ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის ყოფილი ლიდერი დააკავა

27 სექტემბერი, 2023 • 2701
აზერბაიჯანმა ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის ყოფილი ლიდერი დააკავა

აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის ყოფილი ლიდერი, რუბენ ვარდანიანი დააკავა. როგორც BBC წერს, სეპარატისტული მთავრობის ყოფილი ლიდერი იმ დროს დააკავეს, როცა ყარაბაღს ტოვებდა და სომხეთში გადასვლას ცდილობდა.

„რუბენი ყოველთვის იდგა არწახის (აზერბაიჯანულად ყარაბაღი) მოსახლეობის გვერდით ათთვიანი ბლოკადის განმავლობაში და მათთან ერთად იტანჯებოდა და ცდილობდა გადარჩენას“, — თქვა დაკავებულის ცოლმა, რომელმაც მხარდამჭერებს მოუწოდა და ქმრის უსაფრთხოდ გასათავისუფლებლად მხარდაჭერა სთხოვა. BBC-ის ცნობით, ვარდანიანი აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ბაქოში გადაიყვანეს და სახელმწიფო უწყებებს გადასცეს.

ვარდანიანი დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკას 2022 წლის თებერვლამდე მართავდა.

სომხეთის მთავრობის ცნობით, 27 სექტემბრის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 40 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი შევიდა. პროცესი ამ დრომდე გრძელდება ლაჩინის კორიდორის გავლით. პროცესს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მკაცრად აკონტროლებენ და აკავებენ პირებს, რომელბმაც, მათივე შეფასებით, „ომის დანაშაული“ ჩაიდინეს.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტულ ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო.

დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი