ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო ალიევს“ – საერთაშორისო გამოხმაურება ყარაბაღზე

19 სექტემბერი, 2023 • 1797
„რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო ალიევს“ – საერთაშორისო გამოხმაურება ყარაბაღზე

საერთაშორისო საზოგადოებაში ეხმაურებიან აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ გამოცხადებას და საბრძოლო მოქმედებების დაწყებას. ამ ეტაპზე განცხადებები გამოაქვეყნეს ევროკავშირის და ევროსტრუქტურების წარმომადგენლებმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი გმობს სამხედრო ესკალაციას და მოუწოდებს აზერბაიჯანს სამხედრო ქმედებების შეჩერებისკენ. მისივე თქმით, სამხედრო ესკალაცია არ უნდა იყოს გამოყენებული ყარაბაღის მკვიდრთა გაძევებისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღიდან გამანადგურებელი ახალი ამბები მოდის და ხაზს უსვამს, რომ „აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, რათა გზა გაიხსნას ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის ნამდვილი დიალოგისთვის“.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ ბაქოს „ანტიტერორისტული ოპერაცია“ კოდური სიტყვაა სომეხთა ეთნიკური წმენდისთვის. მისი აზრით, რუსეთმა „მწვანე შუქი აუნთო [აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ] ალიევს“ სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის დასამხობად. „ევროკავშირმა სწრაფად უნდა დაუწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტას, სომხეთის მთავრობას კი ყველანაირი საჭირო დახმარება აღმოუჩინოს“, – წერს იგი.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიძულოს აზერბაიჯანი, საბრძოლო ქმედებები შეწყვტიოს, უარის შემთხვევაში კი სანქციები დაუწესოს. „მსოფლიო ვერ იქნება ჩუმად, როცა ეთნიკური წმენდა ხდება“, – წერს იგი.

რუსეთი, რომელსაც რეგიონში მშვიდობისმყოფელები ჰყავს, მხარეებს მოუწოდებს საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვში შეშფოთებულნი არიან ესკალაციით. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბაქომ ზომები უნდა მიიღოს რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში გმობს აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციას და აცხადებს, რომ ვერაფერი ამართლებს ასეთ ცალმხრივ ქმედებებს. პარიზი მოუწოდებს ბაქოს, შეწყვიტოს იერიში და აცხადებს, რომ პასუხისმგებელი მხოლოდ აზერბაიჯანი იქნება ყარაბაღის სამოქალაქო მოსახლეობაზე. პარიზი აგრეთვე ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას.

ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი წერს, რომ გერმანიაში აზერბაიჯანის ელჩს უთხრა სამხედრო აგრესიის მიუღებლობის შესახებ. მისი თქმით, ალიევი მთელი რეგიონის სტაბილურობას უქმნის რისკს.


მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს.

სტეპანაკერტში [დე ფაქტო დედაქალაქი] აფეთქებების ხმაა, მოსახლეობა ევაკუაციისთვის სარდაფებში ჩავიდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა და მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ ჭურვები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა და დააზიანა. ამ ეტაპზე ყარაბაღში მსხვერპლზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ინფორმაცია ვრცელდება დაჭრილებზე, მათ შორის, ბავშვებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი