ხელოვნება

წულუკიანმა გაგა ჩხეიძე კინოცენტრიდან გაათავისუფლა

14 მარტი, 2022 • 5203
წულუკიანმა გაგა ჩხეიძე კინოცენტრიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ განცხადებაში წერია.

სამინისტრო ამბობს, რომ გათავისუფლებასთან ერთად, ჩხეიძის საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურას გაეგზავნა. აუდიტის დასკვნაში კი ნათქვამია, რომ გამოვლინდა „კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები“. მათ შორის, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

„აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი, გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, მისი საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას დასკვნაში მითითებულ არაერთ გარემოებასთან დაკავშირებით. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე განახორციელებს“, – წერია განცხადებაში.

[მასალა განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი