ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში გაეროს მისია ჩავიდა – ბაქო

2 ოქტომბერი, 2023 • 1343
ყარაბაღში გაეროს მისია ჩავიდა – ბაქო

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მთიან ყარაბაღში გაეროს მისია იმყოფება.

ბაქოს ინფორმაციითვე, გაეროს მისიის მიზანია, ადგილზევე გაეცნოს არსებულ მდგომარეობას და მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები განსაზღვროს.

მისიის შემადგენლობაში გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენელი შედის.

სომხური მხარის ცნობით, პირველი ოქტომბრის მონაცემებით სომხეთში უკვე იმყოფება 100 514 იძულებით გადაადგილებული ეთნიკური სომეხი მთიანი ყარაბაღიდან.


მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკა [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს – შესაბამის განკარგულებას, სომხური მედიის ცნობით, ხელი მოაწერა დე ფაქტო პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა. განკარგულების მიხედვით, “2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია წყვეტს არსებობას. ასევე, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის რესპუბლიკის მიღმა მყოფი, გაეცნობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად, დაბრუნდნენ თუ არა მთიან ყარაბაღში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი