ახალი ამბები

ეკა კიკნაძის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

29 მაისი, 2023 • 1320
ეკა კიკნაძის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორის, ეკა კიკნაძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი სარჩელი.

როგორც კიკნაძე განმარტავს, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მისი სამსახურებრივი დაქვეითება მმართველიდან ლაბორანტამდე. თუმცა სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„მე ვდავობდი ორ ნაწილში: ერთი იყო ლაბორანტად ჩამოქვეითება მმართველის პოზიციიდან და მეორე – სამსახურიდან გათავისუფლება რამდენიმე თვეში. მოსამართლემ დააკმაყოფილა პირველი ნაწილი – მან ლაბორანტად ჩამოქვეითება ცნო უკანონოდ, დანიშნა კომპენსაცია 5 ათასი ლარის ოდენობით და განსხვავება ხელფასში იმ პოზიციასთან შედარებით, რაც მას მიაჩნდა, რომ ჩემთვის უნდა შემოეთავაზებინათ… რომელიც უფრო შესაბამისი იყო ჩემი კვალიფიკაციისთვის“, – ამბობს ნეტგაზეთთან ეკა კიკნაძე და დასძენს, რომ გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ნეტგაზეთთან კიკნაძე აცხადებს, რომ მისთვის დღევანდელი გადაწყვეტილება გამარჯვებაა – „რადგან პირველი უსამართლობა, რომელიც შემეხო, ეს ჩამოქვეითებაა, რაც, რა თქმა უნდა, წულუკიანის სტილი იყო, რომლის მთავარი მიზანია მისი გადმოსახედიდან ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება“.


თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებიდან ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს — კურატორები, მკვლევრები, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირები.

მათ შორის იყო ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი – ეკა კიკნაძე. ის კრიტიკული წერილებისა და შენიშვნების შემდეგ ჯერ ჩამოალაბორანტეს (პირდაპირი მნიშვნელობით), შემდეგ ნახევარი თვის ხელფასი 165 ლარი გადაუხადეს და იანვარში საბოლოოდ დაითხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი