საზოგადოება

„ერთი ნაბიჯი პერსონა ნონ გრატად გამოცხადებამდე“ — გიგიაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

4 ივლისი, 2023 • 1304
„ერთი ნაბიჯი პერსონა ნონ გრატად გამოცხადებამდე“ — გიგიაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

„ძალიან უსიამოვნო დიპლომატიური გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს“, — ასე აფასებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე კიევის გადაწყვეტილებას უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით.

გიგიაძის თქმით, თავის 24-წლიან დიპლომატიურ პრაქტიკაში არ ყოფილა და არც სხვა სახელმწიფოების შემთხვევა ახსენდება, რომ ადგილსამყოფელი ქვეყანა პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გარეშე მოუწოდებდეს ელჩს ქვეყანაში დაბრუნებისკენ.

„ძალიან სპეციფიკური ფორმა იქნა არჩეული, როცა თვითონ ადგილსამყოფელი ქვეყანა ურჩევს საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვებას 48 საათში. ეს არის ერთი ნაბიჯი ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებამდე. ალბათ, ამ უკიდურესი ნაბიჯის [პერსონა ნონ გრატად გამოცხადება] გადადგმას მოერიდა უკრაინული მხარე, მაგრამ, ფაქტობრივად, დიდი განსხვავება არ არის. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე — ქვეყანა საკუთარ ელჩს იწვევს კონსულტაციებზე. ახლა ჩვენ გვაქვს სარკისებური შემობრუნება, როდესაც პირიქით, მიმღები მხარე ეუბნება ელჩს, წავიდეს კონსულტაციებზე, რაც ძალიან უცნაური და არაბუნებრივი დიპლომატიური გადაწყვეტილებაა“, — ამბობს გიგიაძე.

მისი შეფასებით, უკრაინის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს ელჩის დროებით გამოძევებას — პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შერბილებული ფორმა.

„არ არის ბუნებრივი პრაქტიკა, როდესაც მიმღები მხარე ეუბნება წარმგზავნი ქვეყნის ელჩს, რომ მან უნდა დატოვოს ქვეყანა. თანამედროვე საქართველოს დიპლომატიის ისტორიაში ასეთ რამ პირველად ხდება მის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მიმართებით“, — დასძინა გიგიაძემ.

გიგიაძე ამბობს, რომ ვერ შეაფასებს, რამდენად მართებულია უკრაინული მხარის გადაწყვეტილება, თუმცა მათი გადმოსახედიდან, როგორც ჩანს, ეს არის სააკაშვილთან დაკავშირებული რეალობის ადეკვატური შეფასება.

ქართული მხარის შესაძლო საპასუხო ნაბიჯთან დაკავშირებით გიგიაძე ამბობს, რომ თბილისი იმავეს ვერ გააკეთებს, რადგან წელიწადზე მეტია, უკრაინას საქართველოში ელჩი არ ჰყავს და ქვეყანა დატოვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმაც.

„ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ცალმხრივ რეჟიმში გვინდა უკრაინისადმი დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნება, ვინაიდან ეს ქვეყანა ომში იმყოფებაო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ნაბიჯს არაფერი დამატებითი არ მოჰყვება“, — მიიჩნევს გიგიაძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია უკრაინის გადაწყვეტილებას.

დღეს, 4 ივლისს, საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით დაიბარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც პროტესტი გამოუცხადეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის აბუჩად აგდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩისადმი შეთავაზებულ იქნა, დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად“, — აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი.

3 ივლისს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში, ის საზოგადოებას არ უნახავს. სწორედ სააკაშვილის გამოჩენას მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ კრემლი „საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს“. უკრაინის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება საქართველოს ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებისა და 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებზე დაბრუნების შეთავაზების შესახებ.

უკრაინული მედია წერს, რომ კიევის მიერ არჩეული პროცედურა არ არის დამახასიათებელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. სახელმწიფოს შეუძლია კონსულტაციებისთვის გაიწვიოს საკუთარი ელჩი, მაგრამ არა ის, რომ სხვა სახელმწიფოს ელჩი გააძევოს პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ან აკრედიტაციის ჩამორთმევის გზით.

„თუმცა ზელენსკიმ გადაწყვიტა, არ გადაედგა ეს მძიმე ნაბიჯი და შესთავაზა პროცედურა, რომელსაც არ აქვს მკაფიო სახელი და წესები“, — წერს „ევროპეისკა პრავდა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 3 ივლისის გადაწყვეტილებას უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით.

სააკაშვილის გამო ზელენსკი საქართველოს ელჩს თბილისში აგზავნის

მასალების გადაბეჭდვის წესი