საზოგადოება

წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

7 თებერვალი, 2022 • 3536
წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებიდან უკვე ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს — კურატორები, მკვლევრები, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირები. მათი რაოდენობა ამ დროისთვის 70-ს აღწევს.

ამ პროცესს აქტივისტებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა უკვე შეარქვეს „ბოლშევიკური წმენდა“.

გათავისუფლებულთა შორის არიან ისეთი პროფესიის ადამიანები, რომელთა ჩანაცვლება მარტივი საქმე არ შეიძლება იყოს, თუ არა შეუძლებელი — ამაზე მეტყველებს გათავისუფლებულთა სამეცნიერო პრაქტიკა, ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება როგორც მეცნიერების მიმართულებით, ისე უშაულოდ სამუზეუმო სივრცეში.

ნეტგაზეთი ათეულობით გათავისუფლებულიდან სამს ესაუბრა. სამივე მათგანმა ხელი მოაწერა ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად შექმნილ პეტიციას, სამივე აკრიტიკებდა წულუკიანის სამინისტროს ახალ, გაუმჭვირვალე პოლიტიკას. დღეს სამივე უსამსახუროდ არის დარჩენილი. ნეტგაზეთს მათ უამბეს, თუ რა გამოცდილება აქვთ, როგორ მუშაობდნენ ხელოვნების მუზეუმში, და რატომ მიიჩნევენ, რომ მათი საქმე წულუკიანის „ბოლშევიკურ წმენდას“ შეეწირა.

„როგორც ჩანს, არ მოვეწონე“

„მე ვიყავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი. ამ უწყებაში 2010 წლიდან ვმუშაობდი, მანამდე კი ხელოვნების მუზეუმში ვსაქმიანობდი“, — ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში გიორგი გაგოშიძე.

წლების განმავლობაში მას ებარა კულტურული ძეგლების კვლევის საკითხები, ჰყავდა პროფესიონალთა ჯგუფიც, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ ძეგლს ავლენდა, ათარიღებდა და ზოგადად, სწავლობდა. ამისთვის ხშირი იყო ექსპედიციებიც როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ.

გიორგი გაგოშიძე ღალიის ეკლესიის ფრესკის ფრაგმენტთან. ფოტო: პირადი ფეისბუკი

„ჩემს სამსახურს ხშირად ევალებოდა დოკუმენტაციის მომზადება, რათა ამა თუ იმ ობიექტს მინიჭებოდა ძეგლის სტატუსი. მე თვითონ ვმონაწილეობდი, ვიყავი ადრე შუა საუკუნეების, წინარექრისტიანობისა და შუა საუკუნეების სექციის თავმდჯომარე, სადაც განიხილებოდა სარესტავრაციო პროექტები. იქ ჩემ გარდა სხვა პროფესიონალებიც მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ — რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტურის ისტორიკოსები, რომლებიც აფასებდნენ ამ პროექტებს.

ასევე ვმონაწილეობდი სტრატეგიული საკითხების სექციაში, სადაც ძეგლს სტატუსს ანიჭებენ“, — დასძენს ის.

სააგენტოში მუშაობის პარალელურად, გიორგი გაგოშიძე 80 სამეცნიერო სტატიის ავტორია, ასევე წერს მონოგრაფიებს და ეწევა აქტიურ კვლევით საქმიანობას. როგორც ის ნეტგაზეთს ეუბნება, მის ინტერესებში ასევე შედის შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა:

 „ასევე, მე ვარ აღმოსავლეთ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების სპეციალისტი, სომხური ხუროთმოძღვრების, სირიული, პალესტინაში არსებული არქიტექტურული ძეგლების … ქართულ ხუროთმოძღვრებასთან შედარებისას ძალიან საინტერესო დასკვნები გამოდის ხოლმე. ასევე ვარ ეპიგრაფიკოსი — ძველ ქართულ წარწერებს ვსწავლობ და მოკლედ, ასეთი საინტერესო სამეცნიერო ცხოვრება მაქვს. თუმცა, არ მოვეწონე… როგორ ჩანს“.

სანამ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, ჯერ კიდევ პანდემიამდე, გიორგი გაგოშიძე და მისი გუნდი ისრაელში, ბირ-ელ-კუტის მონასტერში არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას გეგმავდნენ.

როგორც გაგოშიძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში განმარტავს, ეს ქართული მონასტერია, რომელზეც მე-5 საუკუნის მოზაიკური წარწერებია აღმოჩენილი, „მასში მოხსენებული არის პეტრე იბერი და მისი ნათესაობა“. ბირ-ელ-კუტი პირველად მე-20 საუკუნის 50-იან წლებში იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ შეისწავლა, თუმცა შესწავლა ბოლომდე არ დასრულებულა — „იქაური ებრაელ კოლეგებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გაგრძელებულიყო ამის არქეოლოგიური შესწავლა“.

„ასევე, იორდანიაშიც არის ერთი ადგილი, რომელიც მიეკუთვნება ქართველებს. იქ უნდა ყოფილიყო ქართული მონასტერი და ვაპირებდით ამ ობიექტის შესწავლასაც. ეს მონასტერი სრულიად შეუსწავლელი იყო და ამ მონასტრის მიკვლევა გარკვეულწილად ჩემს სახელთანაა დაკავშირებული. ჩემს კოლეგებთან ერთად აღმოვაჩინე ეს მონასტერი. ეს არის შიჰანის მონასტერი იორდანიაში. გათხრებსაც ვაპირებდით, ახლა კი არ ვიცი, რა მოხდება“, — ამბობს გიორგი გაგოშიძე.

გიორგი გაგოშიძე ასევე მონაწილეობდა კვირპროსში მდებარე ღალიის მონასტრის არქეოლოგიურ შესწავლაშიც. ღალიის მონასტერი მე-10 საუკუნისაა და მე-16 საუკუნემდე იარსება. მისი შესწავლის პროცესი 2006 წელს დაიწყო, 8 წლის შემდეგ კი მისი კონსერვაცია დასრულდა — როგორც გაგოშიძე გვიყვება, სრულიად ქართული მხარის ძალებით.

ამჟამად ღალიის მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია.

ღალიის მონასტერი კვიპროსში. ფოტო გადაღებულია 2014 წელს.

გათავისუფლების შესაძლო მიზეზებზე საუბრისას გიორგი გაგოშიძე ამბობს, რომ ხელოვნების მუზეუმის გადარჩენისთვის შექმნილ პეტიციას ხელი ნამდვილად მოაწერა.

„ვიყავი კიდევაც იმ მიტინგზე. ხელი ნამდვილად მოვაწერე, რადგან ხელოვნების მუზეუმში აღვიზარდე. საერთოდ, 1981 წლიდან ხელოვნების მუზეუმში ვმუშაობდი, მაშ შემდეგ, რაც 1980 წელს უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის განხრით დავამთავრე. მუზეუმის დირექტორი მაშინ თამარ სანიკიძე იყო და მას შემდეგ, 2010 წლამდე, მანდ ვმუშაობდი. 2010-ში წამოვედი და ხელოვნების მუზეუმში მხოლოდ კონსულტანტად დავრჩი.

დიახ, პეტიციას მოვაწერე ხელი. ყველა ვარიანტში, ახლაც რომ იყოს, ახლაც მოვაწერ“, — აცხადებს გაგოშიძე, რომელიც წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გაათავისუფლა.

როგორც მისი, ასევე სხვა თანამშრომლების გათავისუფლებამდე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დასაქმებულებმა შეიტყვეს, რომ უწყებაში რეორგანიზაციის მიზნით უნდა ჩატარებულიყო გასაუბრება და ტესტირება.

„უნარების“ ტესტირება წარმოგიდგენიათ?! დოქტორს არ უნდა ჩაუტაროს ტესტირება, რადგან მე ვარ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და ჩემთან ერთად არიან და იყვნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ძეგლთა დაცვის სამინისტროში და იმას ე.წ. უნარების ტესტირება არ უნდა ჩაუტარდეს, რადგან მისი ტესტირება მისი გამოქვეყნებული ნაშრომებია“ ,— აღნიშნავს ამ თემაზე საუბრისას გიორგი გაგოშიძე.

ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს. მისი აღქმით, „ეს იყო ერთგვარი საბაბი“.

„როგორც ჩანს, ეს ხელმოწერა პეტიციაზე… ანტისაოკუპაციო მიტინგებზეც ფოტოებს ვიღებდი და ეტყობა, სადღაც ამოიღეს ეს ჩემი ფოტო. ჩემს სხვა ნაცნობებთან ერთად ვიყავი, რომლებიც ასევე გაუშვეს სამსახურებიდან — მუზეუმის თანამშრომლებს ვგულისხმობ. ალბათ, ამანაც იმოქმედა, როგორც ჩანს, ესეც საბაბი იყო“, — ბოლოდროინდელ მოვლენებს იხსენებს გაგოშიძე.

„მე ვარ ადამიანი, რომელმაც პასუხისმგებლობა ავიღე, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა დამეცვა“

ნინო ხუნდაძემ გათავისუფლებამდე ხელოვნების მუზეუმში 15 წელი იმუშავა, ბოლოს გრაფიკისა და ფერწერის ფონდის კურატორი იყო.

კურატორი იგივე ფონდის მცველია. გარდა ამისა, ის მეცნიერულად სწავლობს ფონდს, აწყობს გამოფენებს, აქვეყნებს კვლევებს, მონაწილეობს კონფერენციებსა და მრავალ სხვა პროცესში. ეს მუზეუმის სისტემის შიგნით ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა.

ხუნდაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში იხსენებს, რომ 2007 წელს, მაშინ, როდესაც მუზეუმში მუშაობა დაიწყო, ადგილზე რთული ვითარება დახვდა. სწორედ ამ დროს აქტიურად მიმდინარეობდა მუზეუმში არსებული კოლექციების სიღრმისეული შესწავლა. პრობლემა იყო მუზეუმში სივრცეების სივიწროვე, რომელიც რთულად იტევდა დიდი რაოდენობით ექსპონატს.

ფერწერის ფონდში ექსპონატების მოწესრიგებისა და ერთიან სისტემაში მოყვანის პროცესი 2006 წელს დაიწყო და 2008 წელს დასრულდა. იგივე პროცესი მიმდინარეობდა გრაფიკის ფონდში, სადაც 2011 წლისთვის ექსპონატების რაოდენობა 10 ათასს აღწევდა.

ნინო ხუნდაძე იხსენებს, რომ სამუშაო საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან, სხვა მრავალ საქმესთან ერთად, უნდა შეცვლილიყო ნახატების დაზიანებული ჩარჩოები, უნდა მომხდარიყო მათი სისტემატიზება ავტორების გვარების მიხედვით და შემდგომ განეთავსებინათ სტელაჟებზე.

„ძალიან დიდ რაოდენობაზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, თითქმის 15 ათასზე მეტი ექსპონატია ფერწერისა და გრაფიკის ფონდში. ვაჯგუფებდით მხატვრებს, ვაკეთებდით ცალკე „ფოლდერებს“ [საქაღალდეებს], ასევე მოხდა ფოტოფიქსირება. გვქონდა ცალ-ცალკე „ფოლდერებში“ განთავსებული ცალკეული მხატვრების შემოქმედება, რომელიც დაცულია მუზეუმში და მრავალი სხვა…ვისაც ეს სამუშაო პროცესი არ ესმის, ვისაც მუზეუმში არ უმუშავია, მას ძალიან გაუჭირდება იმის გაგება, თუ რამდენად რთული სამუშაო ჩატარდა“, — დასძენს ხუნდაძე.

ნინო ხუნდაძე. ფოტო: პირადი ფეისბუკი

როგორც ხუნდაძე იხსენებს, მუზეუმის საინფორმაციო ბაზების მსგავს მოწესრიგებამდე აქ ორიენტირება ძალიან რთული იყო. მაგალითად, თუ ვინმე მეცნიერს რომელიმე მხატვრის შესწავლა ან შერჩევა უნდოდა, არ არსებობდა ფოტომასალა, რომლითაც ის იხელმძღვანელებდა. სისტემატიზების შემდეგ კი ეს ყველაფერი 15-20 წუთში გვარდებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ნინო ხუნდაძის საქმიანობას, ამ 15 წლის განმავლობაში ის მუშაობდა როგორც ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდებში, ასევე დასავლეთ ევროპის ფონდში, „და ყველგან… როგორც იტყვიან, იქ მივდიოდი, სადაც საჭირო ვიქნებოდი“.

2013 წელს თავად გახდა ქართული გრაფიკის ფონდის კურატორი, 2015 წლიდან კი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორი.

„ჩემს საკურატოროში ამ პერიოდიდან გრაფიკისა და ფერწერის ფონდი უკვე ოფიციალურად შემოდიოდა, მაგრამ, ამას გარდა, ჩემი საკურატორო რეალურად მოიცავდა დასავლეთ ევროპას, რუსულ ხელოვნებას, ფოტოფონდს და გალერეის სხვა ფონდებსაც , რომელსაც საორგანიზაციო საქმეში ვუწევდი დახმარებას და რეალურად, საქმიანობის განაწილება ამ ფონდებთან მიმართებითაც მევალებოდა.

ეს ყველაფერი ძალიან დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული. უშუალოდ ჩემი კურატორობით 2008 წლის შემდგომ გაიმართა 9 გამოფენა, ასევე გუნდური გამოფენები გვქონდა, რომელთა ჩამოთვლა რაოდენობის გამო ჩემთვის რთულია. ეს გამოფენები იყო როგორც ადგილობრივ მუზეუმებში საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთთ — მილანში, ალბერტინას [ვენა] მუზეუმში და ა.შ. მოკლედ, ძალიან მრავალმხრივი იყო ჩვენი საქმიანობა და ძალიან ბევრ სამუშაოს აერთიანებდა“.

გარდა სამუზეუმო, საგამოფენო სამუშაოებისა, ნინო ხუნდაძესა და მის გუნდს ასევე ევალებოდა მეცნიერებისა თუ მედიის წარმომადგენელთა მომსახურება. იქნებოდა ეს ინფორმაციის მოგროვება და გაცემა, მათთან ერთად კვლევითი სამუშაოების ჩატარება თუ სხვა. ასევე, რესტავრატორთა დახმარება.

ჩვენ ვკითხეთ ნინო ხუნდაძეს, რა კვალიფიკაციას უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, მისი პოზიცია რომ დაიკავოს:

„ძალიან მიჭირს ჩემი კვალიფიკაციის შეფასება. ვფიქრობ, ცოტათი უხერხულია, მაგრამ პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფიზიკურად უნდა შეგეძლოს მუშაობა იმ პირობებში, რა პირობებიც დღეს მუზეუმში გახლავთ. ეს არის სიცივე, სიცხე, უჰაერობა, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა, სურათის გადმოღება და ა.შ. რეალურად, ამისთვის საჭიროა ბევრნაირი ადამიანი, რომელიც დღეს მუზეუმს, ფაქტობრივად, არ ჰყავს.

ასევე, რასაკვირველია, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს ხელოვნებას. შეიძლება, მისი პირდაპირი სპეციალობა არ იყოს ხელოვნებათმცოდნეობა, მაგრამ ის ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს ამ სფეროში. ასევე, ჩემი აზრით, იმისთვის, რომ საქმიანობა სრულყოფილად და მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარდეს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ეს ადამიანი მეცნიერი და მკვლევარი იქნება. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა უყვარდეს ძალიან. ის ადამიანებიც უნდა უყვარდეს, ვისთანაც მას თანამშრომლობა მოუწევს“.

ხუნდაძე მუზეუმიდან გათავისუფლებას უკავშირებს კულტურის სამინისტროს პოლიტიკასთან მის წინააღმდეგობასს და ამ პოლიტიკის კრიტიკას.

„ცოტა პათეტიკურად გამომივა, ალბათ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: მე ვარ ადამიანი, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა დაეცვა.

რაც მსოფლიო საზოგადოებაში საქართველოს ინტეგრაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, ეს არის ქართული კულტურული მემკვიდრეობა. თუ მას რამენაირად საფრთხე შეექმნება, მე ყოველთვის ვიქნები ყველა იმ ადამიანის ოპონენტი, ვინც ამას საფრთხეს შეუქმნის“, — ასე ხსნის წულუკიანის პოლიტიკის მიმართ თავის წინააღმდეგობას ნინო ხუნდაძე.

ამასთანავე, ის დეტალურად იხსენებს, თუ რატომ, რა მიზეზით არ ეთანხმებოდა იმ კულტურის მინისტრის პოლიტიკას, რომელსაც მანამდე ამ სისტემასთან შეხება არ ჰქონია.

ერთ-ერთი მიზეზი უკავშირდება ბრალდებებს, „ვითომ, ჩვენ არაფერი გვიკეთებია და რაც გავაკეთეთ, არაფერს ნიშნავს და პირიქით, ყველაფერი დავაქციეთ“. თუმცა, ამის მიუხედავად, საერთო საქმის წარმატებისთვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, როგორც ხუნდაძე ამბობს, მზად იყო ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის.

თუმცა ბრალდებები, რომლებიც მუზეუმში უსამართლოდ მიაჩნდათ, არ შეწყვეტილა:

„გაკეთებული საქმე კი, ყველაფერი უარყვეს, არადა, საერთაშორისო ექსპერტები, მათი მოწვეული, მათ შორის, აღიარებენ ამ სიკარგეს. თავად მომისმენია და ვიცი ეს ყველაფერი”, — ამბობს ხუნდაძე.

ის აკრიტიკებდა ხელოვნების მუზეუმის შენობის რესტავრაციის საკითხსაც.

„ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე საუბრისას, შენობის დაცვაზე საუბრისას, არ შეიძლება და სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში სახელმწიფომ ვერ განახორციელოს ფუნდამენტური რეკონსტრუქცია. ასევე გამოვთქვამდი ჩემს სურვილს, რომ აუცილებელი იყო სამუზეუმო ქუჩის კონცეფციის დაცვა და ის, რომ ამ შენობას მუზეუმის კონცეფცია უნდა შენარჩუნებოდა აუცილებლად.

ასევე გამოვთქვი ჩემი უკმაყოფილება იმ სარემონტო სამუშაოების გამო, რომელიც წამოიწყეს 1980-იანი წლებში აშენებული მუზეუმის შენობაში [ხელოვნების მუზეუმის უკანა მხარე]. იმიტომ, რომ ნაწილობრივი სარემონტო სამუშაო იყო. როგორც ჩანს, ეს ჩემი საწინააღმდეგო მოსაზრებები გახდა საბაბი იმისა, რომ მე ჩამოვეშორებინე ამ საქმეს. სხვას ვერაფერს ვაბრალებ“, — უთხრა ნინო ხუნდაძემ ნეტგაზეთს.

ის ასევე ხსნის, თუ რატომ მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც „წმენდის“ ჩასატარებლად წულუკიანისთვის შეიძლება ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი გამხდარიყო.

„იმიტომ, რომ ჩემთვის, ისევე, როგორც ყველასთვის, დაფარული იყო ის ინფორმაცია, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ექსპონატების ევაკუაცია, და კითხვა როცა დაისვა, პასუხი ამაზე ვერ მივიღეთ“.

„მუზეუმი იყო ჩვენი ცხოვრება“

გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არის შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძეც. ის კრიტიკული წერილებისა და შენიშვნების შემდეგ ჯერ ჩამოალაბორანტეს (პირდაპირი მნიშვნელობით), შემდეგ ნახევარი თვის ხელფასი 165 ლარი გადაუხადეს და იანვარში საბოლოოდ დაითხოვეს.

„ეროვნულ მუზეუმში 2008 წლიდან ვმუშაობდი, 2017 წელს დავინიშნე ხელოვნების მუზეუმის მმართველად. ხელოვნების მუზეუმი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში და მე ეროვნული გალერეისა და ხელოვნების მუზეუმის მმართველი ვიყავი. მმართველის ფუნქცია ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ მართვას“, — განმარტავს ნეტგაზეთთან ეკა კიკნაძე.

ეკა კიკნაძის ხელმძღვანელობას მოესწრო სწორედ მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ფინალური ეტაპი. ხელოვნების მუზეუმი, რომლის შენობაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ფაქტობრივად, ინგრევა. კიკნაძის თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 4-შკალიან სისტემაში მას მესამე დონის ავარიულობა დაუდგინა.

„რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა მანამდეც დაწყებული იყო, ეს ბოლო წლები იყო აქტიური, დამასრულებელი ფაზა, როდესაც ჩვენ მოვამზადეთ კოლექციების დროებით განსათავსებლად სივრცეები, მოხდა ამ სივრცეების აღჭურვა თანამედროვე პარამეტრების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა საჯარო გახადა ევაკუაციის გეგმა. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობდით არქიტექტორ ჟან-ფრანსუა მილუსთან, რომელმაც მოამზადა განახლებული მუზეუმის არქიტექტურული კონცეფცია.

და ამის პარალელურად მიმდინარეობდა კოლექციების შეჯერებაზე მუშაობა, ფონდების მდგომარეობის გაუმჯობესება, გაცემული ექსპონატების დაბრუნება და ა.შ. პლუს ამას, აქტიური სამეცნიერო მუშაობა. ბოლო წლებში გამოიცა რამდენიმე პუბლიკაცია ხელოვნების მუზეუმის კოლექციებზე, რაც ძალიან იშვიათი იყო ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების მიერ, და ამავე დროს ხელოვნების მუზეუმში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი სპეციალისტების შემოყვანა მოხდა. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემი ხელმძღვანელობით, ოღონდ, ისევ გავიმეორებ: ჩვენ ეროვნულ მუზეუმში ვიყავით ერთი გუნდი“, — დასძენს კიკნაძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რამდენად საპასუხისმგებლო იყო ეს სამუშაო, კიკნაძე ამბობს, რომ ეს იყო უაღრესად საპასუხისმგებლო შრომა არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, ვინც მუზეუმში მუშაობდა.

„მე ვარ ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. 2008 წლიდან, სანამ მუზეუმის მმართველად დავინიშნებოდი, მაქვს განხორციელებული არაერთი სამუზეუმო პროექტი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო, საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც მთლიანად უკავშირდებოდა სამუზეუმო საქმიანობას.

შემიძლია მაგალითად მოვიყვანო „პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში“, ნიკო ფიროსმანიშვილის საიუბილეო გამოფენა, იაკობ ნიკოლაძის შესახებ პუბლიკაცია, საჯარო ლექციები და გალერეის მუდმივმოქმედი გამოფენის მუდმივი განახლება ფიროსმანიშვილის ექსპოზიციის. ასევე, ჩემი საავტორო პროექტია „ბოტიჩელის სილამაზე, კარავაჯოს სინათლე“ და მრავალი სხვა.

2018-2020 წლებში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, კოლეგებთან (ნინო კალანდაძე, ნინო ტაბუცაძე, მარიამ გველესიანი) ერთად, ჩავატარეთ დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევა. კვლევის ფარგლებში მოხდა მანამდე შეუსწავლელი კოლექციის ათეულობით ექსპონატის სამეცნიერო ატრიბუცია, დათარიღება, ავტორის და საავტორო წრის განსაზღვრა. მათ შორის, ისეთი ნიმუშების, როგორებიცაა ლუკას კრანახი უფროსი, პიტერ პაულ რუბენსის სახელოსნო და სხვა. ეს იყო პირველი ინტეგრირებული კვლევა საქართველოში, რომელიც ევროპული ფერწერის ნიმუშებს ჩაუტარდა. კვლევის შედეგები გამოიცა წიგნი ,,დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები“ (ავტორები:ეკა კიკნაძე, ნინო ტაბუცაძე, მარიამ გველესიანი, ნინო კალანდაძე). რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობის, საგამოფენო პროექტებსა და ადმინისტრაციული საქმიანობის პარალელურად, კოლექციების სამეცნიერო კვლევები იყო მთავარი. ეს არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდის მუშაობის პრინციპი. კიდევ მაქვს პუბლიკაციები „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“, „ჰენრიკ ჰრინევსკი“, „იაკობ ნიკოლაძე,, „ეროვნული გალერეა-100“ და სხვა..,“

ჩემს ადგილზე დაინიშნა ადამიანი, ოღონდ მას დირექტორი ჰქვია – პროფესიით სამართალმცოდნე, რომელიც მანამდე მუზეუმში ნამყოფი იყო, შეიძლება დამთვალიერებლის სტატუსით. ამაშიც არ ვარ დარწმუნებული“

„ეროვნული მუზეუმი — ეს არის გაერთიანება, რომელმაც გარდა გარდა ახალი და განახლებული მუზეუმების ქსელისა, შექმნა სამუზეუმო სტანდარტი ქვეყანაში და რომელიც თავისი არსებობის 16 წლისთავზე წარმოადგენს წამყვან სამეცნიერო-სამუზეუმო ცენტრს, რომლის ანგარიშზეა ამ ქვეყნისთვის მოტანილი უზარმაზარი წარმატება სამუზეუმო-სამეცნიერო სფეროებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

მე ყოველთვის ვიყავი ამ გუნდის ნაწილი და ძალიან მეამაყება ის, რომ წარმოვადგენდი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდს, რომელიც არის დაკომპლექტებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით, რომლებიც საჭიროა მუზეუმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის და რომელიც დღეს ხელოვნების მუზეუმიდან გაათავისუფლეს“, — უთხრა ეკა კიკნაძემ ნეტგაზეთს.

აქცია ხელოვნების მუზეუმის დასაცავად. ფოტო: ეკა კიკნაძის პირადი ფეისბუკ გვერდი

რაც შეეხება ჯერ „ჩამოლაბორანტებას“, შემდეგ კი- გათავისუფლებას, კიკნაძე ამბობს, რომ ეს „თეა წულუკიანის სტილია“. ის იხსენებს, რომ მუზეუმში მოსვლისთანავე ნათელი იყო, რომ მინისტრისთვის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მიუღებელი იყო. ახალი დირექტორის, პროფესიით სამართალმცოდნე ნიკა ახალბედაშვილის შემდეგ კი, ეკა კიკნაძე საერთოდ ჩამოაშორეს მუზეუმის მართვას.

„არაფერში ვმონაწილეობდი. ყველა ბრძანებას ახალი საქმიანობის შესახებ გამოსცემდა ახალი დირექტორი. მაშინ აქტიურად დაიწყო ბაზების შეჯერების პროცესი და ასევე დაიწყო შენობის კვლევის პროცესი. ეს ძალიან საგანგაშო ნიშნებს შეიცავდა. არ მომწონდა ეს პროცესი, რადგან ყველაფერი მიდიოდა არასაჯაროდ, გაუმჭვირვალედ, დამალულად და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მომეთხოვა პასუხები.

15 ივლისს გამოიცა თეა წულუკიანის ბრძანება, რომ 5 აგვისტოდან უნდა დასახელდეს ის ადგილები, სადაც გადავა კოლექციები და აგვისტოს ბოლო-სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო კოლექციების ევაკუაცია. ამ ბრძანების ნახვის შემდეგ ცხადი იყო, რომ მისი შესრულება აბსოლუტურად გამორიცხული იყო, ან მისი შესრულების შემთხვევაში ეს იქნებოდა კატასტროფა ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისთვის. ამიტომ, მე დავწერე მოხსენებითი ბარათი და როდესაც მივმართე თხოვნით დირექტორს, რომ გაეცნო ჩემთვის ევაკუაციის გეგმა, მთელი თავისი კომპონენტებით, ამის შემდეგ მივიღე მალევე ბრძანება, რომ ვარ გადაყვანილი ლაბორანტის პოზიციაზე. თუმცა არანაირი განმარტება არ მიმიღია“, — ამბობს ის.

„ჩამოლაბორანტების“ მსგავსად, ეკა კიკნაძე ყველანაირი განმარტების გარეშე გაათავისუფლეს მუზეუმიდან. როგორც მანამდე აცხადებდა, ამის შესახებ მან უბრალოდ საბანკო შეტყობინებით გაიგო, როდესაც  იმ თვის ხელფასის ნახევარი — 165 ლარი დაერიცხა.

„ზოგადად, ქალბატონი მინისტრი როგორ ექცევა ადამიანებს, ეს საზოგადოებამ, ვფიქრობ, კარგად გაიგო. ერთადერთ, რაც მას აკავშირებდა, არის მათი შეურაცხყოფა და დამცირება, მეტი არაფერი. ის ფიქრობს, რომ ამით მე და ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგებს შეურაცხყოფას გვაყენებს და გვამცირებს, რეალურად კი ის შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს, სახელმწიფო პირის იდეას.

კაცობრიობას აქვს ორი მთავარი ღირებულება: ადამიანი და კულტურული ფასეულობა. ჩვენ გვყავს მინისტრი, რომელსაც ერთი ფასეულობა სძულს, ხოლო მეორე ფასეულობა მისთვის ფასეულობა არ არის და მას „არარენტაბელურად“ აფასებს“.

კულტურის სამინისტროს პოზიცია და სასამართლო დავა

თავად კულტურის სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას არ იძლევა გათავისუფლებებზე. ამბობს, რომ ორივე უწყებაში – როგორც მუზეუმში, ასევე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში – რეორგანიზაცია მოხდა. შემცირდა საშტატო ერთეულებიც – სხვადასხვა ფონდისა თუ სამსახურის გაერთიანების საფუძველზე.

პარალელურად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად აპირებს, რომ სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყოს. ერთ-ერთი ამ ორგანიზაციებიდან „სოციალური სამართლიანობის ცენტრია“, მისი იურისტი – ეკო მამალაძე, ნეტგაზეთს უყვება, რომ ამ ეტაპზე სარჩელების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

„დაზუსტებისთვის გეტყვით, რომ ჯერჯერობით სარჩელების წარდგენა არ მომხდარა სასამართლოში. ამ ეტაპზე ორგანიზაციები ვეცნობით თითოეული მოსარჩელეს ფაქტობრივ გარემოებებს, რათა შესაბამისი სამართლებრივი სტრატეგია განისაზღვროს და შემდგომ უკვე მოხდება სარჩელების წარდგენა.

რიგ გათავისუფლებებთან მიმართებით ცალსახად იკვეთება დისკრიმინაციული მოპყრობა გარკვეული პოზიციების გაჟღერების გამო. შესაბამისად, ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა სასამართლოს წინაშე, ზოგიერთთან მიმართებით კი ცალსახად ეს საკითხი არ გამოიკვეთოს და, შესაბამისად, უკანონოდ გათავისუფლებასა და სამსახურში აღდგენაზე იქნება ძირითადი აქცენტი ამ დასაქმებულებთან მიმართებით“, – განმარტავს იურისტი.

ის დასძენს, რომ ამ დროისთვის 70-მდე გათავისუფლებული თანამშრომლიდან 20-მდე ადამიანი გეგმავს სამართლებრივ დავას, საიდანაც 6 ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი იყო, დანარჩენი კიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსი.

წინასწარი პროგნოზით, სარჩელები სასამართლოს დაახლოებით 1 კვირაში წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი