ახალი ამბები

თბილისი უკრაინის გადაწყვეტილებაზე საპასუხო რეაქციისგან თავს შეიკავებს

4 ივლისი, 2023 • 878
თბილისი უკრაინის გადაწყვეტილებაზე საპასუხო რეაქციისგან თავს შეიკავებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით.

ამავდროულად, თბილისი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს საპასუხო ქმედებისგან.

„ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ“, — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას, უწყების შეფასებით, განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც „კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები“.

„ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას“, — აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იმედოვნებს, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.

„ურყევია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ომის დაწყების დღიდან საქართველო ახორციელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია“, — აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმაც დღეს, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს.

„აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ომში მყოფი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას. სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რამე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას“, — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


დღეს, 4 ივლისს, საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით დაიბარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც პროტესტი გამოუცხადეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის აბუჩად აგდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩისადმი შეთავაზებულ იქნა, დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად“, — აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი.

3 ივლისს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში, ის საზოგადოებას არ უნახავს. სწორედ სააკაშვილის გამოჩენას მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ კრემლი „საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს“. უკრაინის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება საქართველოს ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებისა და 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებზე დაბრუნების შეთავაზების შესახებ.

უკრაინული მედია წერს, რომ კიევის მიერ არჩეული პროცედურა არ არის დამახასიათებელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. სახელმწიფოს შეუძლია კონსულტაციებისთვის გაიწვიოს საკუთარი ელჩი, მაგრამ არა ის, რომ სხვა სახელმწიფოს ელჩი გააძევოს პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ან აკრედიტაციის ჩამორთმევის გზით.

„თუმცა ზელენსკიმ გადაწყვიტა, არ გადაედგა ეს მძიმე ნაბიჯი და შესთავაზა პროცედურა, რომელსაც არ აქვს მკაფიო სახელი და წესები“, — წერს „ევროპეისკა პრავდა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 3 ივლისის გადაწყვეტილებას უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით.

ამ თემაზე:

სააკაშვილის გამო ზელენსკი საქართველოს ელჩს თბილისში აგზავნის

„ერთი ნაბიჯი პერსონა ნონ გრატად გამოცხადებამდე“ — გიგიაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი