ახალი ამბებისაზოგადოება

ადვოკატი: სასამართლომ მორიგჯერ უკანონოდ ცნო ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის გათავისუფლება

5 მარტი, 2024 •
ადვოკატი: სასამართლომ მორიგჯერ უკანონოდ ცნო ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის გათავისუფლება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ ბრძოლა სასამართლოში კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოიგო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ნანა შამათავამ, 5 მარტს გამოაცხადა გადაწყვეტილება და თემურ შარიქაძის, ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა.

“სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია თემურ შარიქაძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც თემურ შარიქაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე, ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამასთან, ეროვნულ მუზეუმს თემურ შარიქაძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 3000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს, დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება”, – წერია მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის განცხადებაში.

პირველი ინსტანციის ეს გადაწყვეტილება მუზეუმს შეუძლია გაასაჩივროს და სააპელაციო სასამართლოს მიმართოს. 

თემურ შარიქაძე ეროვნულ მუზეუმში რეგიონული მუზეუმების კოლექციების (ფონდების) აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ის მუზეუმში 1977 წლიდან, 44 წლის მანძილზე მუშაობდა.

ნეტგაზეთი თემურ შარიქაძის ადვოკატს, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის იურისტს, დავით ომსარაშვილს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, ერთადერთი, რაშიც შარიქაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენაა, ვინაიდან, მუზეუმის განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად ის პოზიცია, რომელსაც თემურ შარიქაძე იკავებდა, აღარ არსებობს.

“თემურ შარიქაძე იმ ცნობილი ე.წ. რეორგანიზაციის შემდეგ გაათავისუფლეს, რომელიც მუზეუმში ჩატარდა 2022 წელს, ბევრი ადამიანი გაუშვეს მაშინ. ამის შემდეგ წულუკიანმა პარლამენტშიც კი თქვა, დიახ, მე გავუშვი ეს ადამიანები, რომლებიც დესტრუქციულები იყვნენო. სასამართლოში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თემურ შარიქაძე უკანონოდ იყო გათავისუფლებული და რეორგანიზაცია მცდელობა იყო, რომ უკანონო გათავისუფლება რამენაირად შეეფუთათ.

ოფიციალურ მიზეზად სახელდებოდა რეორგანიზაცია და კადრების შემცირება. ისმის კითხვა, რა ნიშნით შეარჩიეს ადამიანები, ვის გაუშვებდნენ და ვის დატოვებდნენ? ვითომ შეადგინეს კომისია და ვითომ დაადგინეს, რომ ადამიანების ნაწილი იყო არაკომპეტენტური. ჩვენ დავამტკიცეთ სასამართლოში, რომ არანაირი კომისია არ შექნილა, რომელსაც შეეძლო მუზეუმის თანამშრომელთა კომპეტენცია შეემოწმებინა. თვითონ კომისიაში იყვნენ საამისოდ და ამ მიმართულებით არაკომპეტენტური ადამიანები. მაგალითად, თემურ შარიქაძე არის ისტორიის დოქტორი. მუზეუმში მუშაობის 44-წლიანი გამოცდილებით. როგორი წარმოსადგენია, რომ მაგალითად, ვინმე იურისტი მის კომპეტენციას შეამოწმებს?” – გვეუბნება თემურ შარიქაძის ადვოკატი.

ეროვნული მუზეუმი 2004 წელს დაარსდა, თუმცა 1852 წელს დაარსებული “კავკასიის მუზეუმის” სამართალმემკვიდრეა.

ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებულია:

  • საქართველოს მუზეუმი
  • ხელოვნების მუზეუმი
  • ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
  • თბილისის ისტორიის მუზეუმი
  • საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი
  • ეროვნული გალერეა

მუზეუმები რეგიონებში:

  • ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
  • სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი
  • სვანეთის მუზეუმი
  • დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი
  • სიღნაღის მუზეუმი
  • ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი

სახლ-მუზეუმები :

  • ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
  • მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი
  • იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
  • უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი

სამეცნიერო ცენტრები:

  • ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრი
  • ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი

საცავები:

  • თბილისის არქეოლოგიური საცავი
  • მცხეთის საცავი
  • გურჯაანის საცავი

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირების განცხადებით, თემურ შარიქაძის საქმე მათ ხელთ არსებული საქმეებიდან მეთექვსმეტეა, რომელიც “კულტურის სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ. წინ კი 70-მდე სარჩელის განხილვა ელით.

თემურ შარიქაძის ადვოკატს, დავით ომსარაშვილს, მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლების 13 საქმე აბარია. აქედან სამ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თემურ შარიქაძესთან ერთად მაია პატარიძის საქმეა, რომელზეც ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მუზეუმი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მუზეუმებთან დაკავშირება მხოლოდ კულტურის სამინისტროს გავლით არის შესაძლებელი. კულტურის სამინისტრო კი მედიასთან კომენტარზე უარს ამბობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი