დე ფაქტო ყარაბაღის სამი ყოფილი პრეზიდენტი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, იტყობინება აზერბაიჯანული მედიასაშუალება „აპა“.
გამოცემის ცნობით, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტების – არკადი გუკასიანის, ბაკო სააკიანის და არაიკ არუთუნიანის გარდა დაკავებულია დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავიდ იშხანიანიც. დაკავებულები, სავარაუდოდ, უკვე ბაქოში გადაიყვანეს.
„აპას“ ცნობით, ამჟამად ყველა მათგანზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რა მუხლით, ამ ეტაპზე დაზუსტებული არაა.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.
20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.
გარეკანის ფოტო: © CentralAsia.Media