ახალი ამბები

წულუკიანს დავა მუზეუმის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო

28 თებერვალი, 2024 • 758
წულუკიანს დავა მუზეუმის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო

„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ განცხადებით, თეა წულუკიანს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო.

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც მაია პატარიძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ამასთან, პროფესიული გაერთიანების ინფორმაციით, ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

პროფკავშირის ცნობით, ეროვნულ მუზეუმს მაია პატარიძის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან, მათი თქმით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, სასამართლო ვერ დაავალდებულებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე.

„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ განცხადებით, ეს უკვე მე-15 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წარმოებაში ამ თემაზე კიდევ 70-მდე სარჩელი აქვთ მომზადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი