ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა ბოდიში მოიხადა რუსი სამშვიდობოების დაღუპვისთვის – კრემლი

21 სექტემბერი, 2023 •
ალიევმა ბოდიში მოიხადა რუსი სამშვიდობოების დაღუპვისთვის – კრემლი

კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბოდიში მოიხადა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუს მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტის სამხედროების დაღუპვის გამო.

„ილჰამ ალიევმა ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოხატა 20 სექტემბერს ყარაბაღში  რუსული მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის სამხედროების დაღუპვის გამო. ხაზი გაესვა, რომ მომხდარის გამოძიება მოხდება და ყველა დამნაშავე დაისჯება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, მატერიალური დახმარება გაუწიოს დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ 20 სექტემბერს გახდა ცნობილი – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი მანქანა ცეცხლის ქვეშ მოჰყვა. რამდენი სამხედრო იყო ავტომობილში, უწყებას არ დაუკონკრეტებია.


მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის “ანტიტერორისტულ ოპერაციას” ატარებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია, სომხეთი ჩაითრიოს საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა მთიან ყარაბაღში არ იმყოფებიან სომხური დანაყოფები.

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი