უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, შეწყვიტოს დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს.

„ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთია და მხოლოდ რუსეთი. ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება უკვე დღესვეა შესაძლებელი, მაგრამ პუტინს ამის გაკეთება არ სურს. უკრაინა მზად იქნება შეწყვიტოს დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს. დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს და რეალური გარანტიებით გამყარებული“, — წერს ზელენსკი X-ზე.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი დარტყმებით უკრაინამ ზიანი მიაყენა დიზელის საწვავის გლობალურ მომარაგებას.

„ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. მას სურს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებსა და მეცხოველეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მსოფლიოს დიზელის საწვავის დიდ ნაწილს აწვდის“, — განაცხადა ტრამპმა.

ზელენსკის თქმით, მზადაა, არჩევნები ჩაატაროს ორთვიანი სრულ ცეცხლის შეწყვეტის პირობებში.

„ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურს უკრაინის პრეზიდენტის შეცვლა. ეს მესმის. და თუ პრეზიდენტ ტრამპსაც სურს არჩევნებში რაიმე ცვლილების დანახვა, — მე ეს ასევე ვუთხარი მის გუნდს — გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორთვიანი, 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანისთვის“, — უთხრა ზელენსკიმ ABC News-ს.

დონალდ ტრამპმა, რომელიც ევროკავშირს აკრიტიკებდა და ინდოეთს ტარიფები დაუწესა რუსული საწვავის შეძენის გამო, 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციებს 7 აპრილამდე აჩერებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი დასთანხმდა 300 000 ტონა დიზელის დაუყოვნებლივ გამოშვებას „ამერიკულ და გლობალურ ბაზარზე“, 500 000 ტონის — ნოემბერში და კიდევ ერთი მილიონის ამის შემდეგ. ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ რუსული დიზელის კიდევ სამი მილიონი ტონის „მოკლე პერიოდში“ მიწოდება დამოკიდებული იქნება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც უკრაინის თავდასხმის ქვეშ არიან.

მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც წელს დიზელის ექსპორტზე აკრძალვა შემოიღო, მზად იყო ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით მოემარაგებინა როგორც აშშ-ის, ასევე მსოფლიო ბაზრები, თუმცა მის განცხადებაში რაოდენობა არ იყო მითითებული.

დიზელის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა თებერვალში ომის დაწყებას ახლო აღმოსავლეთში, თუმცა დონალდ ტრამპი გლობალურ კრიზისში რუსეთ-უკრაინის ომს ადანაშაულებს. რუსეთთან შეთანხმება ტრამპის მცდელობაა, აშშ-ში შუალედური არჩევნების წინ საწვავის ფასები შეამციროს, თუმცა დარგის ექსპერტების შეფასებით, დასახელებული რაოდენობები ფასზე არსებით გავლენას ვერ იქონიებს.

ამ თემაზე:

რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა ომში ინვესტიციაა – ზელენსკი