ახალი ამბები

ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია — კობახიძე უკრაინიდან ელჩის გამოშვებაზე

4 ივლისი, 2023 • 955
ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია — კობახიძე უკრაინიდან ელჩის გამოშვებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 3 ივლისის გადაწყვეტილებას უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით.

ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ელჩის დაბარება, მისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათის ვადაში საქართველოში კონსულტაციებისთვის გაგზავნა.

„მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემის განხილვაში, რადგან საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. თუმცა უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი.

შეურაცხმყოფელი იყო ისიც, რომ როგორც აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როდესაც იგივე ხელისუფლება სააკაშვილის უკან, უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს. მე ამაზე ღრმად არ მინდა შევიდე განხილვაში. ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, რომელიც არის ომის მდგომარეობაში“, — თქვა კობახიძემ 4 ივლისს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვებზე პასუხის გაცემისას.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში ის საზოგადოებას არ უნახავს. ჩართვისას გამოჩნდა, რომ სააკაშვილი ცუდად გამოიყურება — არის უკიდურესად გამხდარი. სწორედ სააკაშვილის გამოჩენას მოჰყვა ზელენსკის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი