ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი კვლავ ჰპირდება ყარაბაღელ სომხებს უსაფრთხოებას და უფლებების დაცვას

29 სექტემბერი, 2023 • 4518
ალიევი კვლავ ჰპირდება ყარაბაღელ სომხებს უსაფრთხოებას და უფლებების დაცვას

“ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება დაცულია. ჩვენ უკვე წარმოვუდგინეთ ყარაბაღის სომეხ თემს რეინტეგრაციის ჩვენებური ხდვა, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, კულტურული და უფლებების დაცვას ითვალისწინებს და რომელიც ასახულია საერთაშორისო კონვენციებში, რომელსაც აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზანგილანში ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

უკანასკნელ პერიოდში მსგავსი განცხადებები, ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციის შესახებ ალიევს აქამდეც გაუკეთებია.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.

2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკა [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს – შესაბამის განკარგულებას, სომხური მედიის ცნობით, ხელი მოაწერა დე ფაქტო პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა. განკარგულების მიხედვით, “2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია წყვეტს არსებობას. ასევე, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის რესპუბლიკის მიღმა მყოფი, გაეცნობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად, დაბრუნდნენ თუ არა მთიან ყარაბაღში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი