა.

კანონპროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 19 სექტემბერს, გაიმართა. თუმცა გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავდა და მხარს არ დაუჭერდა.

კობახიძის თქმით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.

„სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დოკუმენტმა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა და აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა.

ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის როგორც საქართველოში არსებული ოპოზიციის, ასევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ“ ,— განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ოცნებამ“ ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო, თუმცა მისი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.


ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია წარუდგინა. 12 პუნქტში ერთ-ერთი პრიორიტეტი დეოლიგარქიზაციაა.

დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველმა პარტიამ უკრაინის კანონის მაგალითზე კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ოლიგარქების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს და აცხადებს, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება. თუმცა, მათი თქმით, დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებში ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას არ აპირებდა, კრიტიკის შემდეგ დოკუმენტი ევროპულ სტრუქტურაში მაინც გაგზავნეს.

ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედური მოსაზრება მარტში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.

ვენეციის კომისიის შუალედური მოსაზრების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შეფასებისთვის ისევ ვენეციის კომისიაში გააგზავნა. ვენეციის კომისიამ საბოლოო მოსაზრება 12 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.

ვენეციის კომისიის მოსაზრებას იზიარებს ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი