ახალი ამბები

ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობა – დაუშვილი საგამოძიებო კომისიაზე

15 აგვისტო, 2023 • 1561
ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობა – დაუშვილი საგამოძიებო კომისიაზე

პარტია „საქართველოსთვის“ ამ ეტაპზე არ უჭერს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს.

საგამოძიებო კომისისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა.

როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, ენმ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, თავად კი ამ „პოლიტიკურ ფარსში“ მონაწილეობას არ მიიღებენ.

„საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს, თუ რა მოხდა რეალურად: სად და რამდენად იყო დისფუნქციური სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და, შესაბამისად, მოხდეს ამ პასუხისმგებლობის დაკისრება. ჩვენ მთავარი მიზნიდან უნდა ამოვიდეთ და ეს არის სიმართლის დადგენა.

ჩვენ დღეს რეალურად ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს უმძიმესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, პოლიტიკური დივიდენდებისა და სარგებლის მისაღებად. მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ მავნებლურ საქციელს გამოიყენებს იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ტრაგედიაზე არასათანადო რეაგირებაზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დაუშვილის თქმით, ვიდრე ენმ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდოდა, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით უკვე გაგზავნილი ჰქონდათ სადეპუტატო კითხვები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის.

„ათობით კითხვა დავუსვით ცალკე პრემიერ-მინისტრსა და ცალკე შს მინისტრს. ფაქტობრივად, წინასაგამოძიებო მოქმედებები დავიწყეთ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით, რათა ჭეშმარიტება დადგინდეს. თუ ჩვენ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებთ ან მივიღებთ უშინაარსო პასუხებს, რა თქმა უნდა, ეს საგამოძიებო კომისიის შექმნის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ენმ-ის განცხადებით, ორი მთავარი კითხვა არსებობს: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

შოვში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემაც.

3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 25 დაღუპულის შესახებ, 8 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი