ახალი ამბები

საპროტესტო პოსტი ამჯერად მწერალთა სახლის “ინსტაგრამზე” გამოჩნდა

8 სექტემბერი, 2023 • 1150
საპროტესტო პოსტი ამჯერად მწერალთა სახლის “ინსტაგრამზე” გამოჩნდა

საქართველოს მწერალთა სახლის “ინსტაგრამზე” საპროტესტო პოსტი გამოქვეყნდა. მანამდე, მოკლე საპროტესტო განცხადება, რომელიც კულტურის სამინისტროს მიემართებოდა, ამავე ორგანიზაციის “ფეისბუკზე” გამოჩნდა.

“ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!” — წერია 8 სექტემბერს “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტში.

პოსტს ერთვის საბჭოთა დროს რეპრესირებული მიხეილ ჯავახიშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძისა და სხვათა ფოტოები ისევე, როგორც საპროტესტო სტენსილი, რომელიც მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნული გალერეის კედელზე დატოვა 2023 წლის თებერვალში.

ერთი დღით ადრე, 7 სექტემბერს, მწერალთა სახლის “ფეისბუკის” გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა:

“აქ იდო კულტურის სამინისტროს შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური სტატუსი ნატალია ლომოურის შესახებ, რომელსაც ემიჯნება მწერალთა სახლის შემოქმედებითი ჯგუფი”.

ამ პოსტით ჩაანაცვლეს განცხადება, რომელიც თავდაპირველად სამინისტროს ვებგვერდზე დაიდო, შემდეგ კი მწერალთა სახლის “ფეისბუკის” გვერდზეც გამოჩნდა. მასში თეა წულუკიანის უწყება ამბობდა, რომ მწერალთა სახლის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალია ლომოურმა, “სამინისტროსთან დაპირისპირების გზა აირჩია”.

მოგვიანებით, “ფეისბუკიდან” საპროტესტო პოსტი წაიშალა. ამასთან, კულტურის სამინისტროს “ფეისბუკის” გვერდზე კომენტარების ფუნქცია შეზღუდეს პოსტზე, რომელშიც ლომოურის მიერ უწყებასთან “დაპირისპირების გზის არჩევაზე” საუბრობენ.

რა ხდება მწერალთა სახლში

თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით,  4 სექტემბრიდან საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე ხელმძღვანელობს — მმართველი გუნდის დეპუტატი, რომელიც მხარს უჭერდა რუსულ კანონპროექტს ე.წ. აგენტების შესახებ. მსგავსი კანონით რუსეთში ებრძვიან ოპოზიციურ მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმს.

მანამდე, 2019 წლიდან, მწერალთა სახლს ნატალია ლომოური ხელმძღვანელობდა. ის “ნეტგაზეთთან” აცხადებდა, რომ კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.

4 სექტემბერსვე ცნობილი გახდა, რომ ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ნაწილი მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებს. საერთო განცხადების 93 ხელმომწერი აღნიშნავს, რომ ქართული ლიტერატურა საერთო ეროვნული ფასეულობაა და მისთვის მუშაობა ნიშნავს ეროვნული ინტერესების სამსახურში ყოფნას.

მათი თქმით, ლიტერატურა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას, რამდენად მნიშვნელოვნადაც არ უნდა მიაჩნდეთ ეს ინტერესები თავად ამ პარტიის წარმომადგენლებს.

მანამდე, გავრცელდა დუმბაძის მხარდამჭერი განცხადება, რომელსაც კულტურის სფეროს 80-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს. მასში აღნიშნულია, რომ “როგორც ავტორი და პროდიუსერი, ურთულეს წლებში, დიდი რისკის ფასად ამზადებდა აქტუალურ და პრინციპულად მნიშვნელოვან გადაცემებს, რომლითაც ავტორიტარულ რეჟიმს უპირისპირდებოდა”.

თავად დუმბაძემ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მწერალთა სახლიდან არავის გათავისუფლებას არ გეგმავს. დუმბაძის თქმით, ამ ადამიანებთან წლები აკავშირებს და სჯერა, რომ ყველაფერი დალაგდება:

„ყველაფერი დალაგდება. მე ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ წლები მაკავშირებს ამ ადამიანებთან. მე არ ვარ მათთვის უცხო. თუ ვინმე არ მოინდომებს თანამშრომლობას, ეს მასზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ვინმეს ვუთხრა, წაბრძანდი სახლში, ასეთი რამ არ არსებობს“ – აღნიშავს დუმბაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი