„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე „გარეწარია“. ასე შეაფასა მან რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის.
შარმანაშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძეზე ძებნაა გამოცხადებული და თუ მას დააკავებენ, საპატიმროში იქნება დიდი ხნის განმავლობაში.
„ის კაცი არის ჩემს თვალში დამნაშავე, რომელსაც ვეძებთ და სადაც დავიჭერთ, იქ დავაპატიმრებთ… იმის მხარეს რომ დაიწყებ შეიარაღებულ ბრძოლას, ვისაც შენი სამშობლოს 20% აქვს ოკუპირებული, ჩემთვის ის ადამიანი არის გარეწარი“, – ამბობს შარმანაშვილი.
გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვა დაუსვეს კიდევ ერთ დეპუტატ, ირაკლი ჭეიშვილს, რომლის შეფასებითაც „ძალიან ცუდი“ და „არასწორი ფაქტია“ რომ უკრაინის წინააღმდეგ საომარ პროცესებში ქართველი იღებს მონაწილეობას.
რუსულმა სამთავრობო სააგენტო „ტასს-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის. მათივე ცნობით, ის რუსეთში ჩამოყალიბებული მოხალისეთა მრავალეროვანი დანაყოფის „გეორკგიევსკის“ მეთაურია.
ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, მან ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება ომში რუსეთის მხარეს მიეღო მონაწილეობა.
ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი. მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული.
