ახალი ამბებისაზოგადოება

NGO-ები რაჭისა და გურიის სტიქიებთან დაკავშირებთ გამოძიებას მოითხოვენ

2 ოქტომბერი, 2023 • 1256
NGO-ები რაჭისა და გურიის სტიქიებთან დაკავშირებთ გამოძიებას მოითხოვენ

სამოქალაქო ორგანიზაციები ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ  აგვისტოში- შოვში, სექტემბერში კი გურიაში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით.

რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ადამიანების უსაფრთხოება, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად – სამოქალაქო სექტორი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, ამ კითხვებზე დროულად გასცენ პასუხი.

სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ გამოძიების პროცესი და ამ პროცესის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები პრობლემურია, რაც ბუნებრივად იწვევს როგორც დაზარალებულების, ისე მთელი საზოგადოების უნდობლობას.

“გამოძიების დაწყებისთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დანაშაულს არ ჰქონია ადგილი, რაც იმთავითვე აჩენს კითხვებს გამოძიების შედეგების მიმართ”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია სტიქიების ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნისა და სტიქიური მოვლენების მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვის მნიშვნელობაზე. ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საჯარო ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზეც.

“მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით და ის აწარმოოს გენერალურმა პროკურატურამ, მოხდეს დაზარალებულთა უფლებამონაცვლედ ცნობა და მათ მიეცეთ უფლებების ჯეროვანი რეალიზაციის შესაძლებლობა, მათ შორის, ადვოკატებს მიეცეთ საქმის მასალებზე სათანადო წვდომის შესაძლებლობა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს დროულად და პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საფარი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC).


3 აგვისტოს, 15 საათზე, შოვში ღვარცოფი მოვარდა, რამაც თითქმის მთელი დასახლება წალეკა. ამ დროისთვის ნაპოვნია შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი. ეძებენ ერთ ადამიანს. 22 სექტემბერს, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, რომ საძიებო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი.

რაც შეეხება მომხდარის გამოძიებას, “ნაციონალურმა მოძრაობა” ამასთან დაკავშირებით საგამოძებო კმისიის შექმნის ინიციაქტივით გამოვიდა. კომისიის შექმნა მოითხოვა პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემაც. პარტია „საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერდა და აცხადებდა, რომ შოვთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილ სადეპუტატო კითხვებზე პასუხს დაელოდებოდა. 26 სექტემბერს პარტიაში განაცხადეს, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ, თუმცა მის შემადგენლობაში არ შევლენ.

8 სექტემბერს მეწყერი ჩამოწვა გურიის რეგიონში, ჩოჩხათის თემის რამდენიმე სოფელში. მეწყრის და წყალდიდობის დროს დაიღუპა სამი, დანგრეულია, სულ მცირე, 10 სახლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი