საზოგადოება

მეცნიერებისა და კულტურის მოთვინიერება წულუკიანის მეთოდით

6 ივნისი, 2022 • 1351
მეცნიერებისა და კულტურის მოთვინიერება წულუკიანის მეთოდით

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მინისტრი თეა წულუკიანი „ბოლშევიკურ წმენდას“ აგრძელებს. ამჟამად ეროვნული მუზეუმის მიღმა დატოვეს, სულ მცირე, 65 სპეციალისტი, რომელთა ჩანაცვლება, მათი პროფესიებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ადვილი არ იქნება, თუ არა — შეუძლებელი.

წულუკიანის წმენდა შეეხო ისეთ ადამიანებსაც, ვინც ქართულ არქეოლოგიას ათწლეულები შესწირა, დააგროვა შეუცვლელი სამეცნიერო კაპიტალი და ახალბედა სპეციალისტებს გზას უკვლევდა. ათობით ასეთ მეცნიერს დღეს არათუ არქეოლოგიური გათხრების გაგრძელების, არამედ მუზეუმში შესვლის ნებართვაც აღარ აქვს.

„კარებთან დგას დაცვა სიით,“ — ამბობენ ისინი.

თანამშრომლები უფლებების აღსადგენად იწყებენ სასამართლო და კოლექტიურ დავას. თუ სამინისტროსთან მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შევა, ამბობენ, რომ გაიფიცებიან.

„მე მხოლოდ სამსახურიდან არ გავუგდივართ, მათ პროფესიული საქმიანობა ამიკრძალეს“

ანა მგელაძე საქართველოს ეროვნულ მუზეუმის დმანისის არქეოლოგიურ გუნდში პირველად 2000 წელს აღმოჩნდა.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ანა ჰყვება, რომ ეროვნულ მუზეუმში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციის დაკავებამდე, განათლება მიიღო ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ- მაგისტრის და ასევე დოქტორანტურის საფეხურზე საფრანგეთში, პარიზის საბუნებისმეტყველო მუზეუმში.

ინტერვიუში ის საუბრობს დმანისის ძეგლის მნიშვნელობაზე — იმ უნიკალურ ძეგლზე, რომელიც 1.77 მილიონი წლითაა დათარიღებული და რომლის აღმოჩენამ მსოფლიოს პრეისტორია-პალეოანთროპოლოგიის დარგში გადატრიალება მოახდინა რამდენიმე მიზეზის გამო.

„აფრიკიდან Homo-ს გვარის პირველი განსახლების თარიღად თუ 1990 წლამდე 1 მლნ წელი მიიჩნეოდა, დმანისის ახალმა აღმოჩენებმა ეს ფაქტი კითხვის ქვეშ დააყენა. შეიცვალა იქამდე არსებული ჰომინიდების განსახლებასთან დაკავშირებული სცენები. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს აფრიკა უფრო ადრე დაუტოვებიათ, ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული.

დმანისი აფრიკის კონტინენტს გარეთ არსებული ასაკით ყველაზე ძველი და მონაპოვრებით უმდიდრესი ძეგლია. 5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა, ასამდე პოსტკრანიალური ჰომოს ანთროპოლოგიური ნამარხი, ათასობით ქვის იარაღი და ცხოველების განამარხებული ფორმები 1.77 მლნ წლით დათარიღებულ ფენებში იქნა აღმოჩენილი“, — გვიხსნის ის. 

გენეტიკური სინჯების აღება ბრინჯაოს მღვიმეში. ფოტო: ანა მგელაძის ფოტოკოლექცია

ანა გვიყვება, რომ ქართული ქვის ხანის არქეოლოგიურ სკოლა დაკომპლექტებული იყო იშვიათი პროფესიონალი არქეოლოგებით — გიორგი ნიორაძე, დავით თუშაბრამიშვილი, ზალიკო ქიქოძე და სხვა, რომელთა დაწყებულ საქმიანობას, განთავისუფლებამდე, აგრძელებდა და აძლიერებდა ეროვნული მუზეუმის ახალი გუნდი.

„ჩვენი გუნდის წევრების დიდ ნაწილს პრეისტორია-პალეოანთროპოლოგიის განხრით განათლება ევროპაში გვაქვს მიღებული.  ჩვენი ინტელექტუალური კაპიტალი, ჩვენს სპეციფიკურ განათლებასა და გამოცდილებასთან ერთად, შეძენილი საერთაშორისო ურთიერთობებია უცხოელ კოლეგებთან, რომელსაც ათეულობით წლები დასჭირდა და რითაც ზოგადად ფასდება მეცნიერი. ჩვენს სიძლიერეს კი ჩვენი გუნდურობის პრინციპი და დარგის ინტერდისციპლინურობა წარმოადგენს.

უამრავ სხვადასხვა სპეციალისტთან ვთანამშრომლობთ. მეცნიერების კეთებას დრო სჭირდება. ის თავისთავად ეფუძნება უკვე არსებულს და ამავდროულად ახლდება. მეცნიერება ცოცხალი და ცვალებადი პროცესია, ცოდნა კი, რომელსაც ვქმნით, მუდმივად განახლებადი. ანთროპოლოგია თავისი არსით დაგროვებითი მეცნიერებაა. ყოველ ახალ აღმოჩენას შეუძლია სახეობების ვარიაციებთან და მათ გავრცელებასთან დაკავშირებული ქრონოლოგიური, გეოგრაფიული თეორიების თავდაყირა დაყენება. გუნდურობის უპირატესობა კი ისაა, რომ სხვადასხვა მეთოდებისა და ახალი ტექნიკების დახმარებით, ახალი თეორიების შექმნის საფუძველს იძლევა“, — უთხრა ნეტგაზეთს მუზეუმიდან გათავისუფლებულმა მეცნიერმა.  

ჩვენს კითხვაზე, რამდენად შეეძლება კულტურის სამინისტროს მსგავსი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების ჩანაცვლება, ანას არც ჰგონია, რომ ვინმეს მათი ჩანაცვლება აქვს განზრახული. ამ შემთხვევაში, ზოგადად, ინსტიტუცია ჩამოშალეს და მისი მთავარი წევრების გაგდებით, ფაქტობროვად, ფუნქცია მოუშალეს.

„საუბარი ჩანაცვლებაზე არც ყოფილა. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელიც კია, ჩვენი დარგის სპეციფიკურობის გამო. ამასთანავე, მეცნიერების ამ დარგს მე და ჩემმა გუნდის წევრებმა ათეულობით წლები შევალიეთ. ამ პროცესში უზარმაზარი ინტელექტუალური და ფიზიკური ინვესტიცია ჩავდეთ.

ჯაჭვიდან ამოვარდნილი რგოლების ჩასმას, ასევე, ათეულობით წლები დასჭირდება, უკვე დაგროვებული გამოცდილება დაკარგულია და ახალ მოსულ ადამიანს ამ ყველაფრის თავიდან გაკეთება მოუწევს. ხვდებით ალბათ, რაზეა საუბარი და რამხელა წყვეტა მოხდება, მის აღმოფხვრას კი მრავალი წელი დასჭირდება, ეს კი საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის წარმოუდგენლად დიდი ფუფუნებაა“, — ამბობს ანა მგელაძე.

სამსახურიდან გაგდება ანასა და მისი კოლეგებისთვის, უბრალოდ, მხოლოდ სამსახურის დაკარგვა არ არის.

„მე მხოლოდ სამსახურიდან არ გავუგდივართ, მათ პროფესიული საქმიანობა ამიკრძალეს. ჩამომართვეს არქეოლოგიური გათხრების ჩატარების და ასევე, იმ ფონდებსა და ოთახებში შესვლის უფლება, რომელიც ჩვენივე საველე მუშაობის შედეგად დაგროვებული მასალით და შეძენილი ავეჯით იქნა შექმნილი“ ,— ამბობს მეცნიერი.

მისივე თქმით, არქეოლოგიური სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკას, ასევე, სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს აფინანსებდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სხვადასხვა საერთაშორისო გრანტის მეშვეობით.

ბრინჯაოს მღვიმე, ცუცხვათი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია მიზფოტო: ანა მგელაძის ფოტოკოლექცია

სხვა მეცნიერებთან ერთად, პირველი ივნისიდან ანა მგელაძე მუზეუმის თანამშრომელი აღარაა. მას „კომპეტენცია დაუწუნეს“. თუმცა, როგორც თავად ფიქრობს, მუზეუმის ხელმძღვანელობას მათი გაშვება თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

„სამინისტროს დანიშნულ დირექტორატის წევრებს არ აინტერესებთ მათი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი მეცნიერ-თანამშრომლების მიღწევები და შედეგები, არც სხვა თანამშრომლების სამუშაო გამოცდილება. მათ ამ ადამიანების შეფასებისთვის არც შესაბამისი განათლება და არც გამოცდილება აქვთ.

ეროვნული მუზეუმი სამინისტროს პროპაგანდად გადაკეთდა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია თვალი გადაავლოთ მუზეუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ მასალებს, რომელთაც ხშირად არაფერი აქვს საერთო ეროვნული მუზეუმის ტრადიციულ საქმიანობასთან.

მინისტრის მუზეუმში ჩასახლებამდე მუზეუმის ვებ-გვერდის ნახვა ერთი სიამოვნება იყო. ერთმანეთს ენაცვლებოდა საქმის სიყვარულით და პროფესიონალიზმით გამორჩეული ტექსტები არქეოლოგიაზე, ხელოვნებაზე, ისტორიაზე და სხვა, რომელიც “ნეკროლოგის” ტიპის განცხადებებმა ჩაანაცვლა“, — ამბომბს ანა მგელაძე. 

ინტერვიუს მიმდინარეობისას მას სახელფასო ანაზღარებაზეც ვკითხეთ, რაზეც გვიპასუხა, რომ მუზეუმში დასაქმებული არცერთი ადამიანი აქ ფინანსური ინტერესის გამო ვერ იმუშავებდა — „ჩვენი გასამრჯელო სიმბოლურია და ის დიდად არ იცვლება გამოცდილების და სტაჟის მატებასთან ერთად“.

ეროვნული მუზეუმების მეცნიერ-თანამშრომლები თავიანთ კვლევებს დიდწილად კონკურსის გზით მოპოვებული გრანტებით ახორციელებენ, საიდანაც თანხის დიდი ნაწილი ექსპედიციებსა და ლაბორატორიულ ანალიზებზე იხარჯება.

ანა მგელაძისა და მუზეუმის სხვა თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას წინ უსწრებდა შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის კონკურსში გამარჯვებული მუზეუმის 13 პროექტების დაფინანსებაზე უარის თქმა. თანამშრომლები ამბობენ, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორის, ნიკა ახალბედაშვილის ამ ქმედებამ დიდი შეურაცხყოფა და მორალური ზიანი მიაყენა მუზეუმის სახელსა და მთელ გუნდს. ამას მუზეუმის თანამშრომელთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მუზეუმის დირექტორატის ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ თანამშრომლებმა ნიკა ახალბედაშვილს კითხვებზე პასუხის გაცემა სთხოვეს.

„ვკითხეთ, რატომ შეგვიჩერა ევროსაბჭოს მიერ აღიარებული კონკურსის შედეგად მოპოვებული რუსთაველის ფონდის გრანტები, რატომ დააყენეს ეროვნული მუზეუმის და ჩვენი კარიერა და რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ, რატომ არ გვპასუხობენ წერილებზე და სხვა.

სამინისტროს არჩეული აქვს გაუმჭვირვალე და ყოვლად წარმოუდგენელი ურთიერთობის ფორმა თავიანთ თანამშრომლებთან. მათი თამაშის წესები გაუგებარი და მიუღებელია ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთათვის“, — უთხრა ანა მგელაძემ ნეტგაზეთს.

ამ შეხვედრის დეტალები და აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ანა მგელაძის „კომპეტენციის დასადგენ“ გასაუბრებაზე მყოფ კომისიის წევრებს – „ჩემთან გასაუბრება დისციპლინური დასჯის მიზნით მოხდა“. ნიკა ახალბედაშვილმა ანა მგელაძე დებოშისა და სკანდალის მოწყობაში დაადანაშაულა, რაც მისი მუზეუმიდან გაგდების მიზეზი გახდა. აბა, რა გეგონა, დებოშს რომ მიწყობდიო?“. ამ რეპლიკაზე კომენტარი და ზოგადად, ჩვენთან საუბარი ნეტგაზეთმა ნიკა ახალბედაშვილსაც სთხოვა. მისგან პასუხი არ მიგვიღია.

ამჟამად ანა მგელაძემ არ იცის, რა ბედი ელის მის სამომავლო კვლევებსა და პროექტებს, რომლებიც ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე დაგეგმა.

„ჩემი გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდება პროფკავშირების თავმჯდომარედ არჩევას“

ივნისიდან ეროვნულ მუზეუმში აღარ მუშაობს არც ნიკოლოზ წიქარიძე – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და „საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარე.

ის მუზეუმში 2003 წელს მივიდა – როგორც მოხალისე. შემდეგ გახდა ასისტენტი, ბაკალავრიატი დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულებით, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ევროპაში – საფრანგეთში, ესპანიასა და იტალიაში, სადაც დაიცვა მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები.

დოტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, ნიკოლოზ წიქარიძე დაბრუნდა ეროვნულ მუზეუმში და მეცნიერ-თანამშრომლიდან ეტაპობრივად დაწინაურდა მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად. ამ პერიოდში წიქარიძემ სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებზე დაიწყო მუშაობა, კონკრეტულად კი, დასავლეთ საქართველოს მღვიმეებზე.

„ვმუშაობდი დმანისში, პარალელურად რამდენიმე სხვა ექსპედიციაში ვმონაწილეობდი, მაგრამ  უკანასკნელ ხანებში ჩემი  საქმიანობა ძირითად მიმართული იყო ძველი ქვის ხანის შუა პერიოდის და მოგვიანო პერიოდის ძეგლების კვლევისკენ. ეს არის ცუცხვათის მღვიმური კომპლექსი. მე და ჩემმა კოლეგებმა ამ მღვიმური კომპლექსის კვლევისთვის შევადგინეთ პროექტი და გავიმარჯვეთ საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში

Საკაჟას მღვიმის კვლევისთვის Ჩვენ ასევე მოვიპოვეთ საგრანტო დაფინანსება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსში გამარჯვებით, მოკლედ, ამ მიმართულებით ვმუშაობდით და კიდევ ვაფართოებთ პროექტებს. ეს წელი იყო ძალიან პროდუქტიული. მე შარშან უკვე გავხდი მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და, შესაბამისად, სამეცნიერო საბჭოს წევრიც“, – გვიყვება წიქარიძე.

ის იხსენებს, რომ წლევანდელი წელი პროდუქტიულობის თვალსაზრისით განსაკუთრებული იყო – მან და მისმა ჯგუფმა გაიმარჯვა 7 პროექტში, აქედან თავად წიქარიძე 4-ს ხელმძღვანელობს, ერთში კი კოორდინატორია – „ ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში გახსნილი გამოფენა “ ქვის ხანის საქართველოს” პალეოანთროპოლოგიის ნაწილის კონცეფციის  ავტორი მე გახლავართ – მე განვსაზღვრე, რა თანმიმდევრობით უნდა დალაგებულიყო თავის ქალები და ტექსტებიც მე შევადგინე.“

ნიკოლოზ წიქარიძე. ფოტო: პირადი ფეისბუკი

წიქარიძე ჰყვება, რომ ყოველთვის უფრო მეტს აკეთებდა, ვიდრე ევალებოდა, რადგან თავისი სამსახური და სფერო უყვარს, თუმცა მასაც ჰქონდა კრიტიკული შეფასებები ახალი ხელმძღვანელობის მიმართ. მას დღემდე მიაჩნია, რომ არაეფექტურია ის მართვის ფორმა, რომელიც წულუკიანის სამინისტრომ შეარჩია.

ის გვიხსნის, რომ სამეცნიერო დაწესებულების ეფექტური მართვისთვის „მეცნიერებმა უნდა გადაწყვიტონ ამ ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულების ბედი“, რაც ახალი ხელმძღვანელობის შემდეგ შეუძლებელი გახდა. მათ გააუქმეს სამეცნიერო საბჭო და მოიყვანეს გარე კადრები.

აქტივისტებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მინისტრ თეა წულუკიანის ქმედებებს ამ სფეროში უკვე შეარქვეს „ბოლშევიკური წმენდა“. ნიკოლოზ წიქარიძისთვის ეს განსხვავებული ფენომენია.

„საბოლოოდ ჯამში, მივედით იქამდე, რომ ეს არის კულტურის სფეროს მოთვინიერება. მოთვინიერება, პრინციპში, ძალიან რბილი ნათქვამია – მოდრეკა და მოსპობა უფრო შეესაბამება ქმედებათა ამ ჯაჭვს.

ადამიანების ნაწილი ამ მოქმედებებს ამ დრომდე უკავშირებს ბოლშევიკურ მეთოდებს, თუმცა მე ამ პარალელებს არ გავაკეთებდი, აქ საქმე გვაქვს შუა საუკუნეეებისათვის დამახასიათებელ იერარქიასთან. რა თქმა უნდა, ეს დღევანდელობაში ვერ იმუშავებს“, — მიიჩნევს ნიკოლოზ წიქარიძე.

Პროფესიული კავშირების შექმნის აუცილებლობა მაშინ გაჩნდა, როდესაც მუზეუმის ახალმა ხელმძღვანელობამ ხელოვნების მუზეუმიდან გაათავისუფლა თანამშრომლები, შეზღუდა კვლევითი საქმიანობა და  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები.

Გასაუბრების დროს წიქარიძეს კომისიის წევრებმა მიანიშნეს, რომ გეგმავდნენ, სამეცნიერო ინსტიტუტები ჩამოეშორებინათ მუზეუმისთვის, რასთან დაკავშირებითაც მან საკუთარი უარყოფითი პოზიცია გამოხატა.

„მათ სცადეს ჩემი პოზიციის გარკვევა იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ინსტიტუტები გავიდოდნენ ეროვნული მუზეუმების შემადგენლობიდან. რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი, ვინც ასე ფიქრობს, საერთოდ არ არის კომპეტენტური, საერთოდ არ ესმის ,რა არის მუზეუმი და როგორ უნდა იმართებოდეს სამეცნიერო დაწესებულება.

მე ვუთხარი ჩემი აზრი, რომ ეს არის მიუღებელი იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად დღეს ტექნოლოგიურად სრულად განუვითარებელი ვართ სამეცნიერო მიმართულებით. ერთადერთი, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სამეცნიერო საქმიანობა ვაწარმოოთ, არის ფონდები, რომელშიც ჩვენვე შეგვაქვს ექსპონატები და ჩვენვე ვახარიხსხებთ, აღვწერთ და ვიცავთ ამ არტეფაქტებს. მათ მითხრეს, ესე ამბობენ, განათლების სამინისტროს შემადგენლობაში უკეთესი იყო ინსტიტუციების ყოფნაო. ამ შემთხვევაში გულისხმობენ ცარიელ კვლევით ინსტიტუტებს“, — ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში წიქარიძე. 

მისივე თქმით, ამგვარი მიდგომით კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია, თეა წულუკიანი კი კრიტიკის მოსმენის ნაცვლად თანამშრომლებს ათავისუფლებს და პროექტებს აჩერებს. 

„ჩემი გაგდება პირდაპირ უკავშირდება პროფკავშირული საქმიანობის დევნას. ამ ქვეყანაში ეს პრაქტიკა არის – წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა: პროფკავშირული საქმიანობა იდევნება“, — ამბობს მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერი. 

წიქარიძე გვიყვება, რომ გასაუბრება მისი კვალიფიკაციის დადგენას არ ემსახურებოდა, ხოლო თუკი ვინმეს მეცნიერის კვალიფიკაცია აინტერესებს, ამისთვის არსებობს მისი კვლევები და მის მიერ გამოქვეყნებული ნამუშევრები — „მაგალითად, უნდა აღინიშნოს, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა Journal Of Human Evolution-ში, რაც უმაღლესი დონის სამეცნიერო ჟურნალად ითვლება, წელს ორი სტატია გამოვაქვეყნეთ, კიდევ რამდენიმე ახლა მზადდება“.

გათავისუფლებამდე წიქარიძეს ხელფასი 700 ლარი ჰქონდა. ეს მუზეუმისთვის ბევრზე მეტი თანხა იყო, მაგალითად, ასისტენტის ანაზღაურება, წიქარიძის თქმით, 300 ლარამდეა.

1 ივნისიდან, როგორც ნიკა წიქარიძეს ასევე სხვებს, ეს ხელფასიც აღარ ჩაერიცხებათ, თუმცა, რაც მათთვის უფრო მნიშვნელოვანი არის – მათ ასევე შეუჩერდათ არქეოლოგიური გათხრების ნებართვები. რა ელის უკვე დაგეგმილ პროექტებს – უცნობია.

ინტერვიუს ბოლოს ჩვენ ვკითხეთ წიქარიძეს, დაახლოებით რამდენი ადამიანია დღეს საქართველოში მისი კვალიფიკაციის და შეძლებს თუ არა მუზეუმი მას და მისი თანამშრომლების შეცვლას:

„ქვის ხანის სფეროში სულ 10-15 ადამიანი თუ მუშაობს. მათ გარდა არავინ არის საქართველოში, ვინც შეძლებს ჩვენ ჩანაცვლებას. გამორიცხულია.

თუმცა, ამასთანავე, ადამიანი, რომელიც ჩაგვანაცვლებს, გათვითცნობიერებული უნდა იყოს საფონდო სამუშაოებშიც. ბევრს ჰგონია, რომ ეს არის უბრალოდ რაღაცების დათვლა. მაგრამ თუ ადამიანი არქეოლოგიაში ვერ ერკვევა, ის ვერანაირ ფონდებს ვერ დაალაგებს, რადგან, მაგალითად, იქ არის ტიპოლოგიური, ქრონოლოგიური თუ სხვა განსხვავებები. აუცილებელია სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც ამ ყველაფრის დახარისხებაში დაგეხმარება. შენ თუ არ იცი, ვერ ერკვევი ამ საკითხებში, ვერ იმუშავებ.

შესაბამისად, ამ 15 ადამიანიდან 3-4 თუ მუშაობს მუზეუმს გარეთ, დანარჩენი აქ ვართ და, შესაბამისად, ის, ვისაც ახლა მიჰყავდა სამეცნიერო პროექტები, ვინც ხელმძღვანელობდა, ვისაც შეეძლო ახალ თაობას დახმარებოდა (50-მდე სტუდენტი მონაწილეობდა ჩვენს გათხრებში) – ახლა ეს ადამიანები გაგვათავისუფლეს, ფონდი უმეთვალყურეოდ დატოვეს, დანარჩენები სხვადასხვა დეპარტამენტებში გადაანაწილეს…“, — გვიყვება ის.

ამჟამად პროფკავშირში 120-ზე მეტი წევრია, თუმცა, როგორც ნიკოლოზ წიქარიძე ამბობს, მათი რიცხვი მალე 300-მდე გაიზრდება, რადგან ოქმები უკვე შემოტანილია. ამასთანავე, მისივე ინფორმაციით, მუზეუმიდან მალე კიდევ გაათავისუფლებენ თანამშრომლებს.

ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ამ თემაზე განცხადებას, სავარაუდოდ, გააკეთებს თავად ეროვნული მუზეუმი. რაც შეეხება ნიკოლოზ ახალბედაშვილს – ეროვნული მუზეუმის დირექტორს, მან, როგორც წინა შემთხვევებში, ჩვენს შეტყობინებას არ უპასუხა.

კოლექტიური დავა

გათავისუფლების ტალღის შემდეგ, მუზეუმის მუშაკთა პროფკავშირი სამინისტროს წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებს. მათ ძირითად მოთხოვნებს შორის არის:

  1. ხელფასების 100%-ით გაზრდა;
  2. გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა;
  3. არქეოლოგიური ნებართვების გაცემა.

მესამე მოთხოვნა აქციის მონაწილეთათვის მნიშვნელოვანია, რადგან მუზეუმიდან გათავისუფლებულებს ავტომატურად უწყდებათ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების ნებართვა. შესაბამისად, მუზეუმიდან გათავისუფლებული არაერთი პროფესიონალი არქეოლოგი, ფაქტობრივად, აკრძალული პროფესიის ამარა რჩება.

„ჩვენ ვიწყებთ სასამართლო დავას, ასევე ვიწყებთ კოლექტიურ დავას – ეს უკანასკნელი გულისხმობს მოლაპარაკებებს. თუ ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევა, ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება გავიფიცოთ და გავიფიცებით კიდევაც,“.


ნეტგაზეთმა გათავისუფლებული თანამშრომლების ისტორიები პირველად ჯერ კიდევ თებერვალში მოჰყვა. ჩვენ მაშინ ვესაუბრეთ კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის ყოფილ უფროსს გიორგი გაგოშიძეს, ხელოვნების მუზეუმის გრაფიკისა და ფერწერის ფონდის ყოფილ კურატორს ნინო ხუნდაძესა და ხელოვნების მუზეუმის ყოფილ ხელმძღვანელს – ეკა კიკნაძეს.

მათი ინტერვიუები ნახეთ აქ:

კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებზე ასევე ნახეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი