საზოგადოება

ეროვნულ გალერეაში ბაღლინჯოები აღმოაჩინეს – მუზეუმის განმარტება და შეფასებები

15 აგვისტო, 2024 •
ეროვნულ გალერეაში ბაღლინჯოები აღმოაჩინეს – მუზეუმის განმარტება და შეფასებები

საქართველოს ეროვნულ გალერეაში მწერები, ბაღლინჯოები აღმოაჩინეს. ისინი 12 აგვისტოს, ერთ-ერთი დროებითი გამოფენის დასრულების შემდეგ, ნამუშევრების ჩამოხსნისას დააფიქსირეს.

დეზინფექციის მიზნით გალერეა რამდენიმე დღით დაიკეტა.

ეროვნულ მუზეუმში, რომლის დაქვემდებარებაშიც მუშაობს გალერეა, აცხადებენ, რომ სანიტარული სამუშაოები უკვე ჩატარდა და ნამუშევრებს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა კულტურის სფეროში მომუშავე პროფესიონალები მომხდარს საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ეს კარგად აჩვენებს არა მხოლოდ გალერეის მენეჯმენტის, არამედ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას ეროვნული მნიშვნელობის კოლექციებისა და ნამუშევრების მიმართ.

გალერეაში მწერების გავრცელების შესახებ განცხადება ეროვნულმა მუზეუმმა მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

“საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები – საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა. აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება”, – ვკითხულობთ მუზეუმის განცხადებაში.

პროტოკოლის მიხედვით, გალერეაში ნამუშევრების შეტანამდე ის უნდა შემოწმდეს რესტავრატორის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული სივრცის დაბინძურების ან დაზიანების რისკები.

ეკა კიკნაძე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ამბობს, რომ ადრე ეროვნულ გალერეაში ამისთვის ცალკე შტატი არსებობდა – რესტავრატორი გალერეაში შესულ ყველა ნამუშევარს ამოწმებდა. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა დაგეგმილ გამოფენაში არსობრივი ცვლილებები შესულა იმის გამო, რომ რესტავრატორს კონკრეტული ნამუშევრების გალერეის სივრცეში შეტანა მიზანშეწონილად არ მიუჩნევია. კიკნაძის თქმით, პროფესიონალი მენეჯერი ყოველთვის უსმენს და ითვალისწინებს რესტავრატორისა და კონსერვაციის სპეციალისტის აზრს, რადგან ეს გადამწყვეტია საგამოფენო სივრცის უსაფრთხოებისთვის.

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შეიცვალა მმართველი რგოლიც. ეკა კიკნაძის ინფორმაციით, მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მისვლის შემდეგ აღარ არსებობს ცალკე კადრი, რომელიც გალერეაში შესულ ნამუშევრებს პრევენციულად შეამოწმებს.

ეკა კიკნაძე

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის დასაზუსტებლად და დამატებითი დეტალების გასარკვევად ეროვნული მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კურატორს, მაგდა გურულს დაუკავშირდა. ის ირწმუნება, რომ გალერეაში შესვლამდე ყველა ნამუშევარი მოწმდება და ფორმდება მისი დაცულობის აქტი.

“დაცულობის აქტი დგება ყველა შემოსულ ნამუშევარზე. რესტავრატორი ამოწმებს და მთელი დასტა არის ნამუშევრის ფოტოთი და მიმღები რესტავრატორების ხელმოწერებით. ეს ყველა მუზეუმში აუცილებელი პრაქტიკაა. ძალიან მკაცრი პროტოკოლია და ჩვენთანაც ამ პროტოკოლის დაცვა ხდება მკაცრად! შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რესტავრატორი, რომელიც ამოწმებს, არ არის კომპეტენტური. ეს არის აბსურდი. ეს რესტავრატორები არიან პროფესიონალები, რომლებიც აქ ათწლეულებია მუშაობენ”, – აცხადებს მაგდა გურული.

კითხვაზე, როგორ მოხდა საგამოფენო სივრცეში მწერების გავრცელება, გურული პასუხობს, რომ ეს “არავის ბრალი არაა და ასეთი რამ ხდება მსოფლიოს ბევრ მუზეუმში”.

“აქ მთავარი ისაა, რომ ეს არ მომხდარა არავის დაუდევრობით. ყველაფერი ხდება პროტოკოლის მიხედვით. მე პირადად არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შემოტანილი ვიღაცის მიერ, აი, ამ ამბის ასატეხად. ეს ჩემი პირადი ეჭვია”, – უთხრა მაგდა გურულმა “ნეტგაზეთს”.

კურატორი ამბობს, რომ მწერები მხოლოდ რამდენიმე ადგილას აღმოაჩინეს. თუმცა, ამის მიუხედავად, დეზინფექცია მთელ სივრცეში ჩატარდა. გურული ირწმუნება, რომ გალერეაში განთავსებული ექსპონატები, მით უმეტეს, ფიროსმანის ნამუშევრები, საფრთხის ქვეშ არ ყოფილა. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ისინი არა დროებით საგამოფენო სივრცეში, არამედ შენობის მეორე სართულზე არსებულ დარბაზშია განთავსებული. გარდა ამისა, “გალერეაში აღმოჩენილი ე.წ. საწოლის ბაღლინჯო ვერ დააზიანებს ნამუშევარს. ის იკვებება ადამიანის სისხლით. იმას საღებავი და ზეთი არ აინტერესებს”.

მაგდა გურული

“დაუდევრობა, არაკომპეტენტურობა და სამუზეუმო პროტოკოლის დაუცველობა, რომელიც ასევე გულისხმობს სამუზეუმო ჰიგიენას”, – ასე აფასებს ეკა კიკნაძე მომხდარს. ის ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ეროვნულ გალერეას დაუკარგავს იმ იმიჯსა და ნდობას, რომელიც მას საერთაშორისო მასშტაბით ჰქონდა.

“ეროვნულო გალერეა იყო იმდენად გამართული ტექნიკურად და ინფრასტრუქტურულად, იმდენად კარგად პასუხობდა თანამედროვე სამუზეუმო მოთხოვნებს, რომ ჩვენ მსოფლიოს პირველ მუზეუმებთან გვქონდა თანასწორი და თანაბარი პარტნიორობა.

ეს არის პირველი  სივრცე საქართველოში, სადაც უცხოეთიდან ჩამოვიდა მუზეუმის ექსპონატი. ეს იყო “გალერეა საბაუდადან” ჩამოსული სანდრო ბოტიჩელის “ვენუსი” – მსოფლიო შედევრი. ასევე, ამ სივრცეში იფინებოდა “კაზა ბუონაროტიდან” ჩამოტანილი მიქელანჯელოს გრაფიკა. ეს არის სივრცე, სადაც ვენეციის “გალერეა აკადემიიდან” ჩამოტანილი ტიციანი იყო განთავსებული. ხომ გესმით, რა მოთხოვნების და რა სტანდარტების უნდა აკმაყოფილებდე იმისათვის, რომ განდონ ასეთი შედევრები შენს სივრცეში?! ასეთი იყო ეროვნული გალერეა და დღეს ის არის გადაქცეული ბაღლინჯოების არენად. ეს გალერეები და ეს მუზეუმები არც დაგელაპარაკებიან, თუ არ შეაფასებენ შენს ინფრასტრუქტურას უსაფრთხოების, ტენიანობის, ტემპერატურის და მათ შორის, ჰიგიენის კუთხით”, – ამბობს ეკა კიკნაძე.

მისი თქმით, ეროვნული გალერეის თანამედროვე სამუზეუმო სივრცედ გადასაქცევად და მისი რეპუტაციის შექმნისთვის უდიდესი სახელმწიფო და ადამიანური რესურსი დაიხარჯა, რაც ახლა ზიანდება.

“დიდი შრომა გვაქვს ჩადებული იმაში, რომ ეროვნული გალერეა ყოფილიყო ნამდვილი ეროვნული სიამაყე. იქ ფიროსმანია გამოფენილი. ის ალბერტ ზალცმანის სივრცეა [ეროვნული გალერეის შენობის არქიტექტორი], ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე საქართველოში და ერთ-ერთი საუკეთესო შენობა, რომელიც დგას თბილისში – ევროპული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში. ეს არის ქართული კულტურული ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი და დღეს იქ თარეშობენ ბაღლინჯოები”, – ამბობს კიკნაძე.

წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი, რომელიც წლების განმავლობაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაზე მუშაობდა, საკითხს უფრო ფართო ჭრილში განიხილავს. მისი თქმით, ეროვნულ გალერეაში მწერების გაჩენა გამოხატულებაა კულტურის სამინისტროს პოლიტიკისა, რომელიც პრობლემებს ქმნის ყველა მიმართულებით.

დეა მეტრეველი

“ეროვნული მუზეუმი თითქოს ამცირებს, აუფერულებს იმ დიდ საფრთხეს, რაც შეიძლება მოჰყვეს გავრცელებულ ინფორმაციას ბაღლინჯოების თაობაზე. მე გამახსენდა, რომ როდესაც აქტივისტებმა პირველად შეამჩნიეს გელათში წყლის ჩასვლის პრობლემა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მაშინდელი განცხადებაც იყო ისეთივე ზედაპირული, როგორი განცხადებაც ახლა ეროვნულმა გალერეამ გაავრცელა – ეს არის პატარა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც მარტივად აღმოიფხვრებაო. გავიდა ოთხი წელი და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გელათში არსებული ღვთისმშობლის ფრესკა, მოზაიკა, ფაქტობრივად ნადგურდება.

ახლა იმავე ტიპის ზერელე შეფასებებს ვისმენთ ეროვნული გალერეისგან, სადაც ფიროსმანია გამოფენილი. საიდან გვაქვს ჩვენ იმის გარანტია, რომ იქ არ აღმოჩნდება უფრო სერიოზული პრობლემა, ვიდრე ამას თავად აღიარებენ?! კულტურის სამინისტრომ პროფესიული კადრებისგან დაცალა როგორც ეროვნული მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ისე მასზე დაქვემდებარებული ბევრი სხვა უწყება. ამიტომაც ვიღებთ იმ შედეგებს, რასაც ვიღებთ ყველა მიმართულებით კულტურის სფეროში”, – ამბობს დეა მეტრეველი.

15 აგვისტოს, 18:00 საათზე ეროვნული გალერეაში იხსნება სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის რეტროსპექტიული გამოფენა. 16 აგვისტოდან გალერეა ღია იქნება დამთვალიერებლისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი