საზოგადოება

ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლები ისევ გაუშვეს

14 იანვარი, 2022 •
ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლები ისევ გაუშვეს

ხელოვნების მუზეუმიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის, შუა საუკუნეების მიმართულების მთავარი კურატორი ნანა ბურჭულაძე. როგორც ბურჭულაძემ ნეტგაზეთს უთხრა, მუზეუმიდან მასთან ერთად გაუშვეს კურატორი ნინო ჩიხლაძე და ახალი ქართული ხელოვნების ფონდების მცველი ნინო ხუნდაძე.

გათავისუფლებულები მიიჩევენ, რომ კრიტიკული აზრის გამო იდევნებიან და მათი გათავისუფლების რეალური მიზეზიც ეგ იყო. თავად კულტურის სამინისტრო ცვლილებას საშტატო რეორგანიზაციას უკავშირებს.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ნანა ბურჭულაძემ თქვა, რომ სამინისტრომ გათავისუფლების მიზეზად მასაც რეორგანიზაცია დაუსახელა. რაც შეეხება მის ფონდს, ის შეუერთდა ხელოვნების მუზეუმის საგანძურს, რომელსაც, თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორის მოადგილე გია მარსაგიშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც ნანა ბურჭულაძემ ნეტგაზეთს უთხრა, გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას შემდეგ, რაც სამინისტროს სათავეში თეა წულუკიანი ჩაუდგა, დაიწყო ეროვნული მუზეუმის „დაშლის პროცესი“ — ხელოვნების მუზეუმი გამოეყო ეროვნულ მუზეუმს.

ბურჭულაძის თქმით, არ ემხრობოდა მუზეუმის განვითარების ახალ ხედვას. ის საუბრობს მუზეუმის გარდაქმნის პროექზე, რომელსაც სათავში ედგა მუზეუმის მენეჯმენტი თავისი ძველი გუნდით.

„რა თქმა უნდა, მე მხარს ვუჭერდი და მინდოდა, რომ ხელოვნების მუზეუმი ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის საერთაშორისო დონის მუზეუმები. ამისი პროექტიც არსებობდა, რომელიც ჩვენ თვითონ არქიტექტორმა გაგვაცნო და ეს იქნებოდა შესანიშნავი, ქალაქის ცენტრში ძველი შენობა შენარჩუნებული, შიგნით გაახლებული ექსპოზიციებით და ჩვენი არაჩვეულებრივი,  ძვირფასი კოლექცია გამოიფინებოდა ისე, რომ მართლა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მუზეუმი იქნებოდა“, — ამბობს ნანა ბურჭულაძე.

მისივე თქმით, განვითარების ეს ხაზი „ხელის ერთი მოქნევით შეწყდა“. ის იხსენებს მინისტრ თეა წულუკიანის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, „მუზეუმში ყველაფერი განადგურებულია“.

„ამბობდნენ, რომ თანამშრომლები უსაქმურები და მუქთახორები არიან. ეს სიტყვები ისმოდა როგორც ქუჩიდან, ისე — უმაღლესი ტრიბუნიდან. შემდეგ უკვე დაიწყეს მოქმედება.

წლის ბოლოს შეჯერდა ფონდების უდიდესი ნაწილი. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ არის გამოშიგნული. თუ რამე აკლია მუზეუმს, ეს ექსპონატი არ არის, ეს არ არის იმ პერიოდიდან, როდესაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი შეიქმნა. რაღაც დანაკლისები მსოფლიოს ყველა მუზეუმში იყო და სხვანაირად გამორიცხულია. ყველაფერს თავისი დასაბუთება და ახსნა-განმარტება აქვს.

თუ სადმე რაიმეა გატანილი, საგამოფენო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, დროებითია და უკან მობრუნდება. ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით და ერთი გამოსვლით შეფასდა უარყოფითად. დაიწყო, ასე ვთქვათ, „გამოსწორება“ , „გადარჩენა“, „გაახლება“, „ხალხისთვის დაბრუნება“ და ასეთი საბჭოური ფრაზებით მეტყველება. როგორც გითხარით, კოლექციები ადგილზეა და ახლა მოგვწვდნენ თანამშრომლებს“, — ამბობს ნანა ბურჭულაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

ის დასძენს, რომ თანამშრომლები, ვინც მხარს არ უჭერდა ახალი მინისტრის კურსს, ან გაათავისუფლეს, ან ჩამოაქვეითეს.

„რეორგანიზაცია ხდება ხოლმე, მაგრამ კადრების, თან დამსახურებული თანამშრომლების ხარჯზე — არა. არ მომერიდება ამის თქმა, რადგან თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც მუზეუმში ვმუშაობ“, — ამბობს ნანა ბურჭულაძე.

მისივე თქმით, სამივე გათავიუსლფებული იყო ხელმომწერი პეტიციის, რომელსაც „ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად“ ერქვა და ითხოვდა მუზეუმში მიმდინარე პროცესების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, მაღალკვალიფიციურ, კვლევაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და პარლამენტის მხრიდან პროცესის მაქსიმალურ კონტროლს.

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, რეორგანიზაციის შესახებ განცხადება მათ ფეისბუკზე გამოაქვეყნეს. განცხადებაში საუბარია, რომ 175 საშტატო პოზიცია 146-მდე შემცირდა.

„ახალი საშტატო განრიგის მიხედვით, ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ბატონი გია მარსაგიშვილი, იმავდროულად, გახდა ოქროს ფონდის კურატორი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საგანძურის სტატუსს და მის წინაშე მდგარი გამოწვევების მნიშვნელობას. ამასთან, გაერთიანდა მუზეუმის ის ფონდები, რომელთა კოლექციებიც შინაარსობრივად მსგავსი და ერთმანეთის მომიჯნავეა.

რეორგანიზაციის შედეგად, მუზეუმთა ჯგუფში 175-დან 146-მდე შემცირდა საშტატო პოზიციები, რის შედეგადაც მოხერხდა დასაქმებულ პირთა დიდი ნაწილისთვის ხელფასების ზრდა. ეს პროცესი არ შეხებიათ მუზეუმის დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს (რომელიც ოქროს ფონდს არ კურირებს)“, — წერს უწყება.


შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნური მუზეუმი ინგრევა. გარდა უშუალოდ შენობის ისტორიული ღირებულებისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ საქართველოს ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები ინახებოდა, მათ შორის, ანჩის ხატი.

შენობა რომ ავარიულია, ამაში კულტურის სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს

მიმდინარე წლის ზაფხულში ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა ეკა კიკნაძემ განაცხადა, რომ მას პოზიცია შეუცვალეს და „ჩამოალაბორანტეს“. მალევე, თანამდებობა დატოვა მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ დავით ნიორაძემ.

რამდენიმე კვირის წინ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ის ადამიანები, ვინც ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციის აკრიტიკებენ, ადამიანებს „ფეიკის“ სამყაროში აცხოვრებენ. ამის შესახებ მან 3 დეკემბერს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას ისაუბრა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის შემუშავება, რომ კონსტრუქტორების მიერ შენობის გადარჩენა შეძლონ.

„ფეიკის“ სამყაროში გვაცხოვრებენ და ყვირიან, მუზეუმს ანგრევენო – წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი