„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება საკმარისი არ არის.
მისი თქმით, საჭიროა, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი ევროკომისიამ 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ამოიღოს.
კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მმართველი გუნდი მესამე მოსმენითაც მიიღებს და ევროკომისიის შეფასებას დაელოდება. მისი თქმით, ევროკომისია ამ საკითხს 12 პუნქტიდან ამოიღებს, მაშინ „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონს აღარ აამოქმედებს და თებერვალში გააუქმებს.
„რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ნიშნავს ამ საკითხის პერსონალიზებული მიდგომით მოწესრიგებას. აქედან გამომდინარე, დაველოდებით დეკემბერს, როდესაც ევროპული საბჭო 12 პუნქტის განხორციელებას შეაფასებს. როდესაც იტყვიან, რომ ეს საკითხი ამ კანონის გარეშეც მოწესრიგებულია, ამ შემთხვევაში კანონი გაუქმდება.
გვჭირდება 12-პუნქტიანი გეგმიდან იმ ჩანაწერის ამოღება, რომელიც უკავშირდება დეოლიგარქიზაციას, რათა დავადგინოთ, რომ ევროკომისია მხარს აღარ უჭერს პერსონალიზებულ მიდგომას. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში. ამასთან, ეს ე.წ. სისტემური მიდგომა პრობლემის გადაწყვეტას საერთოდ არ უზრუნველყოფს. მაგალითად, კეზერაშვილი ღიად აფინანსებს პარტიებს, NGO-ებს, მედიასაშუალებებს. ვერც ერთი სისტემური რეფორმა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. თუ პერსონალიზებული მიდგომა არ დანერგე, კეზერაშვილის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში ვერ გადაიჭრება“,- განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირის განცხადებით, უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული. მათივე განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.