ახალი ამბები

თუ არ ამოიღებენ 12 პუნქტიდან, გამოდის, არ იზიარებენ ვენეციის კომისიის მიდგომას – კობახიძე EU-ზე

15 ივნისი, 2023 • 798
თუ არ ამოიღებენ 12 პუნქტიდან, გამოდის, არ იზიარებენ ვენეციის კომისიის მიდგომას – კობახიძე EU-ზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკომოსიის 12-პუნტქიან რეკომენდაციაში დეოლიგარქიზაციის დატოვებით ევროკომისია აჩვენებს, რომ ვენეციის კომისიის მიდგომას არ იზიარებს.

მისი თქმით, თუ ევროკომოსია დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციას 12 პუნქტიდან არ ამოიღებს, მაშინ „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიიღებს და აამოქმედებს.

„თუ არ ამოიღებენ პუნქტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინ გამოდის, რომ არ იზიარებენ სინამდვილეში ვენეციის კომისიის მიდგომას. თუ ამოიღებენ, ამ შემთხვევაში კანონი გაუქმდება, თუ არ ამოიღებენ, ამ შემთხვევაში კანონი ამოქმედდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ უკრაინული მეთოდებით ეს კანონი არცერთ შემთხვევაში არ იმოქმედებს საქართველოში. საქართველოში არცერთ შემთხვევაში არ იქნება ეს კანონი გამოყენებული, არც ბიზნესის რეკეტისთვის, არც სხვა მანკიერი ინტერესებისთვის, რაც ჩვენ მძიმედ გვახსოვს 2012 წლამდე. ჩვენ ბიზნესის რეკეტი წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს საქართველოში. უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საფუძველზე განხორციელდა ბიზნესის რეკეტი, მათ შორის მედიასაშუალებები გადაუფორმეს ბიზნესმენებმა სახელმწიფოს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამ უხეში მიდგომით, ანუ ბიზნესის რეკეტის მიდგომით, არ დავნერგავთ ამ კანონს”,- განაცხადა კობახიძემ.

რა ხდება?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია წარუდგინა. 12 პუნქტში ერთ-ერთი პრიორიტეტი დეოლიგარქიზაციაა.

დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველმა პარტიამ უკრაინის კანონის მაგალითზე კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ოლიგარქების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს და აცხადებს, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება. თუმცა, მათი თქმით, დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებში ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას არ აპირებდა, კრიტიკის შემდეგ დოკუმენტი ევროპულ სტრუქტურაში მაინც გაგზავნეს.

ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედური მოსაზრება მარტში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.

ვენეციის კომისიის შუალედური მოსაზრების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შეფასებისთვის ისევ ვენეციის კომისიაში გააგზავნა. ვენეციის კომისიამ საბოლოო მოსაზრება 12 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.

ვენეციის კომისიის მოსაზრებას იზიარებს ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული.

თუმცა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება საკმარისი არ არის. მისი თქმით, საჭიროა, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი ევროკომისიამ 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ამოიღოს.

კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მმართველი გუნდი მესამე მოსმენითაც მიიღებს და ევროკომისიის შეფასებას დაელოდება. მისი თქმით, თუ ევროკომისია ამ საკითხს 12 პუნქტიდან ამოიღებს, მაშინ „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონს აღარ აამოქმედებს და თებერვალში გააუქმებს.

ევროკომისიის განცხადებით, დეოლიგარქიზაცია საქართველოს 12-პუნქტიან რეკომენდაციებში დარჩება. თუმცა, ნეტგაზეთისთვის ევროკომისიიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის მისაღწევად პერსონალურის ნაცვლად (რასაც “ქართული ოცნების” კანონპროექტი ითვალისწინებს) საქართველომ სისტემური მიდგომა უნდა გამოიყენოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი