ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის შეტევა მთიან ყარაბაღზე: დაიღუპა ორი, არიან დაჭრილები

19 სექტემბერი, 2023 • 872
აზერბაიჯანის შეტევა მთიან ყარაბაღზე: დაიღუპა ორი, არიან დაჭრილები

აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი –   წერს ტვიტერზე დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკის ომბუდსმენი გეგამ სტეპანიანი.

მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი ბავშვია. სტეპანიანი აგრეთვე წერს თერთმეტ დაშავებულზე, რომელთა შორის რვა ბავშვია. დე ფაქტო ყარაბაღის ომბუდსმენმა დაშავებულთა ფოტოებიც გამოაქვეყნა.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა დღეს, 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის “ანტიტერორისტულ ოპერაციას” ატარებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია, სომხეთი ჩაითრიოს საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა მთიან ყარაბაღში არ იმყოფებიან სომხური დანაყოფები.


სტეპანაკერტში დე ფაქტო ოფიციალური სტრუქტურების განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან საჰაერო შეტევების შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა, მათ შორის არიან ბავშვები.


საერთაშორისო საზოგადოებაში ეხმაურებიან აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ გამოცხადებას და საბრძოლო მოქმედებების დაწყებას. ამ ეტაპზე განცხადებები გამოაქვეყნეს ევროკავშირის და ევროსტრუქტურების წარმომადგენლებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი